ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ საქართველოს მთავრობას ოფიციალურად სთხოვა საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ქონების დაბრუნება.
2023 წლის იანვრით დათარიღებული, მაგრამ მხოლოდ ახლა გასაჯაროებული წერილის ადრესატი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია. წერილში კარდინალი კათოლიკეებისთვის ჩამორთმეული და მართლმადიდებლებისთვის გადაცემული ექვსი ეკლესიის - გორის, ქუთაისის, ბათუმის, უდის, ივლიტისა და ბუზმარეთის ტაძრების დაბრუნებას ითხოვს.
წერილში აღნიშნულია, რომ გასული წლის სექტემბერში, ნიუ-იორკში ჩატარებული გაეროს გენერალური ასამბლეის კვირეულის დროს გამართული მოკლე შეხვედრისას, კარდინალი პრემიერ ღარიბაშვილს ესაუბრა ამ საკითხზე.
კარდინალი პაროლინი წერს, რომ მართლმადიდებლური სამრევლოების თქმით, ეს ეკლესიები მათ გადასცა ქვეყნის ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, რის გამოც ისინი ამ საკითხს განიხილავენ „სახელმწიფო საქმედ“.
მისი სიტყვებით, კათოლიკური ეკლესიისთვის ამ ქონების დაუბრუნებლობა, თავდაპირველად, მართლმადიდებელი მრევლისთვის საკულტო ნაგებობების ნაკლებობით აიხსნებოდა, თუმცა მას შემდეგ მართლმადიდებელი ეპისკოპოსების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ასეულობით ეკლესია აიგო (მათ შორის, სახელმწიფოს დახმარებითაც), ასე რომ, დღეს პრობლემა აღარ არსებობს.
ვატიკანის სახელმწიფო მდივანი პრემიერს შეახსენებს კათოლიკე ეკლესიის არაერთ მეგობრულ აქტს (ციტატა: სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე ეკლესიამ დააკმაყოფილა ქართველი მართლმადიდებელი მრევლის საჭიროებანი, როცა გამოუყო მას სალოცავი ადგილები. მაგალითად, რომში აღნიშნული მრევლი იყენებს მონტის წმიდა მაცხოვრის სახელობის ეკლესიას (San Salvatore ai Monti) და წერს, რომ პოლიტიკური თვალსაზრისითაც, მისასალმებელი იქნებოდა ერთგვარი „საპასუხო ნაბიჯის“ გადადგმა:
„რაც შეიძლებოდა გამოხატულიყო უმანკო ჩასახვის ეკლესიის დაბრუნებით, რომელიც მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, იქ, სადაც ცხოვრობს ყველაზე მრავალრიცხოვანი და ისტორიულად მნიშვნელოვანი რომაულ-კათოლიკური თემი საქართველოში“, - წერია კარდინალ პიეტრო პაროლინის წერილში.
უპასუხა თუ არა რამე ამ წერილს საქართველოს მთავრობამ ან როგორ? - ვიკითხეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში. კომენტარი საქართველოს საპატრიარქოსაც ვთხოვეთ. ჯერჯერობით, რადიო თავისუფლებას არცერთი უწყებიდან პასუხი არ მიუღია. დამატებითი კომენტარი ამ ეტაპზე ვერც წერილის ავტორისგან მივიღეთ.
საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ კარდინალის წერილს ახლავს საქართველოში მდებარე ისტორიულად კათოლიკური ტაძრების მოკლე ისტორიაც. ამ აღწერების (ტექსტი მცირედ შემოკლებულია) თანახმად:
გორის ტაძარი - წმინდა ოჯახის კათოლიკური ტაძარი გორში 1806-1810 წლებში აშენდა, ქალაქის კათოლიკური თემისთვის. გორი იყო კათოლიკე მისიონერების ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილი (სულ ცოტა, მე-17 საუკუნიდან მოყოლებული).
1930-იან წლებში, როცა მღვდლის გარეშე დარჩა, საბჭოთა მთავრობამ ტაძარი ეკლესიას ჩამოართვა და დახურა.
