ვიდეო, რომლის შესახებ გამოძიებაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 აპრილს დაიწყო, YouTube-ზე პირველად 2017 წლის სექტემბერში აიტვირთა. მოზარდ ბიჭს თანატოლები აიძულებენ მოჰყვეს ამბავს, სავარაუდოდ, მასთან დამყარებული სექსუალური ხასიათის კავშირის შესახებ. ბიჭი ტირის და თან თანატოლების კითხვებს პასუხობს.
ვიდეოძალადობაზე გამოძიება დაიწყო
- ვიდეო YouTube-ზე პირველად 2017 წლის სექტემბერში აიტვირთა, მეორედ 19 აპრილს. ვიდეო ასევე აიტვირთა ფეისბუკის სხვადასხვა გვერდზე.
- სამართალდამცველებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვნის ვინაობა.
- დადგენილია ის პირი, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, რომელიც, ასევე, არასრულწლოვანია.
- გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი ერთი სკოლის მეშვიდე-მერვე კლასების მოსწავლეები არიან.
- დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
ვიდეო მეორედ YouTube-ზე 19 აპრილს აიტვირთა. ვიდეო აიტვირთა სოციალურ ქსელ ფეისბუკის სხვადასხვა გვერდზე. მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს მალევე მიაწოდეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოს შესახებ, ჩანაწერი რამდენიმე საათის განმავლობაში კვლავ იყო ხელმისაწვდომი სხვადასხვა სოციალური ქსელის მომხმარებლებისათვის. შსს, გარდა ოფიციალურად გავრცელებული განცხადებისა, არ აკეთებს დამატებით კომენტარს სოციალური ქსელებიდან ვიდეოჩანაწერის წაშლის პროცედურისა და ხანგრძლივობის თაობაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 140-ე და 157-ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით, რაც 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 140-ე მუხლი გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან. 157-ე პრიმა მუხლი ეხება პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას. სამართალდამცველებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვნის ვინაობა. დადგენილია ის პირიც, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, რომელიც, ასევე, არასრულწლოვანია. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი ერთი სკოლის მეშვიდე-მერვე კლასების მოსწავლეები არიან. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
გავრცელებულ ვიდეოში რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება, რადიო თავისუფლებას უთხრა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტმა ანა თავხელიძემაც. როგორც ის ჩვენთან საუბარში მიუთითებდა, აუცილებელი იყო, რომ გამოძიება დაწყებულიყო რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის სწორედ სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მუხლით 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან. ის არ გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, მოზარდი ნამდვილად იყოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. გარდა ამისა, ანა თავხელიძის სიტყვებით, აუცილებლად უნდა დადგინდეს იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც ვიდეო არა მარტო ჩაიწერეს, არამედ გაავრცელეს, რათა დაეკისროთ პასუხისმგებლობა:
ამ ვიდეოში ორივე ბავშვის მძიმე მდგომარეობა ჩანს. არც ერთი მათგანი არ არის უპირატეს მდგომარეობაში. ამ მოვლენას ორი მსხვერპლი ჰყავს. ორივე მხარეს არის ბავშვი, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ დახმარებას...მაია ცირამუა
„თუკი ისინი 14 წლამდე ასაკისანი არიან, მათ ვერ დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქმე ამით უნდა დამთავრდეს. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იმუშაოს ამ ბავშვებთან. საქმეში აუცილებლად უნდა ჩაერთონ სოციალური სამსახურის წარმომადგენლები. თუმცა, თუ დადგინდა, რომ ისინი არიან 14 წელს მიღწეულნი და გამოიკვეთება მათი დანაშაული, ასეთ შემთხვევაში, მათ მიმართ, შესაძლოა, განიხილებოდეს სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მეთოდი - განრიდება და მედიაცია“.
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის მინიმალური ასაკი 14 წელია, ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისათვის – 16 წელი. კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვნის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული. მოზარდის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, პირველ რიგში, განიხილება განრიდების შესაძლებლობა. განრიდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას გულისხმობს და არის სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომლის მიზანია არასრულწლოვნის სათანადო განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. განრიდების მექანიზმი საქართველოში 2010 წლიდან ამოქმედდა.
გავრცელებული ვიდეოს შესახებ საქმის მოკვლევა დაიწყო სახალხო დამცველის ოფისმაც. სახალხო დამცველის მოადგილის, ეკა სხილაძის, თქმით, ჩანაწერიდან იკვეთება, რომ ბავშვი არის თანატოლთა მხრიდან ძალადობისა და ბულინგის მსხვერპლი.
„დარღვეულია ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. აღნიშნული ჩანაწერის სოციალური ქსელით გავრცელება, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე“, - ამბობს ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს მყისიერად აღიკვეთოს ვიდეოჩანაწერის გავრცელება, დაიწყოს შემთხვევის გადაუდებელი გამოძიება, მოხდეს მასში მონაწილე პირებისა და გავრცელების წყაროს იდენტიფიცირება, შესაბამისი ფსიქოლოგიური და სოციალური დახმარება გაეწიოს მსხვერპლ ბავშვს, მათ შორის განხორციელდეს მონიტორინგი სამომავლოდ მისი უფლებების დაცვისა და მეორადი ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად; გატარდეს ყველა ღონისძიება ვიდეოჩანაწერში მონაწილე ბავშვების ძალადობრივი ქცევის კორექციისა და მათთვის ყველა შესაბამისი სერვისის შეთავაზების მიმართულებით.
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში განუმარტეს რადიო თავისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახი დადგენილია, საკითხზე უკვე მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტო. მეტ დეტალს, ბავშვისა და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი ვერ გაავრცელებენ.
ფსიქოლოგი მაია ცირამუა ვიდეოჩანაწერში მონაწილე ორივე მხარეს მსხვერპლად მიიჩნევს. მისი აზრით, თუკი დადგინდა ვიდეოჩანაწერში მონაწილე არასრულწლოვნის ბრალეულობა, აუცილებელია ფსიქოლოგებმა და სოციალურმა მუშაკებმა ისევე იმუშაონ მასთან, როგორც ძალადობის მსხვერპლთან:
„ამ ვიდეოში ორივე ბავშვის მძიმე მდგომარეობა ჩანს. არც ერთი მათგანი არ არის უპირატეს მდგომარეობაში. ამ მოვლენას ორი მსხვერპლი ჰყავს. ორივე მხარეს არის ბავშვი, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ დახმარებას. ასეთი სულისშემძვრელი შინაარსის ვიდეოს ნახვისას ადამიანებს, რა თქმა უნდა, უჩნდებათ სურვილი, რომ მოძალადე დაისაჯოს, მაგრამ დასჯის შიშით შეკავებული ქცევის არ მჯერა. ამ ქცევას სხვანაირი დარეგულირება, მუშაობა სჭირდება როგორც ბავშვთან, ისე მის გარემოცვასთან, ოჯახთან. შსს-მ გამოძიება დაიწყო. ვთქვათ და დაადგინა ბავშვის ბრალეულობა. საინტერესოა, რა იქნება შემდეგ? სოციალური მომსახურების სააგენტო ჩაერთვება პროცესში? ვინ იმუშავებს მასთან? სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ძალიან მწირი რესურსი გვაქვს ამ ტიპის საქმიანობისთვის. ძალიან ბევრი ჩავარდნა გვაქვს ამ სფეროში და სწორედ ამ ტიპის შემთხვევები გვაჩვენებს, რომ ბევრად მეტი სერვისი უნდა გვქონდეს ქვეყანაში“.