1988 წელს, როცა ირაკლი კობახიძე 10 წლის იყო, ჟურნალ „განთიადში“ დაიბეჭდა ვრცელი წერილი „ვაჟას მრწამსი“, რომლის ავტორი, ცნობილი ლიტერატორი და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბაქრაძე თხრობას იწყებს ვაჟა-ფშაველას მსოფლმხედველობისთვის სახელის დარქმევის არცთუ წარმატებული მცდელობების ირონიული აღწერით:
„მას მერე, რაც ვაჟას შემოქმედების კვლევა დაიწყო, რაგინდარა - იზმი არ მიუწერიათ მისთვის - ჰილოძოიზმი, პანთეიზმი, პაგანიზმი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ათეიზმიც კი. ისე გულახდილად რომ ვთქვათ, არც იყო ეს მოულოდნელი. იმ უცნაურ სამყაროში, ვაჟა-ფშაველამ რომ შექმნა, თავისუფლად იპოვით საკვებს ყოველგვარი - იზმისათვის“.
არ იყო მოულოდნელიო, კი ამბობს ბატონი აკაკი, მაგრამ ალბათ მასაც კი გაუჭირდებოდა ვაჟა-ფშაველას მრწამსის ისეთი, რბილად რომ ითქვას, უცნაური და თავისუფალი ინტერპრეტაცია, როგორიც ირაკლი კობახიძემ შესთავაზა საზოგადოებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლის კრიტიკის პასუხად.
თითქოს უცნაურია, რომ საქართველოში, რომლის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული და, რომლის მოქალაქეებს რამის ყოველდღე იტაცებენ შიდა ქართლიდან ე.წ. რუსი მესაზღვრეები, მაღალი თანამდებობის პირს რუსეთ-საქართველოს (თუნდაც რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების) ურთიერთობის აღსაწერად რატომღაც „სტუმარ-მასპინძელი“ გაახსენდა და არა ვაჟა-ფშაველას რომელიმე სხვა ნაწარმოები („ბახტრიონი“, „სისხლის ძიება“ და ა.შ.); გაახსენდა მწერალი. რომლის მრწამსი გაჯერებულია თავისუფლებისათვის ბრძოლისა და მტრის განადგურების წყურვილით.
რა საერთო აქვს „ლავროვის (სანქცირებული) ოჯახის“ საქართველოში შემოშვებას (თუ შემოპარებას) სტუმარ-მასპინძლობის წესის (ადათის) დაცვასთან, რომელიც ვაჟასთან მართლაც რომ დიდი სიქველეა („ვის გაუყიდავ სტუმარი? ქისტეთს სად თქმულა ამბადა?“). ან, თუ ასე მნიშვნელოვანია ირაკლი კობახიძისთვის და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის ადათ-წესების დაცვა, რატომ დაივიწყეს სხვა, მაგალითად შურისგების ადათ-წესი? განა ვაჟა არ ამბობს, თავის მტანჯველის შემუსვრა ან კი ვის არა სწადიანო?! ან კიდევ: „მაგრამ მტერს მტრულად მოექეც, თვითონ უფალმა ბრძანაო!“
რატომ არის ხელოვნური და თითიდან გამოწოვილი სტუმარ-მასპინძლობის წესის მოხმობა „მექორწილე ოკუპანტების“ შემთხვევაში?
ე.წ. „ლავროვის ოჯახის“ საქართველოში ყოფნა არანაირად არ ჰგავს ვაჟასთან აღწერილ სტუმარ-მასპინძლობას, რომელშიც ღირსებით, ვაჟკაცობით თანაბარი ორი მხარე - სტუმარი და მასპინძელი - მონაწილეობს (ერთმა მიიწვია, მეორემ მიიღო მიპატიჟება). ვაჟასთან აშკარაა, ვინ სტუმარია, ვინ - მასპინძელი და რა დამოკიდებულებაა მათ შორის, კობახიძესთან კი ყველაფერი ბუნდოვანია. როგორც იტყვიან, სტუმარი სტუმარს არ ჰგავს და მასპინძელი - მასპინძელს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ „სტუმარ-მასპინძლის“ მთავარი პერსონაჟები „კაი ყმები“ არიან, რასაც ვაჟა-ფშაველას სამყაროში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ვინ არის კაი ყმა?
აკაკი ბაქრაძე ამბობს, რომ, ვაჟას მიხედვით („კაი ყმა“), ადამიანში არსებობს ორი საწყისი - კაცისა და არაკაცისა:
„კაცი უნდა იყო: მეომარი, „პირველად ომის დამწყები, ბრძოლის ველ ბოლოს სწირავდეს“. ბრძენი მრჩეველი, „სწორს ფიქრს აძლევდეს თემ-სოფელს, ცდუნება არა სძირავდეს“. სიმართლის მცველი, „იქ იდგეს ხმალამოწვდილი, საც ძალა აღმართს ჰკვალავდეს, გაბეჩავებულ სიმართლეს, უსამართლობა სძალავდეს“. უშიშარი და შეუდრეკელი - „თავზარსა სცემდეს სიკვდილსა, ზედ ქორებულად ფრინავდეს“. უანგარო, უხარბო, სახელის პატივისმცემელი და დამფასებელი, „სჯობ, მოკვდეს მშიერ-ტიტველი, კვდებოდეს, არა გმინავდეს; თავის სამარხად, სუდრადა მარტო სახელსა სწირავდეს“ - ასეთია კაცებრი საწყისი, რომელსაც უპირისპირდება და ებრძვის არაკაცებრივი საწყისი, რომელიც ვაჟას დახასიათებით ასეთია: „თავის ჯამს ჩასცქერთ, საქვეყნოდ/ არც როს არ გამასდგებითა./ თავისად სცოცხლობთ, მცონარედ,/ ლეში ალაღოთ, ჰკვებდითა”.
არიან კი „კაი ყმები“ ყვარლის ტბაზე გათამაშებულსა და ირაკლი კობახიძის თვალით დანახულ სტუმარ-მასპინძელში?
სხვათა შორის, როგორც აკაკი ბაქრაძე შენიშნავს, სამშობლოს სიყვარულშიც უპირისპირდება კაცს არაკაცი:
„რასაც კაცი ჰქმნის, არაკაცი იმის დანგრევას ცდილობს. თუ კაცი სამშობლოს ჯარისკაცად დგას („ვერ მივცემ მტერსა მამულსა საჯიჯგნად, დასაზიანად“ - „დამსეტყვე, ცაო“ ), არაკაცი დაკავებულია იმით, რომ “გადაამტერებს ერთმანეთს ქართლსა, იმერეთს, კახეთსა („ვინ არის კაცი?“)“.
ვაჟას მცოდნეებს. „სტუმარ-მასპინძლამდე“ ისიც კარგად ახსოვთ, რომ ვაჟას ლექსიკაში „მეომარი“ განსაკუთრებული ღირსების მატარებელი ადამიანია და, რომ „აბა, ომი გინდათ?!“ - ამ კითხვის დასმა ვაჟას სამყაროში უადგილო და შეურაცხმყოფელია. ვაჟა ამბობს: „კაცისად იარაღისა აყრა სიკვდილთან სწორია“ („გოგოთურ და აფშინა“); „ვისაც რომ ქვეყანა უყვარს, სიცოცხლე მისთვის ომია!" („ხმა მესმის...“)
ვაჟა ასევე ამბობს, რომ მხოლოდ შრომა და სწავლა შესაძლოა არ იყოს საკმარისი ქვეყნის თავისუფლებისთვის, "არ გვეშველება, თუ ერთ დროს სისხლად არ იქეც, მელანო"-ო! („საახალწლო“)
მართალია, ვაჟა-ფშაველასთვის მკვლელობა, სისხლის ღვრა დანაშაული და ცოდვაა, მაგრამ ამავე დროს იგი სრულებით არ წუხს, პირიქით ხოტბას ასხამს მტრის სიკვდილს: „სიკვდილი თვითონ უფალსა გაუჩენია მტრისადა“ („ბახტრიონი“).
ვაჟას ხმალიც, რომელიც უხმარობით დაჟანგდა („ეხლა უშნოდ ვარ… დამკიდეს/ ლაჩართ კედელზე უქმადა;/ ვისღა სცალიან ჩემთვისა,/ ქვეყანა იქცა დუქნადა“), იმ დღეს ნატრობს, როცა ისევ სისხლით შეიღებება.
ვაჟასთან სამშობლოს დაცვა, მისი თავისუფლებისათვის ბრძოლა ისევე წმინდათაწმინდა და დიდია, როგორც ღმერთის სიყვარული. მშვიდობა არ არის ლაჩრობის სინონიმი, სამშობლოს კეთილდღეობისათვის დასაშვებია სისხლისღვრა: „ვინც მტერს მტრულად არ დახვდეს, მისი სახელი კრულია“ („სისხლის ძიება“).
ზემგრძნობიარე მინდიაც დაუზოგავია მტრის მიმართ. „მტრისას, ხმლით ნაჭერს, მინახავს მინდია სდგამდეს გორასაო“.
მაგრამ, განა, საკმარისია ცალკე აღებული ადამიანის თავდადება და ბრძოლა?
„საზოგადოებაც მოქმედი და მებრძოლი უნდა იყოს, - წერს აკაკი ბაქრაძე „ვაჟას მრწამსში“, - თორემ, თუ საზოგადოება უმოქმედოა, მთვლემარე, მცონარე და გულხელდაკრეფილია, ხალხი გადაიქცევა ბრბოდ. ხალხი და ბრბო სწორედ იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ხალხი მოქმედია, ბრბო - უმოქმედო; ხალხი - მებრძოლია, ბრბო - მორჩილი; ხალხი - შემოქმედია, ბრბო - მომხმარებელი; ხალხი თავისუფლების ტრფიალია, ბრბო - მონობისა; ხალხი მოაზროვნეა, ბრბო - გონებაჩლუნგი; ხალხს რწმენა აქვს, ბრბო - ურწმუნოა; ხალხი იმედით არის სავსე, ბრბო სასოწარკვეთილია; ხალხი მომავლის შექმნით ცოცხლობს, ბრბო - წუთისოფლის მოჭმით; ხალხი კეთილს ემსახურება, ბრბო - განჯგონებულია (სულხან-საბამს მიხედვით, განჯგონებული - ვისაც ბოროტი კეთილი ჰგონია); ხალხი პიროვნებებისგან შედგება, ბრბო უსახურია, მის წევრებს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ“.
აკაკი ბაქრაძის თქმით, ვაჟა, მთელი თავისი შემოქმედებითა და ცხოვრებით, გვეუბნება, რომ, თუ საზოგადოებას არ უნდა ხალხიდან ბრბოდ იქცეს, მაშინ იგი "უთუოდ და უთუმცაოდ უნდა იბრძოდეს, მოქმედებდეს, საკუთარი ნიჭის, ძალისა და უნარის მიხედვით".
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.