Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმები ხელფასის გარეშე


ონკოლოგიურისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ექიმები ხელფასს რამდენიმეთვიანი დაგვიანებით იღებენ. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ექიმები ანაზღაურების გარეშე არ დარჩებიან, კლინიკების უკეთ ფუნქციონირებისთვის კი სტრატეგიის შემუშავებაა საჭირო. სამინისტრო ამ ორი კლინიკის რეაბილიტაციის საჭიროებაზე, წლებია, ლაპარაკობს, თუმცა განადგურებული ინფრასტრუქტურა და სამედიცინო პერსონალის ხელფასები პრობლემად რჩება. სახელმწიფომ კლინიკები სამართავად ჯერ საპარტნიორო ფონდს გადასცა და თქვა, მათ უკეთესი გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებითო, შემდეგ კი ჩამოართვა და ახალი ჰოლდინგი შექმნა იმ არგუმენტით, რომ სახელმწიფო უკეთ მოუვლის პროფილურ სამედიცინო დაწესებულებებს. საპარტნიორო ფონდში არაფერს ამბობენ იმაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა სხვადასხვა დროს გაცემული დაპირებების შესრულება, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელი კი არ გვეუბნება, როგორ აპირებს წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარებას.

ალექსანდრე მინდაძემ, რომელიც ონკოლოგიურ საავადმყოფოში დიაგნოსტიკური სამსახურის ხელმძღვანელია, ხელფასი ბოლოს თვე-ნახევრის წინ, მარტის შუა რიცხვებში, მიიღო - ეს იყო 2019 წლის ივლისის თვის ანაზღაურების 10%. თანხა მიზერული იყო. ალექსანდრე ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი განმარტება, როდის მიიღებს ის და მისი 200-ზე მეტი კოლეგა რამდენიმეთვიან დავალიანებას. მათთვის თუნდაც ორი თვის ხელფასი მნიშვნელოვანი შვება იქნებოდა - გაჩნდებოდა გზის და ჯიბის ფული. ონკოლოგიურ საავადმყოფოში ანაზღაურების საკითხი ახალი პრობლემა არ არის. 2019 წლის ოქტომბერში მათ აქციაც კი გამართეს. აქციის შედეგი იყო ის, რომ კლინიკის დირექტორი საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა და ექიმებს პრობლემების მოგვარებას შეჰპირდნენ.

„ონკოლოგიური კლინიკის შემთხვევაში მათი შემოსავალი არ აღემატება 70 ათას ლარს, მაშინ როცა მათი სახელფასო ანაზღაურება მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე მათი შემოსავალი“, - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, 5 მაისს ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ალექსანდრე მინდაძე ამბობს, რომ არსებული ვითარება კლინიკის ცუდი მენეჯმენტის ბრალია. აქ დასაქმებული პირების, დაახლოებით, 40% ადმინისტრაციულ კადრებზე მოდის. ხარჯები გაბერილია, საქმე კი არ კეთდება.

„კლინიკაში აპარატურა, ათწლეულებია, არ განახლებულა. თითქმის მთელი შენობა დანგრევის პირასაა. მხოლოდ ერთ მეხუთედს ვიყენებთ, დანარჩენი გამოუსადეგარია“, - ამბობს ექიმი და დასძენს, რომ ამგვარ ვითარებაში ყოველთვიურად იკლებს პაციენტთა რაოდენობაც. სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება გამომუშავებაზეა დამოკიდებული და ნაკლები პაციენტი ნაკლებ ხელფასს ნიშნავს. პაციენტების კლება ექიმებს აიძულებს სხვა, უფრო გამართულ კლინიკებში იშოვონ სამსახური.

ონკოლოგიური კლინიკის შენობა
ონკოლოგიური კლინიკის შენობა

მედიკოსთა პროფკავშირების ხელმძღვანელი, ირაკლი ამირანაშვილი, ამბობს, რომ ონკოლოგიური საავადმყოფოს მსგავს მდგომარეობაშია ბავშვთა ინფექციურიც - სახელფასო დავალიანება შედარებით ნაკლებია, მაგრამ დანგრევის პირას მისული შენობა, გამომუშავებაზე დამოკიდებული სამედიცინო პერსონალი და დაგვიანებული ანაზღაურება აქაც პრობლემაა.

„ამ ორივე კლინიკას ჰყავდა ერთი და იგივე ხელმძღვანელი, საპარტნიორო ფონდი. სწორედ მათი მოსვლის მერე დაიწყო პრობლემები. შარშან, როცა ონკოლოგიურის ექიმებმა აქცია გამართეს, მათი ერთ-ერთი მოთხოვნა ისიც იყო, რომ საპარტნიორო ფონდი გასულიყო მართვიდან. ეს მოთხოვნა შესრულდა, შეიქმნა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგი, მაგრამ ექიმებისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ჰოლდინგი იქნება თუ ფონდი, თუკი მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება? 21-ე საუკუნეში ექიმების ხელფასის გამო გამოსვლების მოწყობა არ უნდა გვიწევდეს, მით უმეტეს ახლა, როცა მთელი მსოფლიო მიხვდა ექიმების მნიშვნელობას“, - ამბობს ირაკლი ამირანაშვილი.

ძველი, ახალი პრობლემა

ექიმების ანაზღაურების საკითხი და შენობები, რომლებიც რეაბილიტაციას საჭიროებს, დიდი ხანია, პრობლემური საკითხია და სახელმწიფოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხედვა და გეგმა ჰქონდა.

ჯერ კიდევ 2013-ში მაშინ ახლად დანიშნული ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, ამბობდა, რომ ონკოლოგიური დაავადებების მართვაში არსებული მძიმე მდგომარეობა იმ განადგურებული ინფრასტრუქტურის ბრალი იყო, სადაც საავადმყოფო ფუნქციონირებდა. ამ დროს მინისტრი ამბობდა, რომ ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი სახელმწიფოს მმართველობაში უნდა ყოფილიყო და წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩასატარებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ლაპარაკობდა, რომელიც 27 მილიონი უნდა დამჯდარიყო.

2015 წელს დავით სერგეენკომ აღიარა, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო კლინიკის სათანადოდ მართვა. ონკოლოგიური საავადმყოფო, ბავშვთა ინფექციური და რესპუბლიკური სამართავად საპარტნიორო ფონდს გადასცა და თქვა, რომ ამ კლინიკებით 10-ზე მეტი მსხვილი ინვესტორი იყო დაინტერესებული.

2017 წელი საპარტნიორო ფონდის მმართველობაში გადაცემულმა კლინიკებმა წაგებით დაამთავრეს - ხარჯები მოგებაზე მეტი იყო. მოგებაზე კლინიკები ვერც 2018 წელს გავიდნენ.

2019 წლის ოქტომბერში ონკოლოგიური კლინიკის მედპერსონალი 7 თვის სახელფასო დავალიანებაზე ლაპარაკობდა. მისი ხელმძღვანელი, მამუკა გელოვანი, ამბობდა, რომ საპარტნიორო ფონდს, რომლის მმართველობაშიც იყო კლინიკა, ჰყავდა ინვესტორი, საპარტნიორო ფონდი კი, თავის მხრივ, ამტკიცებდა, რომ 50 მილიონის ინვესტიცია ონკოლოგიურ, რესპუბლიკურ და ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოებს გააერთიანებდა და სამივე კლინიკის ბაზაზე მრავალპროფილურ, ულტრათანამედროვე კლინიკას შექმნიდა.

2020 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით სამედიცინო ჰოლდინგი შეიქმნა, რომელშიც საპარტნიორო ფონდის მმართველობიდან გამოსული 3 კლინიკა შევიდა და ხელმძღვანელად გიორგი ჩოგოვაძე დაინიშნა. ჯანდაცვის მინისტრმა საპარტნიორო ფონდის ამ სფეროში მუშაობა უარყოფითაც შეაფასა, დავით საგანელიძემ კი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, თქვა, რომ ფონდი თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა კლინიკების მათთვის გადაცემას და ეს მათთვის ტვირთი იყო.

როგორი იქნება სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის გეგმა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, ჯერჯერობით უცნობია. ჩვენ დავუკავშირდით გიორგი ჩოგოვაძეს, ჰოლდინგის ხელმძღვანელს, თუმცა მან არც ექიმების ხელფასების და არც კლინიკების რეორგანიზაციის შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ონკოლოგიური კლინიკის ექიმები ითხოვენ, სამინისტრომ რეორგანიზაციის გეგმის შედგენამდე 2 თვის ხელფასი მაინც გადაუხადოს. ჯანდაცვის მინისტრმა 5 მაისს თქვა, რომ გლობალური პრობლემების ფონზე ეს საკითხი ერთ და ორ თვეში ვერ მოგვარდება.

„ისეთი გლობალური პრობლემების ფონზე, როგორიც არის კოვიდ-19-ის ინფექცია და, ასევე, ისეთი რთული პროცესების ფონზე, რაც იკვეთება, შეუძლებელია ერთ და ორ თვეში დაიდოს სათანადო სტრატეგიული გეგმა, რომელიც ამ საავადმყოფოებს მიიყვანს საუკეთესო გამოსავლებამდე და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ მდგომარეობას. აქ იკვეთება ანაზღაურების სისტემის პრობლემა. ეს, გარკვეულწილად, ქმნის იმ უთანაბრო შემოსავლებისა და გასავლების კომპონენტს, რომელიც არის დეტალურად შესასწავლი ფინანსისტების მხრიდან. ყოველივე ამის განხილვის შემდეგ სახელმწიფო გეგმავს მნიშვნელოვან ინვესტიციებს ამ საავადმყოფოებთან მიმართებით. უკვე შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, არის თუ არა სახელმწიფოს მიდგომა სწორი და რა შედეგები იქნება“, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

XS
SM
MD
LG