Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად გამსახურდიას საქმე - ბოლო შანსი სიმართლის დასადგენად


ზვიად გამსახურდია დაცვის წევრებთან ერთად "ბუნკერში". თბილის, 1991 წლის 28 დეკემბერი
ზვიად გამსახურდია დაცვის წევრებთან ერთად "ბუნკერში". თბილის, 1991 წლის 28 დეკემბერი

ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები, მეექვსე დღეა, პროკურატურის წინ შიმშილობენ. მათი მოთხოვნა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიება და ორგანული კანონის ისე შეცვლაა, რომ შედეგად შესაძლებელი გახდეს ხანდაზმულობის ვადა პოლიტიკური ნიშნით მოკლული პირების საქმეებზე არ გავრცელდეს. თვის ბოლოს გამსახურდიას სიკვდილიდან 25 წელი სრულდება, რაც იმის საფუძველია, რომ საქმის გამოძიება ხანდაზმულობის გამო შეწყდეს.

1994 წელი საქართველოს ისტორიაში ზვიად გამსახურდიას სიკვდილით დაიწყო. ვინ გაისროლა ტყვია სოფელ ხიბულაში, რომელსაც პირველი პრეზიდენტის გარდაცვალება მოჰყვა, დღემდე დადგენილი არ არის. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა, უკვე სააკაშვილის პერიოდში კი - მკვლელობის.

პრეზიდენტის შვილები ამბობენ, რომ გამოძიება არსებითად წინ არ წასულა, ამჯერად კი შესაძლოა შეწყდეს კიდეც, რადგან უკვე 25 წელი სრულდება იმ დღიდან, როცა დაცვის წევრებმა გამსახურდიას ცხედარი „ლეჟანკით“ და ორი ლეიბით ტრაქტორის ძარაზე დაასვენეს, ღურწკაიების სახლიდან ზარანდიების სახლში გადაიტანეს და სახლის პატრონს გამოუცხადეს, თქვენს თავლაში პრეზიდენტი დავკრძალეთ და არსად არაფერი თქვათო.

ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები, მეექვსე დღეა, პროკურატურის წინ შიმშილობენ.
ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები, მეექვსე დღეა, პროკურატურის წინ შიმშილობენ.

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საქმე - საეჭვო დეტალები

„ძალიან ბევრი სამხილია. არიან „კაგებეს“ ოფიცრები, რომლებიც მონაწილეობდნენ ზვიად გამსახურდიას დევნასა და ლიკვიდაციაში. ეს ადამიანები არ იკითხებოდნენ ან იკითხებოდნენ ზერელედ. მაგალითად, ერთ-ერთი მთავარი ფიგურა (საბჭოთა „კაგებეს“ ოფიცერზეა საუბარი), რომელზეც კოკო გამსახურდიამ 7 წლის წინ მიაწოდა ინფორმაცია გამოძიებას, დაიკითხა მხოლოდ ახლა და ისიც არაკომპეტენტური და ბრიყვული მანერით“, - ამბობს ცოტნე გამსახურდია.

2013 წელს „არტანუჯმა“ გამოსცა წიგნი „პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საქმე“, სადაც თავმოყრილია როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე სხვადასხვა დოკუმენტაცია. მოგროვილი მასალიდან ჩანს, რომ მთავარ კითხვებზე მკაფიო პასუხები არ არსებობს. მაგალითად, მოწმეები ვერ თანხმდებიან, რა ეცვა პრეზიდენტს გარდაცვალების მომენტში, არ იძებნება ნივთმტკიცებები, ეჭვებია ტყვიის ტრაექტორიასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ.

ამონარიდი უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის, გამოკითხვიდან, 2010 წელი, წიგნი: „პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საქმე“:

იგორ გიორგაძე
იგორ გიორგაძე

„მე ვადასტურებ, რომ ჟურნალ „ზავტრასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვთქვი: სახელმწიფო მეთაურს მოვახსენე, ზვიად გამსახურდია ალყაში მყავს-მეთქი. მან თქვა: ზვიად გამსახურდია მე ცოცხალი არ მჭირდებაო. რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ვთქვი, რომ ზვიადი მოკლეს, მის მკვლელობაში თანხა იყო გადახდილი და, რაც მთავარია, შემსრულებლები, რომლებმაც ამის შესახებ იციან, მზად არიან ჩვენება მისცენ გამოძიებას… ავთო იოსელიანმა, მახსოვს, გააკეთა განცხადება, ჩვენ ვაკონტროლებთ მის გარემოცვას და გარემოცვის გარემოცვასო… ვინ გაისროლა, ეს უკვე დეტალია, მაგრამ პირველი გარემოცვის გარეშე ის ამას ვერ გააკეთებდა“.

ამონარიდი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, თენგიზ სიგუას, გამოკითხვიდან, 2010 წელი, წიგნი: „პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საქმე“:

„ოფიციალური ვერსიაა, რომ პრეზიდენტმა „სტეჩკინით“ მოიკლა თავი. „სტეჩკინი“ ვინც იცის, ეს არის მძიმე იარაღი, 1 კგ-ზე მეტი, თვითმკვლელობის შემდგომ იატაკზე უნდა ეგდოს და ხელიც გადავარდნილი უნდა ჰქონდეს, ამას ნებისმიერი ექსპერტი დაგიდასტურებთ. ეს არის ინსცენირებული, რომ მას ეს იარაღი უკავია და მუცელზე უდევს. იარაღი არის ნივთმტკიცება, ხოლო ის არის გაპრიალებული, გაპოხილი, არავითარი ანაბეჭდი მასზე არ არის“.

გამსახურდიას უკანასკნელი დღეები

ჟურნალისტმა თომა ჩაგელიშვილმა გამსახურდიას გარდაცვალებაზე წლების წინ გადაიღო დოკუმენტური ფილმი „გამსახურდიას უკანასკნელი დღეები“. რადიო თავისუფლებას მან პირადი შთაბეჭდილება გაუზიარა - მისი აზრით, დიდი ალბათობით, გამსახურდიამ მართლაც მოიკლა თავი.

თომა ჩაგელიშვილი
თომა ჩაგელიშვილი

„იმ ღამეს ოთახში იმყოფებოდა სამი ადამიანი: ბესარიონ გუგუშვილი, ბაჩუკი გვანცელაძე და რობინზონ მარგველანი. ძალიან ძნელია რომელიმეს ან მკვლელობაში მონაწილეობა, ან გულგრილობა დააბრალო. ასევე იყვნენ ცოლ-ქმარი ღურწკაიები, ვის ოჯახშიც მოხდა ეს ტრაგედია. ზვიად გამსახურდიას ეძებდნენ, მაგრამ მისი სიკვდილის შესახებ ხელისუფლებამ არაფერი იცოდა. თბილისში გამსახურდიას გარდაცვალება გაიგეს გროზნოდან, როცა იქ მარგველანი ჩავიდა. ფიქრობდნენ, რომ ეს ინფორმაცია არ იყო ნამდვილი და დაიწყეს ცხედრის ძებნა. ახლად დაკრძალული მიცვალებულებიც კი ამოთხარეს. იმის თქმა მინდა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ, სად იყო გამსახურდიას საფლავი. თუმცა დამტკიცებით არაფერს ვამტკიცებ... ცოცხალი გამსახურდია ნამდვილად არ სჭირდებოდა შევარდნაძეს, ციხეში მყოფიც. ავთო იოსელიანი, რომელიც მაშინ უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო, მიყვებოდა კიდეც, როგორ ეძებდა უშიშროება გამსახურდიას, თუმცა ვერ იპოვეს, ვერ დაიჭირეს“.

ქვეყნის სირცხვილი

„სირცხვილია ქვეყნისთვის, რომ პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმე არ არის გამოძიებული. ამას მოსდევს სხვა გამოუძიებელი საქმეები“, - თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

გამსახურდიების ადვოკატი ამირან გიგუაშვილი აცხადებს, რომ თუ არაფერი შეიცვალა, მოუწევთ საქმე სტრასბურგის სასამართლოში წაიღონ და საქართველოს სახელმწიფოს პასუხი ასე მოსთხოვონ.

ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები დიპლომატებსა და უფლებადამცველებს მიმართავენ ამ საკითხით დაინტერესდნენ და თავის მხრივაც მოუწოდონ ხელისუფლებას, შეიტანოს ცვლილებები ორგანულ კანონში. კიდევ ერთი მოთხოვნა დამოუკიდებელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაა. ამ კომისიამ უნდა გაარკვიოს, ვინ და რატომ „ჩააგდო“ გამოძიება, რომელიც, 25 წელია, ვერ სრულდება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG