Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არიან პატარკაციშვილის ახალ საქმეზე ბრალდებულები?


Georgia -- private record
Georgia -- private record

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული სამივე პირი ყოფილი მაღალჩინოსანია. ორი მათგანი, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა, სასჯელს იხდიან სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებზე. მათ შორის, ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“, ე.წ. „ფარული კადრების ჩამწერი პირებისა“ და 26 მაისის საქმეებზე.

რევაზ შიუკაშვილი

რევაზ შიუკაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა 2009 წლიდან. 2012 წლიდან ის იყო შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი. მთავარმა პროკურატურამ რევაზ შიუკაშვილი ე.წ. „ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე“ 2016 წელს დააკავა. 2016 წელსვე წარუდგინეს რევაზ შიუკაშვილს ბრალი 2011 წლის 26 მაისის საქმეზე, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე. 26 მაისის საქმეზე მასთან ერთად წარედგინა ბრალი ლევან ქარდავასაც, რომელიც ასევეა ბრალდებული ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე.

ლევან ქარდავა

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, თავდაპირველად 2012 წლის 15 დეკემბერს დააკავეს “ქართული ოცნების” ლიდერის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესიკ სურმავას გატაცების საქმესთან დაკავშირებით. მისი დაკავების მიზეზი ასევე 333–ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გადამეტება და 143–ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გახდა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით ლევან ქარდავას გირაო შეუფარდა. ლევან ქარდავა 2013 წლის მარტიდან დაკავებულია „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე. 2013 წელს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლევან ქარდავა ერთ-ერთ დამნაშავედ დაასახელა ფარული ჩანაწერების, ე.წ. „კასრების საქმეზე“. მაშინ სააკაშვილი ამბობდა, რომ ლევან ქარდავა მის ხელისუფლებას “გადმოჰყვა შევარდნაძის დროიდან”, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობდა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გადაბირებას ცდილობდა.

გიორგი მერებაშვილი

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულის გიორგი მერებაშვილის, მეტსახელად „ნაცის“ (თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსის) სახელი და გვარი ფიგურირებს ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეში, სადაც ის მოწმის სტატუსით დაიკითხა 2016 წელს. იმ პერიოდში, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მერებაშვილმა დაკითხვისას თქვა, რომ დათა ახალაიას მოადგილისგან მიიღო ცრუ მოწმეების მოძებნის დავალება. პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გიორგი მერებაშვილი 16 ოქტომბერს დააკავეს. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებული აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე დაკითხული არ ყოფილა და საქმე არის აბსურდული: "ისეთი რეზონანსული მკვლელობის მომზადება, როგორიც პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაა, ესე სუსტად და უსუსურად გამოძიებული, ესე მტკიცებულებების არ ქონის შემთხვევაში გამოძიება და კაცზე ბრალის წარდგენა, სასამართლოში წარმართვა, სცილდება ნორმებს", - ამბობს კახაბერ ხვისტანი.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ყოფილი ხელისუფლების 3 მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა. ბრალი კუდ-ის ყოფილ ხელმძღვანელებს წაუყენეს. ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების საქმე 10 წლის წინ სკოტლანდ იარდმა გამოიძია და დაადგინა, რომ პატარკაციშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა და მკვლელობა არ განხორციელებულა.

კიდევ ვინ შეიძლება ამხილონ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე?

პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ასევე ფიგურირებს გიორგი დგებუაძე, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი. პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში ასევე ნახსენებია დათა ახალაიას, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის სახელი. დათა ახალაიას „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე, განზრახ მკვლელობისა და მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 2016 წლის დეკემბერში დაუსწრებლად მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. დათა ახალაიამ საქართველო 2012 წლის ოქტომბერში დატოვა. იმავე წლის დეკემბერში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლს მიმართა და მასზე ძებნა გამოაცხადა. 2014 წლის მარტში ახალაია საბერძნეთის ქალაქ პატრაში დააკავეს, საიდანაც ის ოთარ ურუშაძის პასპორტით იტალიაში გადასვლას ცდილობდა. საბერძნეთის სასამართლომ მისთვის პატიმრობის შეფარდება არ ჩათვალა მიზანშეწონილად, ხოლო 2016 წლის მარტში ინტერპოლმა ახალაიას ძებნა საერთოდ შეწყვიტა, რადგან მის დევნაში პოლიტიკური ნიშნები დაინახა.

2007 წლის დეკემბერში, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი, ტელეკომპანია რუსთავი 2 იუწყებოდა, რომ ის პიროვნება, რომელიც ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმას განიხილავდა, სავარაუდოდ, ჩეჩენ მებრძოლთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი გია დგებუაძე, მეტსახელად ”მასტერაა”. მაშინდელი გენერალური პროკურორის მოადგილე ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ მას არ შეეძლო ”ან დაედასტურებინა, ან არა ეს ინფორმაცია”. ის ამბობდა: ”ჩვენ მხოლოდ შევძლებთ დეტალებზე საუბარს, როდესაც ჩანაწერი შემოწმდება“.

The Sunday Times-ი, 23 დეკემბერს ფარული აუდიო ჩანაწერის თანახმად, იტყობინებოდა, რომ იგეგმებოდა ბიზნესმენისა და პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა. Times-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული აუდიომასალა, რომელიც 2006 წლის ივნისშია ჩაწერილი, ასახავს საუბარს, სავარაუდოდ, დაქირავებულ ჩეჩენ მკვლელსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხელეს შორის. გაზეთის ცნობით, მკვლელობას უკვეთავდნენ ჩეჩენ მებრძოლს უვაის ახმადოვს, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ გეგმის მიხედვით მოქცეულიყო, ბიზნესმენის მოკავშირეები საუბრის შესახებ გააფრთხილა.

ბადრი პატარკაციშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა 2008 წლის 13 თებერვალს, ლონდონში, საკუთარ სახლში. იმ დღეს, წინასწარ გავრცელებული ცნობებით, რაც თავად პატარკაციშვილის ახლობლებმაც დაადასტურეს, ბიზნესმენის სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა, ისე რომ ექიმებმა მისთვის დახმარების გაწევა ვერ შეძლეს.

XS
SM
MD
LG