Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ იცავს კონსულტანტებს, რომლებიც ღამით მუშაობენ?


ბოლო ერთ თვეში, მაღაზიათა ქსელ „სპარში“, კონსულტანტებს ორჯერ დაესხნენ თავს. 30 დეკემბერს, კოსტავას გამზირზე, „სპარის“ ერთ-ერთ მაღაზიაში, გამთენიისას მომხდარ თავდასხმას, 18 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. თავის არეში მიყენებული ჭრილობებით ის 20 დღეზე მეტხანს იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტი რამდენიმე დღის წინ, დაიღუპა.

27 იანვარს, „სპარის“ 24 წლის თანამშრომელს, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში დაესხნენ თავს. თავდამსხმელმა ახალგაზრდას ცივი იარაღით, მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა და მიიმალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. შსს-მ თავდამსხმელი მალევე დააკავა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან კონსულტანტი ორი დღით ადრე მომხდარი კონფლიქტის გამო დაჭრა.

დაცულია თუ არა სავაჭრო ობიექტებში კონსულტანტთა უსაფრთხოება, ვინ იცავს დასაქმებულებს, რომლებიც სადღეღამისო ობიექტებში მუშაობენ? – ბოლო ერთ თვეში მომხდარმა თავდასხმებმა საზოგადოების ნაწილში ეს და სხვა მსგავსი კითხვები გააჩინა.

"სპარი": ასეთი შემთხვევებისგან არავინაა დაზღვეული

მაღაზიათა ქსელ „სპარის“ მმართველი დირექტორი მირანდა მანჯგალაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ირწმუნება, რომ კომპანია სრულად იცავს შრომის უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და მაქსიმალურად ცდილობს უზრუნველყოს დასაქმებულთა უსაფრთხოება. მისი თქმით, არავინაა დაზღვეული ისეთი უბედური შემთხვევებისგან, რომლებიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მაღაზიათა ქსელში დაფიქსირდა:

„ეს არის ის საკითხი, რომელთანაც ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი ბიზნესი და ორგანიზაცია დაუცველია, რადგან ადამიანი განზრახ მოდის და იდენს დანაშაულს. ასეთი უბედური შემთხვევისგან არავინაა დაცული. თუნდაც ქუჩაში მიმავალი რიგითი ადამიანები. ქუჩაში რომ დაჭრა ქალმა დედ-მამასთან ერთად მიმავალი ბავშვი, მშობლები იყვნენ დამნაშავენი?“

რაც შეეხება სავაჭრო ობიექტზე არსებულ უსაფრთხოების ზომებს, მირანდა მანჯგალაძის განმარტებით, „სპარის“ ყველა ობიექტი აღჭურვილია საგანგაშო ღილაკით, რომლის ამოქმედებისთანავე ობიექტზე გადის სამართალდამცავთა ჯგუფი. გარდა ამისა, მისივე თქმით, გარკვეულ ობიექტებზე ჰყავთ დაცვის თანამშრომლებიც, თუმცა, ისინი არ არიან შეიარაღებულნი და მათი უფლება-მოვალეობა მაღაზიაში წესრიგის უზრუნველყოფაა:

„30 დეკემბრის შემთხვევისას, ობიექტზე დაცვა იყო, თუმცა, შეუიარაღებელ დაცვას გაუჭირდება მეორე ადამიანის დაცვა. რაც შეეხება პრევენციულ ზომებს, ყველა ობიექტი აყვანილია საგანგაშო ღილაკზე. ყველა საგანგაშო ღილაკი გამართულია, მუშაობს მონიტორინგისა და უსაფრთხოების სამსახური კომპანიის შიგნით, ვთანამშრომლობთ პოლიციასთან ნებისმიერ საქმეზე. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია, პირველ რიგში, ჩვენს თანამშრომლებამდე მივიდეს, რომლებიც შეშინებულები არიან და თვლიან, რომ შესაძლოა, მათაც საფრთხე ემუქრებათ, რადგან ეს ყველაფერი ისე შეიფუთა, თითქოს ისინი დაუცველები არიან და მათ უსაფრთხოებაზე არავინ ზრუნავს. საზოგადოებამ ეს ტრაგედია ჩვენ დაგვაბრალა, რაც არ არის სწორი“.