1970-იანი წლების ბოლოს შენობა გადაეცა კომკავშირს საკონცერტო დარბაზად. იქ განთავსდა ქალაქის სამუსიკო სკოლაც. „პერესტროიკის“ დადგომისთანავე, მორწმუნეთა მოთხოვნით, სამუსიკო სკოლა დაიხურა, მაგრამ შენობა მრევლისთვის არ გადაუციათ.
მღვდელი პერიოდულად ჩამოდიოდა თბილისიდან და წირვას კერძო სახლებში ატარებდა. 1989 წელს ქალაქის მთავრობამ შენობა მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა. 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში ჩატარდა რესტავრაცია, რის შედეგადაც დიდწილად წაიშალა კათოლიკური ხუროთმოძღვრების კვალი და მთლიანად განადგურდა ფრესკები.
ქუთაისის ტაძარი
ქუთაისში ამ კათოლიკური ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1819 წელს და უსახსრობის გამო, 40 წელზე მეტხანს გაგრძელდა. იგი უმანკო ჩასახვის სახელზეა აგებული. საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი ჯერ დახურა, შემდეგ საწყობად, ბოლოს კი საკონცერტო დარბაზად აქცია. 1989 წლიდან იგი მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა.
ბათუმის ტაძარი
ბათუმის კათოლიკური ტაძარი აშენდა 1889-1903 წლებში, ცნობილი მეცენატების, ძმები ზუბალაშვილების დაფინანსებით. საბჭოთა პერიოდში ეკლესია დაიხურა და სხვადასხვა მიზნით გამოიყენებოდა (მაღალი ძაბვის ელექტროსადგური, არქივი და სხვა). 1970 წელს შენობა გარემონტდა და 1980 წელს გადაეცა მართლმადიდებელ ეკლესიას.
უდის ტაძარი
კათოლიკური ეკლესია სოფელ უდეში აშენდა 1904-1906 წლებში, ადგილობრივი კათოლიკეების მიერ, იქ მცხოვრები მუსლიმების დახმარებით, რაც დადასტურებულია შენობაზე არსებული წარწერებით.
1930-იან წლებში მღვდლები დააპატიმრეს და ეკლესია კოლმეურნეობის საწყობად აქციეს. 1990-იანი წლებიდან ხელისუფლებამ შენობა მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა. მას შემდეგ ეკლესია მართლმადიდებლებს უკავიათ.
2012 წელს ძველი კედლის გალავანი დაანგრიეს და ახალი ააშენეს - ორნამენტებით დამშვენებული ძველი ქვები გაქრა და აშენდა სამრეკლო. მოგვიანებით გუმბათი გადააკეთეს, თუმცა, კათოლიკეთა პროტესტის შემდეგ, იგი აღარ შეუცვლიათ.
ივლიტის კათოლიკური ეკლესია
ივლიტის კათოლიკური ეკლესია მდებარეობს ქალაქ ახალციხის მიდამოებში. ომებითა და ხანძრით გამოწვეული ზიანის შემდეგ, ეკლესია რამდენჯერმე აღადგინეს. შენობა მართლმადიდებელმა ეკლესიამ აიღო იმ პირობით, რომ ქართველი კათოლიკე მღვდლის ჩამოსვლამდე კათოლიკეებს მოემსახურებოდნენ, შემდეგ კი შენობას დააბრუნებდნენ.
ბუზმარეთის კათოლიკური ეკლესია
ბუზმარეთის კათოლიკური ეკლესია მდებარეობს უდიდან რამდენიმე კილომეტრში, ტყეში, თურქეთთან სადემარკაციო ზონაში. ამაღლების დღესასწაულზე ადგილობრივი მოსახლეობა ეკლესიის მოსალოცად მიდის ხოლმე. ეკლესია ძველია, მისი აშენების თარიღი კი დავიწყებული. თუმცა ცნობილია, რომ უკანასკნელ პერიოდში იგი გარემონტდა კათოლიკე ოჯახების მიერ. ამჟამად შენობა მართლმადიდებელ ეკლესიას უკავია.