ახალი მთავარი პროკურორი მზად არის, რომ სამართლიანობის აღდგენის მომლოდინე ადამიანების ნაწილს გამოუცხადოს: დიდი ბოდიში, მაგრამ წართმეული ქონება ვერ დაგიბრუნდებათ. ამის შესახებ შალვა თადუმაძემ 16 ივლისს ჯერ კიდევ მთავარი პროკურორობის კანდიდატის როლში განაცხადა, როცა ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წინაშე წარდგა. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენლებმა მას რბილად მიანიშნეს, რომ სიჩქარე არ ივარგებს და ადამიანებს უსამართლობის განცდა არ უნდა დარჩეთ. უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენის დაპირების შესრულება უკვე ძალიან დააგვიანა და მმართველ გუნდს ერთ-ერთი მთავარი დაპირების აღსრულების ნება არც ამჟამად აქვს.
მათ, ვისი ქონებაც უკვე კეთილსინდისიერი მყიდველის ხელშია და ქონების საინვესტიციო ღირებულებაც გაზრდილია, დიდი ალბათობით, წართმეული ქონება ვერ დაუბრუნდებათ, - განაცხადა შალვა თადუმაძემ საკომიტეტო მოსმენაზე - მანამდე, ვიდრე 16 ივლისს მას პარლამენტი მთავარ პროკურორად დაამტკიცებდა. შალვა თადუმაძე მზად არის, რომ სამართლიანობის აღდგენის მომლოდინე ხალხის ნაწილს თავად უთხრას მწარე სიმართლე.
შალვა თადუმაძის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურაში შეტანილია 52 530 საჩივარი სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, ხოლო პროცესი ისეთი ნელი ტემპით მიმდინარეობს, რომ „ამ ტემპით სამართლიანობის აღდგენას 1030 წელიწადი დასჭირდება“. აწ უკვე მთავარი პროკურორის ხედვით, საჩივრების განხილვა ზოგჯერ სისტემური მიდგომის შესაძლებლობას იძლევა და ასეა, მაგალითად, მაშინ, როდესაც ადამიანები საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობენ, მაგრამ რიგ შემთხვევებში შედეგი, უბრალოდ, ვერ მიიღწევა.
სამართლიანობის აღდგენის ნელ ტემპებთან დაკავშირებული პრეტენზიების ადრესატი 2015 წლის მარტში მთავარ პროკურატურაში შექმნილი დეპარტამენტია. შალვა თადუმაძის მსგავსად, ტემპები არც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს აკმაყოფილებთ, თუმცა ისინი 16 ივლისს, საპარლამენტო კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას, მომავალ მთავარ პროკურორს იმასაც მიანიშნებდნენ, რომ უსამართლობის განცდა საქართველოში არავის უნდა დარჩეს და აუცილებლად უნდა შესრულდეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმთავრესი დაპირება.
როგორც უფლებადამცველი, ადვოკატი ლია მუხაშავრია ეუბნება რადიო თავისუფლებას, საზოგადოებისთვის მიმზიდველი მთავარი დაპირება - სამართლიანობის აღდგენა - „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეასრულა და ამის გაკეთების პოლიტიკური ნება არც ამჟამად არსებობს. მუხაშავრიას აზრით, სამართლიანობის აღდგენის პროცესს ვერც ახალი მთავარი პროკურორი წარუძღვება, რადგანაც, მარტივი ლოგიკით, თუკი დამნაშავეები არსებობდნენ და ისინი არ დასაჯეს, დანაშაულის დაფარვაში დამნაშავეთა მოძებნა პროკურატურას თავის რიგებშიც მოუწევს. უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ ამ თემის წამოწევა „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კონტექსტში დასჭირდა.
სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებულმა მსჯელობამ 16 ივლისს კომიტეტიდან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გადაინაცვლა. დეპუტატებს აღარ მიეცათ საშუალება მოესმინათ თავად შალვა თადუმაძისთვის, რომელსაც „ქართული ოცნება“ მოსმენის გარეშეც, უკვე დიდი ხანია, უჭერს მხარს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა კი სხდომაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი და თეა წულუკიანის ნათლიმამა შალვა თადუმაძე ვერ იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მთავარი პროკურორი. ახალი პროკურორის არჩევაში წვლილი არც საპარლამენტო უმცირესობას შეუტანია - „ევროპული საქართველო“ ორშაბათის რიგგარეშე სხდომას საერთოდ არ ესწრებოდა.