Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ცდილობენ ბათუმელები იმის შემოწმებას, სახიფათოა თუ არა მათი სახლები


8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ბათუმელებმა მასობრივად დაიწყეს სახლების შემოწმება. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მერიის „ცხელ ხაზზე” ასობით ბათუმელმა დარეკა.

ბათუმის ცენტრში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ორსართულიანი სახლის პირველი სართული ახალმა მფლობელმა შარშან შეიძინა და მაშინვე ნებართვის გარეშე დაიწყო სამშენებლო სამუშაოები. მშენებლობის წამოწყებიდან მალევე სახლის მეორე სართულზე მცხოვრებმა ირინა დოლიძემ შეამჩნია, რომ მისმა ბინამ დეფორმაცია დაიწყო:

„ჩვენი სახლის კედლები დაიბზარა, იატაკი დაიწია, საძინებლის კარი გაიჭედა, ჭერიც დაიწია. ფოტოებიც გვაქვს გადაღებული, როგორ ამოუღო [ქვედა მეზობელმა] მთელი საძირკველი სახლს და მოშალა მზიდი კედლები. რამდენჯერმე მივმართეთ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს. ყოველდღე ვიძახებდით პატრულს. მაგრამ სამართალი, საბოლოო ჯამში, ვერ ვიპოვეთ. ამ ქალბატონს აჯარიმებდნენ, ის კი იხდიდა ამ ჯარიმებს და ჩვეულებრივად აგრძელებდა მუშაობას. როცა ვერაფერს გავხდით, საერთოდ გავანებეთ თავი, იმიტომ, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტოში ყველანაირი განცხადების დაწერის მიუხედავად, ტელეფონსაც აღარ პასუხობდნენ“.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ შარშან მესაკუთრე ჯერ დააჯარიმა, შემდეგ კი, უკვე შესრულებულ სამუშაოებზე ნებართვა გასცა და მფლობელს რეკონსტრუქციის დასრულების უფლება მისცა.

მესაკუთრე მეზობლებს ეუბნება, რომ საძირკველიც და მზიდი კედლებიც განაახლა. ირინა დოლიძე ბინის მესაკუთრეს არ ენდობა, ამიტომ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ქვედა სართულის შესამოწმებლად მერიას მიმართა. მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა კი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გადაამისამართა. ირინა სააგენტოს აღარ ენდობა, ამიტომ, საქმეში კერძო ექსპერტის ჩართვას აპირებს.

„ვფიქრობ, ახლა ყველა მოეგება გონს“

ბათუმის თამარის დასახლებაში გასული საუკუნის 30-იან წლებში აშენებული ხუთსართულიანი სახლის მცხოვრებმა სარდაფში საყრდენი ბოძები რამდენიმე წლის წინ მოანგრია. სახლის სხვა მობინადრეები იხსენებენ, რომ რეკონსტრუქციის პერიოდში მეზობლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა. სახლის ერთ-ერთ ბინაში მცხოვრები რუსუდან კომახიძე ამბობს, რომ მეზობლებს უთანხმოება ჰქონდათ თითქმის 100 წლის სახლზე ლოჯიის და აივნების მიშენების სურვილის გამოც, თუმცა, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, მეზობლებმა მიშენება გადაიფიქრეს და საყრდენის აღდგენაზეც შეთანხმდნენ:

„ვფიქრობ, ახლა ყველა მოეგება გონს. გააცნობიერებენ, რა მოხდა და რა უბედურება დატრიალდა ბათუმში. კრება ჩავატარეთ და განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხი. ჩვენი სახლის რამდენიმე ბინაში [რემონტი] თვითნებურადაა გაკეთებული... მეზობელმა არ იცოდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა მზიდ კედელს. როცა გაიგეს, რა დატვირთვა აქვს საყრდენ კედლებს, გადავწყვიტეთ სპეციალისტი მოვიყვანოთ და როცა დაიდება კვლევის პასუხი, მერე გადაწყდება, როგორ უნდა აღვადგინოთ სახლი პირველადი სახით. ჩვენც, მეზობლები ამოვუდგებით მხარში“.

მეზობლებს შორის უთანხმოება იყო ბათუმის ცენტრში, გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენებულ ერთ-ერთ 12-სართულიან კორპუსშიც. იქ მცხოვრები სალომე ცეცხლაძე გვიყვება, რომ კამათი და შეხლა-შემოხლა იმას მოჰყვა, რომ ერთ-ერთმა მეზობელმა ბინის რემონტისას სახლის საყრდენი კედლები გამოანგრია.

„ძალიან დიდი წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ, ფაქტობრივად, ვერაფერს გავხდი. მეზობელი მეუბნებოდა, რომ აკეთებს საყრდენს, თუმცა რეალურად [სახლს] საყრდენი კედელი არ აქვს“, - გვეუბნება სალომე.

სალომე ცეცხლაძე მეზობლების ბინაში სამშენებლო სამუშაოების დაწყებას ძირითადად, ხმაურით ან ვიბრაციით ხვდება. ხმა სხვებსაც ესმით, მაგრამ უმრავლესობა დუმს, იმ საბაბით, რომ მაინც ვერაფერს მიაღწევს და შესაძლოა, შეურაცხყოფაც მიაყენონ.

