Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმ გაფრინდაშვილის საქმე სასამართლოში წავიდა


პოლიციის საგუშაგო საოკუპაციო გამყოფ ხაზთან სოფელ ერგნეთში
პოლიციის საგუშაგო საოკუპაციო გამყოფ ხაზთან სოფელ ერგნეთში

ცხინვალის საპატიმროში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, საქმე სასამართლოს გადაეცა. ამ საქმეს ახალგორის სასამართლო განიხილავს, რადგან ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე დააკავეს. ქართველ ექიმს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის ისჯება ფინანსური ჯარიმით, ორ წლამდე იძულებითი შრომით ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით. დე ფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობით, სასამართლო სხდომა მასალების გადაცემიდან მაქსიმუმ 14 დღეში უნდა დაინიშნოს. ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ვლადიკავკაზელ ადვოკატს უკვე დაუკავშირდა. მან სასამართლოში საქმის გადაცემის ფაქტი დაადასტურა, თუმცა არ იცის, კონკრეტულად როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი. გაფრინდაშვილის საკითხს ჟენევის დისკუსიის მორიგ რაუნდზეც განიხილავენ, რომელიც 10-11 დეკემბერს გაიმართება, ეს ინფორმაცია „ეხო კავკაზას“ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, მურატ ჯიოევმაც, დაუდასტურა.

ამასობაში საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები გენედი ბესტაევი საკუთარ სახლთან დააკავეს და ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს. გარდა ამისა, მას ნარკოტიკით ვაჭრობასაც ედავებიან. ამ ბრალდებას გამოგონილად მიიჩნევენ ბესტაევის ნათესავები. მათი თქმით, დაკავებულის სახლი საოკუპაციო ხაზზე მდებარეობს, ეზოში მავთულხლართია გავლებული და იქ მას ხშირად აკავებენ. ბესტაევის ბიძაშვილი, იური ბესტაევი, ამბობს, რომ ეს მისი ნათესავის უკვე მეხუთე დაკავებაა.

სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭომ გადაწყვიტა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის რაზდახანის პუნქტიდან საქართველოში გამგზავრების ნება დართოს ლენინგორის რაიონის დასახლებული პუნქტების მცხოვრებთ, რომლებიც შეყვანილნი არიან მთავრობის 119-ე დადგენილებაში...

ზარდიაანთკარელები აცხადებენ, რომ საოკუპაციო ღობეებით სოფელი ორ ნაწილად არის გაყოფილი და ადგილობრივ მოსახლეებს თავისუფალი გადაადგილება ეზღუდებათ. ამ სოფელში ქართველები და ოსები თანაცხოვრებენ, ოკუპირებულ სოფელ ხელჩუაში კი რუსეთის მესაზღვრეებს საგუშაგოები აქვთ მოწყობილი, თუმცა ადგილობრივები მათ ზარდიაანთკარშიც ხშირად ხედავენ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე გადასვლის აკრძალვა მოხსნა ახალგორის რაიონის იმ მცხოვრებთათვის, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.

დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის, პრესსამსახურის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიიღეს „უშიშროების საბჭოს“ სხდომაზე, რომელსაც ბიბილოვი ხელმძღვანელობდა:

„სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭომ გადაწყვიტა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის რაზდახანის პუნქტიდან საქართველოში გამგზავრების ნება დართოს ლენინგორის რაიონის დასახლებული პუნქტების მცხოვრებთ, რომლებიც შეყვანილნი არიან მთავრობის 119-ე დადგენილებაში, არ აქვთ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მოქალაქეობა და სჭირდებათ გადაუდებელი ან მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება, რომლის გაწევაც შეუძლებელია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო ადგილობრივ მცხოვრებთ, მესამე თვეა, შეზღუდული აქვთ წვდომა საქართველოს მოქალაქის პენსიასა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე სასწავლებლებში განათლების მიღებაზე.


დე ფაქტო უშიშროების საბჭოსავე გადაწყვეტილებით, "ლენინგორის რაიონის მცხოვრებთ, რომლებსაც არ აქვთ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მოქალაქეობა, პენსიის მიღების პირობების შესაქმნელად აღრიცხვაზე აიყვანენ სამხრეთ ოსეთის საპენსიო ფონდში“.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 4 სექტემბერს დაკეტა. ეს იყო ერთ-ერთი პასუხი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნაზე.

ოქტომბრის ბოლოს საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვარზე არ გაატარეს ახალგორის რაიონის მცხოვრები მარგო მარტიაშვილი, რომელსაც, სავარაუდოდ, ინსულტის გამო სჭირდებოდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ოჯახს პაციენტის გადაყვანა სურდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. მარგო მარტიაშვილი 28 ოქტომბერს გარდაიცვალა.

დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ახალგორის რაიონის მცხოვრებმა თამარ გიგაურმა ჭაში ჩავარდნის შედეგად მძიმე ტრავმები მიიღო და, ოჯახის თხოვნის მიუხედავად, ე.წ. საზღვარზე არც გიგაური გაატარეს.

ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო ადგილობრივ მცხოვრებთ, მესამე თვეა, შეზღუდული აქვთ წვდომა საქართველოს მოქალაქის პენსიასა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე სასწავლებლებში განათლების მიღებაზე.

XS
SM
MD
LG