Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის საელჩო:ელჩის სიტყვები არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არამედ ზოგად ვაჭრობას ეხებოდა


ჩეხეთის საელჩოს შენობა თბილისში.
ჩეხეთის საელჩოს შენობა თბილისში.

ჩეხეთის საელჩომ საქართველოში „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე განმარტება გამოაქვეყნა ელჩ პეტრ მიკისკის განცხადების შესახებ. საელჩოს ცნობით, პეტრ მიკისკასა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილის შორის ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა ქართულ მედიასაშუალებებში ბოლო დროს გამოქვეყნებული მასალების შესახებ, რომელიც ეხებოდა საქართველო-ჩეხეთის ორმხრივ ვაჭრობას.

როგორც საელჩო აღნიშნავს, შეხვედრაზე ელჩმა დეტალურად ახსნა, რომ მისი კომენტარები, რომლებიც კონტექსტიდან ამოვარდნილად გავრცელდა, არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არამედ ზოგად ვაჭრობას უკავშირდებოდა. მისთვის ცნობილია და აფასებს საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას სანქციებთან დაკავშირებით. საელჩოს ცნობით, ორივე მხარემ იმსჯელა ამ და სხვა სენსიტიურ საკითხებზე, ინფორმაციის შემდგომი გაცვლის თვალსაზრისით.

საელჩო ვარაუდობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ეჭვები გაიფანტა და ეს თემა არ საჭიროებს შემდგომ განხილვას.

საქართველოს მიერ სანქციების სავარაუდო გვერდის ავლაზე ელჩმა 30 ნოემბერს "თავისუფალი რუსეთისა" და ლიეტუვის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრამდე, ჩეხეთის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ელჩის კომენტარს „დიპლომატიური რეაგირება" მოჰყვება.

ამ თემას გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. მან ელჩ მიკისკას მტკიცებულებები მოსთხოვა.

ჩეხეთის ელჩის განცხადებებზე ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა "ნეტგაზეთმა" გაავრცელა.

ორგანიზაცია "თავისუფალი რუსეთისა" და ლიეტუვის საელჩოს მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე კითხვა დასვა ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ: "ომის ფონზე "ქართული ოცნების" მთავრობამ უღალატა პარტნიორებს... უნდა ველოდოთ თუ არა რაიმე განვითარებას? რა შედეგები მოჰყვება "ქართული ოცნების" ამ ტიპის პოზიციებს ქვეყნისთვის და არა მთავრობისთვის?"

ელჩმა პეტრ მიკისკამ პასუხად თქვა, რომ საქართველოში, ფაქტობრივად, შეუძლებელია პასუხის გაცემა კითხვაზე, იქნება თუ არა რაიმე უარყოფითი შედეგები:

„სინამდვილეში, არა მხოლოდ ჩეხეთი, არამედ ევროკავშირის ყველა წევრი აგროვებს ინფორმაციას საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მთავრობის პოზიციებზე სანქციებისა და რუსეთის მიმართ. ზოგჯერ მარტივი არაა ჩვენთვისაც კი იმის გარკვევა, რომ შეიძლება ჩვენც ჩართული ვიყოთ".

ამის შემდეგ ელჩმა ჩეხეთიდან საქართველოში ექსპორტის ზრდაზე დაიწყო საუბარი და აღნიშნა, რომ „საკმაოდ დარწმუნებულია", რომ ექსპორტის ნაწილი რუსეთში გადის.

„გასულ წელთან შედარებით, წლის დასაწყისიდან, მაგალითად, ჩეხური პროდუქტების ექსპორტი საქართველოში 80%-ით გაიზარდა. თითქმის გაორმაგდა. გასულ წელს, პანდემიის გავლენის მიუხედავადაც კი, ექსპორტის რეკორდული რიცხვი იყო.

ასე რომ, ჩვენ საკმაოდ დარწმუნებული ვართ, რომ ამ [ექსპორტის] ზრდის ნაწილი მაინც რუსეთში გადის. ჯერჯერობით, აქამდე, ვერ შევძელით, დაგვედგინა, ეს პროდუქტები ნამდვილად ჩრდილოეთისკენ მიდის თუ არა. თუკი ეს საწარმოო საქონელია, ეკონომიკა ისე არ ვითარდება, რომ შთანთქას ჩეხეთიდან ექსპორტი. თუკი სამომხმარებლო საქონელია, იგივეა - მომხმარებლებში ასე არ გაზრდილა ჩეხური პროდუქტების მიმართ სიყვარული. ასე რომ, ეს სადღაც უნდა მიდიოდეს და ჩვენ გვსურს, გავიგოთ [სად], თუმცა, ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ გზა, როგორ აისახოს ეს სტატისტიკაში", - განაცხადა ელჩმა.

პეტრ მიკისკას თქმით, ამ მიმართულებას დააკვირდებიან და ეს იქნება ერთ-ერთი კრიტერიუმი, როდესაც შეაფასებენ საქართველოს მზადყოფნას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის.

„არა მხოლოდ 12 რეკომენდაციის კუთხით [შევაფასებთ], დიდი ხნის წინ ჩვენს კრიტერიუმებში შევიტანეთ საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკაზე განცხადებები. თუკი ახლოდან დააკვირდებით, გაცილებით დაბალი მაჩვენებელი [აქვს საქართველოს], ვიდრე უკრაინასა და მოლდოვას. ზოგჯერ რთულია იმის გაგება, რატომ არ იზიარებს საქართველოს მთავრობა ევროკავშირის განცხადებებს ზოგიერთ დიქტატორულ რეჟიმზე".

ჩეხეთის საელჩომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებენ.

ჩეხეთიდან იმპორტის ზრდას გამოეხმაურა საქარტველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

„ჩეხეთიდან საქართველოში საქონლის იმპორტის გაზრდილი მაჩვენებლების დიდი ნაწილი მოდის ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მომსახურე კომპანიების მიერ შემოტანილ მანქანებსა და მოწყობილობებზე, ტურბინებზე, ელექტრომოწყობილობებზე, ზეთებსა და აკუმულატორებზე, ელექტროენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიების, მათ შორის, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას და სს ეპ „ჯორჯია გენერაციის“ მიერ შემოტანილ ელექტროაპარატურაზე, ტრანსფორმატორებზე, ელექტროსადენებზე, აკუმულატორებზე და მეტალოკონსტრუქციებზე, ასევე სხვა კომპანიების მიერ შემოტანილ მობილურ ტელეფონებზე, კომპიუტერებზე და სხვა პირველადი მოხმარების საქონელზე, რომლებიც განკუთვნილია ადგილზე მოხმარებისათვის და არა სხვა ქვეყნებში რეექსპორტისათვის" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ჩეხეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია: მათ შორის დაძლიოს პოლიტიკური პოლარიზაცია, ჩაატაროს სასამართლოს რეფორმა, გაათავისუფლოს ის პოლიტიკური ზეგავლენისგან, უკეთ დაიცვას უმცირესობების უფლებები, ებრძოლოს კორუფციას და სხვა.

XS
SM
MD
LG