კითხვაზე, თუ რატომ არ გადაუხადა კომპანიამ გარდაცვლილის ოჯახს კომპენსაცია, მირანდა მანჯგალაძე პასუხობს:

„კონსულტანტი არ გარდაცვლილა საწარმოო ტრავმის შედეგად. ამიტომ კომპენსაცია ვერ გაიცემოდა. თუმცა, კომპანიამ გამოიჩინა კეთილი ნება და სრულად დაფარა როგორც მკურნალობის, ისე დაკრძალვის ხარჯები. ოჯახის შემდეგ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენთვისაა ტრაგედია მისი გარდაცვალება“.

პროფკავშირი: კერძო ბიზნესი დაცვაზე ფულს ზოგავს

რაისა ლიპარტელიანი, გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები თანამედროვე შრომის სამყაროში აღარ უკავშირდება მხოლოდ მანქანა-დანადგარებსა თუ გარემო ფაქტორებს. მისი თქმით, ერთი შეხედვით, უწყინარი, რუტინული სამუშაო, შესაძლოა, საკმაოდ მაღალი რისკის შემცველი იყოს: „ის მითები, რომ მხოლოდ მაღაროებში, მშენებლობებზე არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და სხვა სფეროები ამ კუთხით უსაფრთხოა, მცდარია და ამის ერთ-ერთი მიზეზი სახელმწიფოს შრომის უსაფრთხოების არათანმიმდევრული პოლიტიკაა“.

რაისა ლიპარტელიანი ამბობს, რომ დღესდღეობით არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომელიც, ბიზნესს დაავალდებულებს ჰყავდეს დაცვის სამსახური, რომელიც ეფექტურად უზრუნველყოფს დასაქმებულთა უსაფრთხოებას:

„ის, რომ სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმები დაცული უნდა იყოს, ეს ვალდებულება, ცხადია, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში გაწერილია, თუმცა, გამოიხატება თუ არა ეს ვალდებულება დაცვის სამსახურის ყოლაში, კანონში გაწერილი არ არის. ჩვენ ვიცით, რომ სუპერმარკეტების უმეტესობას არ ყავს დაცვის სამსახურები. პროფკავშირებმა ერთ-ერთი ბოლო გამოკვლევის შედეგად, რომელიც სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულთა შრომით უფლებებს შეეხება, გამოავლინა, რომ ადამიანებს უწევთ სხვადასხვა ფუნქციის შეთავსება, მათ შორის, დაცვის თანამშრომლების. სამწუხაროდ, ისე ჩანს, რომ დამსაქმებლებს არ ადარდებს დასაქმებულების უსაფრთხოების ბედი. მაგრამ თუკი საქმე იმ ქონებრივ სიკეთეებს შეეხება, რომლებიც განთავსებულია მაღაზიებში, მაშინ ყველა დანაკლისი უნდა ანაზღაურდეს თანამშრომლების ხელფასიდან, სრულიად უკანონოდ“.

გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანი პრობლემაა ის სისხლის სამართლებრივი პოლიტიკაც, რომელსაც სახელმწიფო აწარმოებს:

„თუკი „სპარში“ მომხდარ დანაშაულებებს განვიხილავთ, ერთ შემთხვევაში, საქმე აღიძრა ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით, მეორე შემთხვევაში კი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით. ეს დანაშაულები არ იდენტიფიცირდება როგორც სამუშაოსთან დაკავშირებული დანაშაულები, არადა, ამგვარ დანაშაულებს განსხვავებული ნორმა უნდა შეეფარდოს სისხლის სამართლებრივი თვალსაზრისით“.

