Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ზაკონ ვერ მასდრეკს ვაჟკაცსა..."


ალბათ, ყველამ ვნახეთ ჩვენი პრემიერის ქეიფი ოლიმპიურ ჩემპიონთან და, რაც მთავარია, ხალხთან, ხალხურ გარემოში, გაულესავი კედლების ფონზე, გასაშლელ, მრავალ ქორწილ-ქელეხ გამოვლილ გასაქირავებელ სკამ-მაგიდებზე. ვნახეთ იმიტომ, რომ უნდა გვენახა. ასეთი იყო ჩანაფიქრი, რომ ყველას თუ არა, რაც შეიძლება ბევრს გვენახა... და თანაც გვენახა არა მხოლოდ ის, თუ როგორ უხარია პრემიერ-მინისტრს ქართველი სპორტსმენის წარმატება, არამედ ისიც, თუ როგორი სახალხო პრემიერია, როგორი უბრალო და ჯიგარია, როგორ ხარობს „უბრალო ხალხის“ სიხარულით, როგორ არ თაკილობს მათთან პურის ჭამას, როგორ არ დაგიდევს მძიმე ეპიდემიურ ვითარებას და როგორ ქეიფობს ხალხის გულის გასახარად და მტრების გულის გასახეთქად...

„მერე რა, დანაშაულია ქეიფი?!“ – ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა დასვა ეპიდემიის დროს ხალხმრავალ სუფრაზე პრემიერ-მინისტრის ყოფნის მიზანშეწონილობაზე.

ჩვენც რომ ვიკითხოთ, არ არის დანაშაული?

განა, აუცილებელია სისხლის სამართლის კოდექსით იყოს განსაზღვრული ქმედება? განა, საკმარისი არ არის, რომ დღეში 30-40 ადამიანი კვდება? რომ ექიმები და საავადმყოფოები ვეღარ აუდიან მძიმე პაციენტების მიღებას და, როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები ამბობენ, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ვაქცინაციის დაბალ ტემპთან ერთად, ხალხმრავალი სუფრები, ქორწილები და ქელეხებია?

გახსოვთ „მოუკრეფავნი“ - ქართული სკაბრეზული ფოლკლორის ნიმუშები, რომლებიც ვახუშტი კოტეტიშვილის რედაქციით გამოიცა ამ თხუთმეტიოდე წლის წინ?

ქეიფობს ბუწუნკალაი
მეორე-მესამე დღე არი,
ზაკონ ვერ მასდრეკს ვაჟკაცსა,
ზაკონ რა ჩემი *ლე არი?!

„ომალოს სახინკლეში გაგონილი, "მშრალი კანონის" მძვინვარებისასო“, - ასეთი მინაწერი აქვს გაკეთებული ამ სახუმარო ლექსს, „მშრალი კანონით“ კი, მოგეხსენებათ, აკრძალული იყო ალკოჰოლური სასმელების წარმოება-გაყიდვა და, შესაბამისად, ქეიფიც, მაგრამ ბუწუნკალა კანონს არ დაგიდევდათ და მაინც ქეიფობდა... ჩვენი პრემიერ-მინისტრივით.

ბუწუნკალას ქეიფს მეტი გამართლება ჰქონდა, რადგან ის არღვევდა კანონს, რომლის ხელყოფა არ იწვევდა ათეულობით ადამიანის მყისიერ სიკვდილს. „მშრალი კანონი“ უფრო მეტად მიმართული იყო „უაზრო ფლანგვის“ შესაჩერებლად, რადგან, როგორც ჯერ კიდევ 1881 წელს ლიტერატურულ-პოლიტიკური ჟურნალი „იმედი“ წერდა, „ყოველწლიურად საქართველოს მოსახლეობა ხარჯავდა ნათლობაზე 1 200 000 მანეთს, ქორწილებზე - 1 500 000 მანეთს, ხატობა-დღესასწაულებზე 150 000 მანეთსა და მიცვალებულთან დაკავშირებულ რიტუალებზე 4 500 000 მანეთს“.

ცხადია, „მშრალ კანონს“ სხვა სადავო (სამედიცინო, რელიგიური და ა.შ.) მდგენელებიც ჰქონდა, მაგრამ ძირითადი მიზანი მაინც „მავნე და ხარჯიანი ტრადიციების“ მოშლა იყო.

რა უფრო დიდი ბუწუნკალობაა, ამგვარი, დაწერილი კანონის დარღვევა თუ ისეთი დაუწერელისა, რომელსაც ყოველდღიურად ოთხ ათეულამდე ადამიანის გადარჩენა შეუძლია?

საქართველოს მთავრობამ ისე მოხსნა შეზღუდვები და ისე გააუქმა ჯარიმები, რომ აცრილთა რაოდენობა 3%-ს არ აღემატებოდა. შედეგად, ბოლო ერთ თვეში 700-ზე მეტი ადამიანი დავკარგეთ და თუ რამე არ შეიცვალა, ეს რიცხვიც სანატრელი გაგვიხდება, რაც, როგორც ჩანს, კარგად ესმით უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში, რომელმაც კვლავ სავალდებულო გახადა პირბადის ტარება ღია სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება. გარდა ამისა, საბჭომ ასევე გადაწყვიტა, რომ ქორწილის, ქელეხის, იუბილეს და მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებსა და სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებისთვის ეს ობიექტები დაილუქება.

„მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხებიო“, - განაცხადა ამას წინათ პაატა იმნაძემ.

თუ კარგად დაუკვირდებით, ამ სუფრებსა და ქეიფებს მსხვერპლად ეწირებიან როგორც ადამიანები, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონის უზენაესობის რწმენა.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი მსხვერპლშეწირვა იყო პანდემიის დროს პრემიერ-მინისტრის ქეიფი ხალხმრავალ, დახურულ სივრცეში. მსხვერპლი კი, ცხადია, მიტანილი იქნა არჩევნების სამსხვერპლოზე, არჩევნებისა, რომლის მოგება, ჩვენი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, ყველა საშუალებას - მსხვერპლსა და ხარჯს - ამართლებს, მათ შორის ამართლებს ფინანსურ ხარჯსაც. მხოლოდ ბრიყვი შეიძლება ვერ ხვდებოდეს, რასთან გვაქვს საქმე, როცა პრემიერ-მინისტრი, ადგილობრივ არჩევნებამდე 1,5 თვით ადრე, ოფიციალურად სახელმწიფო მოხელეების, ფაქტობრივად კი მმართველი პარტიის ადმინისტრაციული რესურსის - მერების, გამგებლებისა და მათი მოადგილეების - ხელფასების გაორმაგებაზე ლაპარაკობს.

ცხადია, ესეც ქეიფია ჟამიანობაში, ესეც ღრეობაა, კანონის დარღვევით რომ საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომელთა სიკვდილიანობის ბოლო წლების სტატისტიკაც ისეთივე დრამატულია, როგორიც კოვიდისა, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, ნაკლებად ხილული და თვალსაჩინოა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG