ზუგდიდში 9 წლის წინ გაუქმებული პოლიტექნიკური კოლეჯის აღდგენას ითხოვენ. ამ მიზნით შექმნილია საინიციატივო ჯგუფიც. საკითხი განსაკუთრებით აქტიური გახდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში ყოფნისას პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დააანონსა.
იზოლდა ხასია, ხელმძღვანელი საინიციატივო ჯგუფისა „ზუგდიდის პოლიტექნიკური კოლეჯის რეაბილიტაციისთვის“ და კოლეჯის ყოფილი თანამშრომელი, ამბობს, რომ ისინი უკვე დიდი ხანია მიმართავენ ყველა კომპეტენტურ ორგანოს სასწავლებლის აღდგენა-დაფუძნების მოთხოვნით. წელსაც, პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, მათ არ დააყოვნეს და მიმართეს მას:
„ჩვენ გავაგზავნეთ მიმართვა პრემიერ-მინისტრთან, შესაბამის უწყებებთანაც გავაგზავნეთ მიმართვა, რომ ზუგდიდში პროფესიული სასწავლებელი ასაშენებელი არ არის. ზუგდიდში იყო პროფესიული სასწავლებელი, შენობა დღესაც დგას და სასწავლებელს სჭირდება მხოლოდ რეაბილიტაცია“.
თუ როგორი იქნება კონფიგურაცია, რა ფორმით იქნება შესაძლებელი მისი ჩამოყალიბება, სად იქნება, როგორი იქნება მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ამ ყველაფერზე მსჯელობა და მუშაობაა საჭირო. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში ყოფნისას ხაზი გაუსვა პროფესიული სასწავლებლის არსებობის აუცილებლობას.მერაბ ქვარაია
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის თქმით, ისინი, კოლეჯის ამოქმედების შემთხვევაში, გრანტების მოძიებაზე იზრუნებენ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ითანამშრომლებენ. იზოლდა ხასიას სიტყვებით, ამ იდეის განხორციელება დასაქმების პრობლემას შეამცირებს, შეაჩერებს მიგრაციის პროცესს და ახალგაზრდებს სოფლებში დარჩენის მოტივაციას გაუჩენს.
თავის მხრივ, მოთხოვნას გამოეხმაურა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია. მისი განმარტებით, ყველა კვლევა და ანალიზი ცხადყოფს, რომ მსგავსი, თანამედროვე სტანდარტების პროფესიული სასწავლებლის ამოქმედებასა და კვალიფიციურ სპეციალისტებზე მოთხოვნა ნამდვილად არსებობს.
„თუ როგორი იქნება კონფიგურაცია, რა ფორმით იქნება შესაძლებელი მისი ჩამოყალიბება, სად იქნება, როგორი იქნება მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ამ ყველაფერზე მსჯელობა და მუშაობაა საჭირო. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში ყოფნისას ხაზი გაუსვა პროფესიული სასწავლებლის არსებობის აუცილებლობას. სწორედ ამ პროცესში ჩვენ ვიღებთ ჩვენს თავზე, ვიყოთ აქტიურები, შევისწავლოთ საკითხი“, - აღნიშნა პარლამენტარმა.
მისივე თქმით, მსჯელობის საგანია უნდა აღდგეს კოლეჯი იქ, სადაც ადრე იყო, თუ თანამედროვე ტიპის შენობისთვის ბევრად ხელსაყრელი სხვა ტერიტორია იქნება.
ზუგდიდში პროფესიული სასწავლებელი 2009 წელს გაუქმდა, მოგვიანებით კი კოლეჯის შენობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები შესახლდნენ. მათი ნაწილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ახალი ბინით დააკმაყოფილა, ნაწილი კი ამ დრომდე ელოდება ალტერნატიულ საცხოვრებელს.