ენათმეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ნანა მაჭავარიანი გაემიჯნა საკონსტიტუციო სასამართლოში ენათმეცნიერი მარინა ბერიძის ჩვენებას და მის კვლევას „აგენტების კანონის“ ფორმალური დასახელების შესახებ.
პირველ სექტემბერს, პროსახელისუფლებო ტელევიზია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის, ნანა მაჭავარიანის კომენტარი.
მაჭავარიანი ამბობს, რომ ბერიძის პოზიცია „არ ემთხვევა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პოზიციას“.
„ინსტიტუტს ასეთი კვლევა, რასაც იგი თვითონ კვლევას ეძახის, არ დაუვალებია მისთვის და, მოკლედ რომ გითხრათ, ეს არ არის ინსტიტუციური კვლევა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის მესამე დღეს, რომელზეც ე.წ. აგენტების საქმეს განიხილავენ, ენათმეცნიერ მარინა ბერიძეს მოუსმინეს.
ბერიძემ, რომელიც პროცესზე ერთ-ერთი მოსარჩელე მხარის, 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის მიწვევით იმყოფებოდა, განმარტა, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელს“ მხოლოდ უარყოფითი კონოტაცია აქვს.
მაჭავარიანმა ბერიძის პასუხად განაცხადა, რომ ის საკითხები, „რისთვისაც [ბერიძე] ცდილობდა, თავი გაერთმია, არის უფრო ფსიქოლოგიური საკითხები და არა ენათმეცნიერული“.
„გარკვეული შესიტყვება როგორ აღიქვას ადამიანმა, არის მისი განწყობის საქმე. ის საკითხები, რაზეც საერთოდ ეს ქალბატონი საუბრობდა, ენათმეცნიერების სფეროს სცილდებოდა. მგონი, არასწორად იყო შერჩეული, პროფესიაც და პიროვნებაც“, - რუსთავი 2-ის ცნობით, განაცხადა მაჭავარიანმა.
მარინა ბერიძემ 31 აგვისტოს განმარტა: „ინტერესების გამტარებელი, თუ მას არ დავუმატეთ რაიმე დადებითი მნიშვნელობის სიტყვა, ის ვერ ინარჩუნებს დადებით მნიშვნელობას... ინტერესების გამტარებელი აუცილებლად უნდა იყოს ვიღაცის ან რაღაცის ინტერესების გამტარებელი“.
შაბათს, 31 აგვისტოს დასრულდა საკონსტიტუციო სასამართლოში უჩვეულოდ ხანგრძლივი გამწესრიგებელი სხდომა, სადაც „აგენტების კანონს“ განიხილავდნენ.
სამდღიანი დებატებისა და კითხვების შემდეგ, სასამართლო სათათბიროდ გავიდა.
სასამართლომ - მოსამართლეთა პლენუმმა - ახლა ორი საკითხი უნდა გადაწყვიტოს:
- დაიწყებს თუ არა „აგენტების კანონისა“ და მისი კონკრეტული მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის საქმის არსებით განხილვას;
- თუ განხილვას დაიწყებს, დროებით, განხილვის დასრულებამდე შეაჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას.
ფორუმი