არასამთავრობოები: სახელმწიფომ დაავალდებულოს მომსახურების სფეროში მომუშავე კომპანიები, სამუშაო ადგილებზე დაცვის თანამშრომელთა ყოფნა უზრუნველყონ

ადამიანის უფლებადამცველები ეხმიანებიან „სპარის“ თანამშრომლებზე თავდასხმების ფაქტებს და მოუწოდებენ ხელისუფლებას, უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო პირობებისა და შრომის უფლებების დაცვა.

წერილში, რომელსაც შვიდი უფლებადამცველი ორგანიზაცია აწერს ხელს, ავტორები მიუთითებენ, რომ საცალო ვაჭრობის სფეროში დასაქმებულების თქმით, მათ ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში უწევთ მუშაობა, განსაკუთრებით კი ღამის ცვლაში მუშაობისას:

„მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებლებისთვის ეს საფრთხეები ცნობილი და წინასწარგანჭვრეტადია, ისინი უარს ამბობენ საცალო ვაჭრობის ობიექტები დაცვის თანამშრომლების უზრუნველყონ. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობისთვის „სპარის“ თანამშრომლის, მათე ჯომიდავას გარდაცვალება, არ გახდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმის წინაპირობა და, შესაბამისად, მან ვერ უზრუნველყო განმეორებითი შემთხვევის თავიდან არიდება“, - წერია 28 იანვარს გავრცელებულ წერილში.

წერილის ავტორების განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ ხელისუფლებამ მყისიერად უნდა უპასუხოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს და, სხვა ღონისძიებებთან ერთად, დაავალდებულოს მომსახურების სფეროში მომუშავე კომპანიები, სამუშაო ადგილებზე დაცვის თანამშრომელთა ყოფნა უზრუნველყონ:

„მოვუწოდებთ საქართველოს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ განახორციელოს „სპარისა“ და საცალო ვაჭრობის სხვა ობიექტთა შემოწმება, დარღვევების გამოვლენა და კომპანიის პასუხისმგებლობის დაყენება. ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, აღარ გადადოს შრომის კოდექსის ფუნდამენტური რეფორმა და უპასუხოს მომსახურების სფეროში არსებულ მძიმე გამოწვევებს“.

გასული წლის ნოემბერში, გაერთიანებულმა პროფკავშირმა საქართველოს დიდ ქალაქებში იკვლია ვაჭრობის სფეროში არსებული შრომითი უფლებების აღსრულების საკითხი. გამოიკითხა 700 რესპონდენტი. გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ:

  • სავაჭრო ქსელსა და სუპერმარკეტებში დასაქმებულთა უდიდეს ნაწილს (66,3%) არ აქვთ შრომითი ხელშეკრულების საკუთარი ეგზემპლარი;
  • დღეში საშუალოდ ნამუშევარი საათების რაოდენობა შეადგენს სავაჭრო ქსელში 9 საათს; სუპერმარკეტებში - 10,8 საათს;
  • ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი შეადგენს სავაჭრო ქსელში 537 ლარს, ხოლო სუპერმარკეტებში 437 ლარს;
  • დასაქმებულთა უდიდეს ნაწილს უწევს ძირითად სამუშაოსთან ერთად დამატებითი სამუშაოს შესრულება, რომელიც არ შედის მათ ძირითად მოვალეობაში;
  • გამოკითხულთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების სანაცვლოდ მათ ანაზღაურება არ ეძლევათ;
  • იმ მიზეზებს შორის, რომლის გამოც დასაქმებულები ვერ სარგებლობენ შესვენებით ყველაზე ხშირად სახელდება დატვირთული გრაფიკი;
  • კითხვაზე უზრუნველყოფილია, თუ არა შრომის უსაფრთხოება თქვენს სამუშაო ადგილზე, „არა“ ან „ნაწილობრივ“ უპასუხა სავაჭრო ქსელში 17,2%-მა, ხოლო სუპერმარკეტებში 30,4%-მა.
XS
SM
MD
LG