ბოლო ერთი წლის მანძილზე რუსეთის მეზობელ ქვეყნებში გაიზარდა მოთხოვნა ევროპულ საქონელზე. ბრიუსელი ეჭვობს, რომ შემდეგ ამ საქონელს მოსკოვი ყიდულობს და ამგვარად გვერდს უვლის მისთვის დაწესებულ საქნციებს.
ევროკავშირმა რუსეთს სანქციების უკვე 9 პაკეტი დაუწესა და ახლოსაა მე-10 პაკეტზე შეთანხმებასთან. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ოლიგარქებისთვის ქონების გაყინვის გარდა, სანქციები ასევე ზღუდავს რუსეთთან ვაჭრობას. ბრიუსელმა წევრ ქვეყნებს აუკრძალა რუსეთში იარაღის, კომპიუტერული ტექნიკის, საფრენი აპარატებისა და მათი ნაწილების, საკომუნიკაციო ტექნოლოგიის, და ასევე ე.წ. ორმაგი გამოყენების საქონლის გაყიდვა.
ორმაგი გამოყენების საქონელს იყენებენ როგორც მშვიდობიანი, ისე სამხედრო მიზნებისთვის. ასეთია, მაგალითად, დრონები და მათთვის განკუთვნილი კომპიუტერული პროგრამები. მაგრამ რუსული ჯარი ახერხებს სხვა საქონლის გამოყენებასაც.
ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დატოვებულ სამხედრო ტექნიკაში ნაპოვნია მიკროჩიპები, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკიდანაა ამოღებული.
ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მონაცემებით, 2022 წლის მარტიდან მკვეთრად იმატა ევროპული და ბრიტანული საქონლის ექსპორტმა რუსეთის მეზობელ ქვეყნებში. 2017-2019 წლებთან შედარებით, 179 პროცენტითაა გაზრდილი ექსპორტი ყირგიზეთში. სომხეთში 170%-ით, ყაზახეთში 125%-ით, საქართველოში კი 122%-ით.
მხოლოდ 2022 წლის დეკემბერში, ყაზახეთმა ევროკავშირისგან ერთი მილიონი დოლარის სარეცხი მანქანები იყიდა. ეს ოთხჯერ მეტია, ვიდრე წინა წელს. ევროკავშირის წარმომადგენელი სანქციების საკითხში, დევიდ ო’სალივანი ამბობს, რომ ჯერჯერობით ხელს ვერავის დაადებს, მაგრამ ეს უჩვეულოა.
„ვხედავთ, რომ ევროკავშირმა საგრძნობლად შეამცირა ვაჭრობა რუსეთთან და უჩვეულოდ გაზარდა ვაჭრობა სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით მათთან, ვინც რუსეთის გავლენის ქვეშაა. ახალი პროდუქცია უცაბედად დასჭირდათ და ის მათთან რჩება, თუ ამა თუ იმ გზით რუსეთში ჟონავს?“ - უთხრა მან გამოცემა The Financial Times-ს.
რატომ ვერ მუშაობს სანქციები?
პროგნოზები არ გამართლდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2022 წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქი (მშპ) მოსალოდნელზე გაცილებით ნაკლებით, 2,4%-ით შემცირდა. როსსტატის, რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემები უფრო შთამბეჭდავია - 2,1%-იანი ვარდნა. ამასთან, კრემლი ვარაუდობს, რომ სანქციების მიუხედავად, 2023 წლის ბოლოსთვის მშპ დაახლოებით 1%-ით გაეზრდება.
2022 წლის მარტის ბოლოს, სანქციებისა და რუსეთიდან დასავლური კომპანიების გასვლის საპასუხოდ, კრემლმა დაუშვა ე.წ. პარალელური იმპორტი. ანუ ნივთი ისე შემოაქვს, რომ მასზე ინტელექტუალური საკუთრების მფლობელის თანხმობა აღარ სჭირდება.
„პარალელური იმპორტით” რუსეთში შემოდის აიფონები, ავტომობილები, კომპიუტერები და კიდევ ათეულობით სხვა საქონელი. რუსეთის საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ 2022 წლის 6 თვეში ქვეყანაში ამ სქემით 17 მილიარდი დოლარის საქონელი შევიდა.
იანვრის ბოლოს BBC-ს რუსულმა სამსახურმა აღმოაჩინა, რომ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში დიდი რაოდენობის საქონელი კონტრაბანდით შედის და რუსი მესაზღვრეები ამაზე ხშირად თვალს ხუჭავენ. გარდა ამისა, BBC-ს რესპონდენტები ამბობდნენ, რომ კრემლი სანქციებს გვერდს უვლის ინდოეთის, თურქეთის, ჩინეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ხარჯზეც.
კომპანია TBC Capital-ის მონაცემებით, მხოლოდ 2022 წლის პირველ ექვს თვეში, ტვირთების ტრანზიტი თურქეთსა და რუსეთს შორის გასამმაგდა. ძირითადად, საქართველოს გავლით.
ევროკავშირის წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი ამბობს, რომ ბრიუსელი აუცილებლად გაარკვევს, ვისი წყალობით ახერხებს რუსეთი სანქციებისგან თავის დაღწევას.