Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაფხულის პროტესტი


”ზაფხული” (“Лето” 2018, რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი)

ზოგი ჭირი მარგებელიაო და ”გავრილოვის სავარძლის” ამბავი ნაღდად ”მადლი” აღმოჩნდა იმ ხალხისთვის, ვინც რამდენი წელია უკვე მოვითხოვთ, რომ საქართველოში შეწყვიტონ რუსულ ენაზე დუბლირებული ფილმების ჩვენება. ვეღირსეთ - წვალებით, წინააღმდეგობით, იმათთან მუდმივი ბრძოლით, ვინც ამტკიცებს, რომ ”რუსული დუბლიაჟი უფრო ხარისხიანია” (გახსოვთ, რუსული ”მიშკა კასალაპი” სჯობია ყველა ქვეყნის შოკოლადსო, ამას რომ ჩაგვჩიჩინებდნენ?), და ჩვენსას მივაღწიეთ. იმედია, დიდხანს გაგრძელდება ეს სიამოვნება - ორიგინალური ხმის გაგონება კინოთეატრში.

სუბტიტრების კითხვას კი შევეჩვევით. დასაწყისში ყველას უჭირდა.

რაც შეეხება ინტერნეტს, ახლა იმასაც მივაღწიეთ, რომ ქართულ ენაზე მთლად რუსულ ფილმებს ახმოვანებენ. თანაც, არა - ბოდიში და - ”ბანძ” სერიალებს, არამედ კარგ რუსულ კინოს. დიახ, პუტინის რუსეთშიც ახერხებენ გადაიღონ კარგი ფილმები - მაშინაც კი, როცა რეჟისორი პირადად პუტინის პატიმარია და ფილმს თავისი სახლიდან იღებს - განკარგულებებს საცხოვრებელი სახლიდან იძლევა, რადგან შინაპატიმრობაშია.

”ზაფხულის” რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი დიდი ხნის განმავლობაში პრეზიდენტ პუტინის მთავარ კრიტიკოსად ითვლებოდა ხელოვანთა დევნაში. გოგოლის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სისტემატიურად მონაწილეობდა ანტისამთავრობო აქციებში. 2008 წელს იგი ერთ-ერთი პირველი რუსი არტისტი იყო, რომელმაც დაგმო რუსული ტანკების შეჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და ”დღეს მე ქართველი ვარო” განაცხადა.

2018 წელს ”ზაფხული” კანის კინოფესტივალის კონკურსში ჩართეს, თუმცა რეჟისორი, მიუხედავად საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის პირადი თხოვნისა - წერილისა, რომელიც მან ვლადიმირ პუტინს გაუგზავნა, კანში არ გაუშვეს. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში სასამართლო თავისუფალია და ასეთ რამეებს ის არ წყვეტს.

კირილ სერებრენიკოვმა ”ზაფხულში” აღადგინა ეგრეთ წოდებული ”ზასტოის” ხანა, როცა ქვეყანაში განვითარების არანაირი პერსპექტივა აღარ არსებობდა. თუმცა მაშინდელ ლენინგრადში მუსიკოსები მაინც ახერხებდნენ შეექმნათ რაღაც არასაბჭოური, ცოცხალი, ადამიანური... ეს იყო ანსამბლ ”ზოოპარკის”, ”კინოს”, ვიქტორ ცოის და სხვათა პროტესტი. მეტის გაკეთება მათ არ შეეძლოთ.

”ზაფხული” ქართულ ინტერნეტსაიტებზე სწორედ იმ დღეებში გამოჩნდა, როცა ერთ პოპულარულ ქართულ ტელეარხზე პიონერული ანსამბლ ”მზიურის” მომღერლებმა თავიანთ შვილებსა და შვილიშვილებთან ერთად ყელსახვევები გაიკეთეს და ძველი, პიონერული მარშები გვიმღერეს. კაცმა რომ თქვას, რა მოხდა, არც არაფერი. ”სტარიე პესნი ო გლავნომ” - ასეთი ფილმი-კონცერტი გადაიღეს გასული საუკუნის 90-იან წლებში რუსეთის რომელიღაც ტელეარხზე, რათა ნოსტალგია გაეღვიძებინათ ხალხში იმ უკვე არარსებული ქვეყნის მიმართ, რომლის დანგრევას ვლადიმირ პუტინი საუკუნის ბოროტებას უწოდებდა. ეს ჩვენი ქართული ტელეარხი კი, ტრადიციულად, სწორებას აკეთებდა ხოლმე რუსულ ტელევიზიებზე. ჰოდა, ”მზიურის” გოგოებმაც თავიანთ გოგოებთან ერთად შეუბერეს.

”ზაფხული” პიონერული ყელსახვევების ნოსტალგიის ალტერნატივაა. არა, ნოსტალგია აქ როგორ არ არის. არის და თან როგორი! - ახალგაზრდობის, სოლიდარობის, იმ დროის ნოსტალგია, როცა ჯერ კიდევ არ ხმარობდნენ სიტყვას ”შოუ-ბიზნესი” და როცა ნიჭიერი ნიჭიერს ეხმარებოდა მაშინაც კი, როცა ეს ნიჭიერი კონკურენტად აღიქმებოდა, მაშინაც კი, როცა ამ ნიჭიერს შეეძლო უკან გადაეწია, მთლიანად დაეჩრდილა ის, ვინც მას ეხმარებოდა - უფრო გამოცდილი, ბევრის მნახველი, მრავალჭირგამოვლილი. მაგრამ ერთია წარსულის გააზრება და მეორეა გულისამაჩუყებელი სანტიმენტები უმწიკვლობასა და ყალბ ვუნდერკინდობაზე. სხვათა შორის, აქაური ”მზიური” და რუსული ”ზოოპარკი” ერთი და იმავე ხნის ანსამბლებია თითქმის. ვუნდერკინდ ბავშვებს, ლენინს რომ უმღერიან, ყველანაირად მხარს უჭერს პარტია, მაშინ როდესაც ესენი ნახევრად დანგრეულ კლუბებსა და სარდაფებში უკრავენ.