სალომე ცეცხლაძემ რამდენჯერმე მერიის ზედამხედველობის სამსახურიც გამოიძახა, თუმცა იქიდან უპასუხეს - მეზობლები უნდა მორიგდეთო. სალომე შიშობს, რომ ე.წ. სინკარული სისტემით ნაშენ ძველ კორპუსში ბევრი უხეში ჩარევა იყო. 8 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ, მეზობლების ნაწილი შეთანხმდა, რომ სახლს მერიის შესაბამის სამსახურს შეამოწმებინებენ:

„რამდენად სასირცხვილოა ეს, რომ 9 ადამიანის დაღუპვის შემდეგ ვფიქრობთ მხოლოდ ჩვენი კორპუსის გამაგრებაზე. მოვიკითხეთ ერთმანეთში, ვის რომელი კედელი აქვს დანგრეული. აღმოჩნდა, რომ ბევრი არასწორი ნაბიჯია გადადგმული, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ თავის დროზე, შესაბამისი ზომები მიიღეს და საყრდენი გაამაგრეს. ეს მხოლოდ სიტყვებია, რადგან სპეციალისტის დასკვნა არ არსებობს“.

რა ხდება, როცა მერიას მიმართავ

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი არჩილ კონცელიძე გვეუბნება, რომ 8 ოქტომბრის შემდეგ, სამსახურის „ცხელ ხაზზე“ 200-ზე მეტმა მოქალაქემ დარეკა და საცხოვრებელ კორპუსში სხვადასხვა დროს წარმოებული რემონტის და მიმდინარე სამუშაოების შემოწმება მოითხოვა.

„ადგილზე მისული ჩვენი თანამშრომლები ამოწმებენ ნებართვიანობას და ნებართვასთან შესაბამისობას. უსაფრთხოებაზე ჩვენი სამსახური არაკომპეტენტურია და თუ სადმე ეჭვი ჩნდება, რომ სახლის მდგრადობაზე კითხვის ნიშნებია, კვლევები იწყება და შესაბამისი სამსახურები გასცემენ პასუხს. კონსტრუქტორები ერთვებიან, ვისთანაც ეს საკითხი უნდა გაირკვეს. ჩვენი მხრიდან მონიტორინგის დროს აღმოჩენილ სამართალდარღვევაზე წერილობითი მითითება გაიცემა, სადაც იწერება, რომ ობიექტი უნდა მოიყვანოს პირველად მდგომარეობაში. თუ ეს არ მოხდა, მაშინ საჯარიმო სანქციები წესდება“.

საქართველოს კანონით - სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით, თვითმმართველ ქალაქებში, რომელთა შორის ბათუმიცაა, სხვადასხვა სახის უნებართვო მშენებლობისთვის ჯარიმა 6 ათასიდან 20 ათას ლარამდეა. რაც შეეხება სახლის მდგრადობას, ეს ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უნდა დაადგინოს.

„ძალიან ცუდი ვითარებაა“

8 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ, ბათუმელ ინჟინრებსა და კონსტრუქტორებსაც არაერთმა მოქალაქემ მიმართა. ყველა თითქმის ერთსა და იმავეს ითხოვს - სახლების შემოწმებას და იმის დადგენას, დააზიანა თუ არა მათი საცხოვრებელი სხვადასხვა სარემონტო სამუშაომ. ინჟინერი ირაკლი შანავა გვეუბნება, რომ განსაკუთრებით ხშირად მათ ძველ, საბჭოთა პერიოდის კორპუსებში მცხოვრები ბათუმელები მიმართავენ.

„დავათვალიერე, რა დონეზეა შეხება მზიდ კედლებზე. ამას რემონტს კი არქმევენ, მაგრამ ძალიან ბევრ ადგილზე კონსტრუქციულ ნაწილზეა შეხება, ამიტომ რემონტს ვეღარ დაარქმევ. ძალიან ცუდი ვითარებაა. ზოგ შემთხვევაში სასწრაფოდაა გასაკეთებელი და სამუშაოები ჩასატარებელი. ზოგ შემთხვევაში თვითონ კონსტრუქციის ფუნდამენტია გასამაგრებელი. ზოგში საძირკვლის ნიადაგია გასამაგრებელი. ანუ სხვადასხვა ტიპის სამუშაოა ჩასატარებელი“.

8 ოქტომბერს დღისით, ბათუმის ცენტრში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამოინგრა 7-სართულიანი საცხოვრებელი სახლი. დაიღუპა 9 ადამიანი, მათგან 3 ბავშვი. სამართალდამცავების მიერ დაკავებული და ბრალდებულია სახლის პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და მის მიერ სარემონტო სამუშაოებისთვის დაქირავებული ორი ადამიანი. გამოძიება ვარაუდობს, რომ სახლის ნგრევა პირველ სართულზე მზიდი კედლების მოშლამ გამოიწვია, თუმცა, ექსპერტიზის საბოლოო პასუხი ჯერ უცნობია.

XS
SM
MD
LG