განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩეოდა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“, რომელმაც ბათუმში საპროტესტო აქციაც გამართა. ხოლო „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ბოლო პერიოდის მოვლენების გათვალისწინებით აკეთებს დასკვნას, რომ - ე.წ. კლანის ინტერესებმა საკონსტიტუციო სასამართლომდეც მიაღწია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „კლანის“ არსებობას კატეგორიულად უარყოფს.
25 ივნისს მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ პლენუმმა აირჩია. კენჭისყრა ფარული იყო და ამიტომ ზუსტად არავინ იცის, რომელმა ხუთმა კოლეგამ მისცა მას ხმა. თუმცა მერაბ ტურავას მხარდამჭერთა რაოდენობა ზუსტად ემთხვევა ამ პოსტზე მისი კანდიდატურის წარმდგენთა რიცხვს და, დიდი ალბათობით, ეს იგივე ხუთეულია.
მერაბ ტურავას წარმდგენთა შორის არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები: ევა გოცირიძე, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი და თავად მერაბ ტურავა. მისი კონკურენტი იყო უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი - ირინე იმერლიშვილი. მას ოთხმა კოლეგამ დაუჭირა მხარი.
1964 წელს დაბადებული მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად პარლამენტმა 2015 წლის მარტში დაამტკიცა.
- 2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ის აირჩია საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად, ხოლო 2018 წელს - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ;
- 2012 წლიდან ის იყო საქართველოს სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს წევრი - პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და დევნილი პირების საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრი.
- 2000-2005 წლებში ის იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
- 1999-2006 წლებში ის იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.
25 ივნისს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურა მიმდინარეობდა, სასამართლოს შენობასთან აქცია გამართა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“. ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ „არ შეიძლება სასამართლო კლანის წევრმა დაიკავოს“ და არავის მიეცემა ამის „ჩუმად და კომფორტულად“ გაკეთების საშუალება.
ოდნავ მოგვიანებით, ანა ნაცვლიშვილმა რადიო თავისუფლებასთან განმარტა, რომ მერაბ ტურავა ე.წ. კლანის წევრად არასოდეს მოიაზრებოდა, თუმცა ის „ქართული ოცნების“ გარდა, მისაღები აღმოჩნდა „კლანისთვისაც“.
„როდესაც მისი (მერაბ ტურავას) წარმდგენია კლანის ორი დესანტი საკონსტიტუციო სასამართლოში, ნუ გაუკვირდება, რომ მასაც კლანის ხელდასმულს დაუძახებენ“, - გვეუბნება ანა ნაცვლიშვილი. „დესანტში“ ის საკონსტიტუციო სასამართლოს შედარებით ახალ წევრებს - ხვიჩა კიკილაშვილსა და ვასილ როინიშვილს გულისხმობს.
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩეულ იქნა 3 აპრილს, როცა ქვეყანაში პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებდა;
- უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე - ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩეულ იქნა 29 მაისს.
„არანაირი კლანი არ არსებობს, დამიჯერეთ, რაა, რას ჰქვია კლანი. რატომ არ არის მაგალითად ჩემი კლანი? ეგება მე ვარ საერთოდ თავმჯდომარე ამ კლანის?“, - უთხრა 29 მაისს ჟურნალისტებს ვასილ როინიშვილმა, რომელიც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს მეგობრად მოიხსენიებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს ამ ორი ახალი მოსამართლის არჩევას მკაფიოდ დაუპირისპირდა არასამთავრობო სექტორი. კიკილაშვილი და როინიშვილი მათთვისაც „სასამართლოს კლანთან“ დაახლოებული, ერთგული მოსამართლეები არიან.
„დღესდღეობით კლანური მმართველობის გავლენა უკვე გაცდა საერთო სასამართლოების ფარგლებს და საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლა. 2020 წლის აპრილსა და მაისში საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიური კრიზისის პირობებში უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ისარგებლა საზოგადოებრივი ყურადღების ნაკლებობით და გაუმჭვირვალე პროცედურებით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებად ორი ახალი კანდიდატი - ხვიჩა კიკილაშვილი და ვასილ როინიშვილი შეარჩია, რომელთა კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება კრიტიკას ვერ უძლებს. მათი დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი ამ შემთხვევაშიც კლანის მიმართ ერთგულებაა”, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანებამ - „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“.
როგორც ამ კოალიციის წევრმა, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი ჩიტიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ტერმინი „კლანი“ მრავალი კვლევის საფუძველზე, ფაქტებზე დაყრდნობით დამკვიდრდა და ეს აბსტრაქტული ცნება სულაც არ არის. ჩიტიძე კრიზისის მეორე ტალღაზე ლაპარაკობს.
„ეს არის ჯგუფი, რომელიც აკონტროლებს სასამართლო სისტემას ხანგრძლივი თანამშრომლობისა თუ ნათესაური კავშირების გათვალისწინებით. აქ იგულისხმება ძირითადად (სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე) მიხეილ ჩინჩალაძე და მასთან დაკავშირებული ადამიანები...
თუკი ადრე „კლანის“ ხელდასმული პირები იყვნენ მხოლოდ პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, შემდეგ - უზენაეს სასამართლოშიც შევიდნენ და ახლა უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშიც... როგორც ჩანს, კიკილაშვილისა და როინიშვილის ხმები გადამწყვეტი იყო მერაბ ტურავას არჩევისას და სასამართლოში აშკარად შეინიშნება კრიზისის ახალი ტალღა“.
ტერმინ „კლანის“ დამკვიდრება არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური ოპონენტების მიერ დამკვიდრებულ აბსურდად მიაჩნიათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. ამ შინაარსის განცხადებები ბოლო დღეებშიც გაკეთდა, როდესაც პარლამენტში აქტიურად დაიწყო საუბარი დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტზე. ეს პროექტი სასამართლოში კლანის არსებობის დადასტურებასა და გამოსავლის ძიებას ისახავდა მიზნად.
„სასამართლოსთან დაკავშირებით დადგენილების პროექტი, ყველამ ვიცით, რომ არის სპეკულაციური პროექტი. ჩვენ ვიცით, რომ ბესელია გახდა უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ღია ქომაგი, მათ შორის, რურუასი, უგულავასი და სხვების და ზოგადად იმ ადამიანების, რომლებიც ყველაზე მძიმედ არიან დაკავშირებული „ნაცმოძრაობის“ კრიმინალურ პოლიტიკურ წარსულთან. აქედან გამომდინარე, მისგან, ბუნებრივია, არ გვიკვირს ასეთი სპეკულაციური დადგენილების ინიცირება”, – განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ.
ხოლო ბესელიამ კობახიძეს „ღია ლობისტი, კლანის ერთი დამხმარე ბიჭუნა“ უწოდა.
„კლანის“ არსებობას საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე, მერაბ ტურავაც გამორიცხავს. 25 ივნისს, თავმჯდომარის პოსტზე არჩევის შემდეგ მან ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ - სრულიად ბუნებრივი პროცესია მის წინააღმდეგ აქციის გამართვა და კრიტიკა.
„ის, რომ აქცია იმართება და აზრის გამოხატვა ხდება როგორც მხარდამჭერი, ასევე საწინააღმდეგო, ჩემი აზრით, ეს არის მხოლოდ დემოკრატიის გამოხატულება ნებისმიერ საზოგადოებაში და მათ შორის - საქართველოში. ნებისმიერ თანამდებობაზე პირის არჩევა უნდა ხდებოდეს, რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრის ფონზე“, - განაცხადა ტურავამ და მედიას მაქსიმალურ გახსნილობასა და გამჭვირვალობასაც დაჰპირდა.
მაშინ სტუდენტი იყო, მაგრამ ანა ნაცვლიშვილს კარგად ახსოვს, თუ როგორ უსამართლოდ მოხდა, სხვა რამდენიმე მოსამართლესთან ერთად, მერაბ ტურავას გამოგდება უზენაესი სასამართლოდან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, მაგრამ, მისი თქმით, ეს ამჟამინდელ პროცესებს ვერაფრით ამართლებს.
„მით უმეტეს, თუ ის თავად იყო უსამართლობისა და კანონის გამრუდების მსხვერპლი, სრულიად განსხვავებულად უნდა მოქმედებდეს დღეს... და რატომ არ უქმნის მას დისკომფორტს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მოადგილის (ვასილ როინიშვილის) მიერ არის ის დღეს ნომინირებული“, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
მერაბ ტურავას გვარი და სახელი აქტიურად რამდენიმე წლის წინ ისმოდა. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მას მწვავედ აკრიტიკებდნენ ხელისუფლების ინტერესების გატარების გამო და განსაკუთრებით 2016 წელს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენჯერმე გადაიდო გიგი უგულავასა და „კაბელების საქმის“ მსჯავრდებულების გაერთიანებული სარჩელების არსებითი განხილვა.
მწვავე იყო კრიტიკა 2015 წელსაც, როდესაც მოსამართლე ტურავამ ხელი არ მოაწერა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რაც 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის საკითხს შეეხებოდა.