არა, არ იფიქროთ, რომ მორალური უპირატესობა მალაპარაკებს. პიონერიც ვიყავი, სკოლის კომკავშირის მდივანიც და არტეკშიც გამიტარებია ზაფხულის დღეები. მაგრამ ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება წარსულის გადააზრების დრო, რაღაცების გაგებისა და გაცნობიერების დრო. შეიძლება ერთმა წიგნმა, ერთმა ფილმმა და, თუკი ისევ სერებრენიკოვის ფილმს დავუბრუნდებით, ერთმა ფირფიტამ თუ ერთმა სიმღერამ გადმოგიბრუნოს ტვინი. ამდენი რამე გავიგეთ საბჭოთა ხანაზე, სტალინურ ბანაკებზე, რეპრესიებზე, სხვაგვარად მოაზროვნეთა დასჯაზე... და თუკი მაინც იმ დროს მივტირით, თუკი ისევ ვმღერით იმ დროის პიონერულ სიმღერებს, ხოლო ანტისაოკუპაციო მიტინგზე ბოროტი იმპერიის დროშის, საბჭოთა კავშირის (უკვე არარსებული ქვეყნის) დროშის დაწვას ”პათეტიკურად” აღვიქვამთ ვანდალიზმად, ე.ი., ჩემო ძვირფასო მეგობრებო, არაფერიც... ვერაფერიც ვერ გაგვიგია.

1981 წელია, გაგანია ”ზასტოის” ეპოქა - ის დრო, როდესაც სპეკულანტებთან ნაყიდი ”ტირექსი” და სევა ნოვგოროდცოვის გადაცემები ბიბისიზე უკვე არა იმდენად დასავლეთიდან, რამდენადაც სხვა პლანეტიდან მოვლენილი ”სიგნალები” გვეგონა. ყველაფერი დალპა მაშინ, აბსოლუტურად ყველაფერი! როგორ შეიძლება ის დრო დღეს ფერად-ფერად სიხარულებად წარმოიდგინო, თუკი შენი ცნობიერება ისევ იმ ჭაობში არ ლივლივებს? მით უმეტეს, რომ ქვეყანასაც ხომ იმ ჭაობიდან მოვლენილი ბრძენი მართავს.

”ზაფხული” უნაკლო სურათი არ არის. თუკი იმისთვის განეწყობით, რომ ნახოთ ფილმი ცოიზე, გაეცნოთ ლეგენდარული მუსიკოსის ბიოგრაფიის დეტალებს, ფილმი არ მოგეწონებათ. ეს არც ისტორიული ფილმია, არც ბიოგრაფიული ფილმი და არც ”რეტრო” (თუნდაც რუსულ-ქართული ”მძევლების” მსგავსი). ეს უფრო მიუზიკლია, რომელშიც გამოყენებულია ახლა უკვე ”მკვდარი მუსიკა”; ასე აღარ მღერიან, ასე აღარ უკრავენ. და, რაც მთავარია, ასე აღარ ცხოვრობენ, კარგა ხანია. მე არ ვიცი, რამდენად არსებობს ”მეორე რუსეთი” დღეს, მაგრამ აქ ეს რუსეთი ნამდვილად არის - მეორე რუსეთი, რომელიც მოკვდა, ისევე როგორც მოკვდა ეს მუსიკა.

ხო, რაც მთავარია, არის სასიყვარულო სამკუთხედი, რომელიც აბსოლუტურად გენიალურია. ამ ურთიერთობაში უამრავი ნიუანსია ართქმული, საიდუმლოდ დატოვებული. სამწუხაროდ, ეს საიდუმლო მხატვრულ სახედ ვერ აქცია ცოის როლის შემსრულებელმა კორეელმა მსახიობმა. აშკარად ჩანს, რომ ენა არ იცის და მაინცდამაინც კარგად არ ესმის, რას თამაშობს. თუმცა ვიქტორ ცოის პერსონაჟი შეიძლება ამ შესანიშნავი ფილმის ერთადერთი ნაკლი იყოს.

დიახ, ფილმის ავტორი პუტინის პირადი პატიმარია. რა ვიცი, განა შეიძლება ”პუტინის პირადი პატიმრის ფილმი” ცუდი იყოს? ვიღაცისთვის - შეიძლება. ჩემთვის - არა. თანაც, იმის ფონზე, რაც დღეს საქართველოში ხდება; ამ მოკრძალებული, ფრთხილი, მაგრამ ძალიან, ძალიან გულწრფელი პროტესტების ფონზე, კირილ სერებრენიკოვის ”ზაფხული” თითქოს სიბნელეში ანათებს, რადგან ფილმი გვიამბობს დროზე, როცა ადამიანები ჭაობისგან განთავისუფლებას სიმღერით ცდილობდნენ.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG