Accessibility links

მსოფლიო
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ევროკავშირი საგანგებო სამიტზე ევროპის გადაიარაღებაზე იმსჯელებს

ევროკავშირი საგანგებო სამიტზე ევროპის გადაიარაღებაზე იმსჯელებს


აქტივისტებმა უკრაინის მხარდამჭერი დიდი ბანერი გაშალეს ბრიუსელში ევროსაბჭოს შენობის წინ, 5 მარტს ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე.
აქტივისტებმა უკრაინის მხარდამჭერი დიდი ბანერი გაშალეს ბრიუსელში ევროსაბჭოს შენობის წინ, 5 მარტს ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე.

პარიზსა და ლონდონში შეხვედრების შემდეგ ევროპელი ლიდერები ბრიუსელში იკრიბებიან "საგანგებო სამიტზე", სადაც ძირითადი ყურადღება სამხედრო გაძლიერების გეგმებს დაეთმობა.

დასკვნების პროექტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ ნახა, ნახსენებია საჰაერო თავდაცვის, არტილერიისა და „ღრმა ზუსტი დარტყმის შესაძლებლობების“ გაძლიერება.

ევროკავშირი თავდაცვასთან დაკავშირებით ახალ ეტაპს იწყებს, - განაცხადა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა სამიტის წინ. მან დასძინა, რომ ამ საკითხში ჩანს „მკაფიო სურვილი“ „ყველასგან“.

ეს შეხვედრა პირველად 27 თებერვალს დაანონსდა, სწრაფად განვითარებული დიპლომატიური მოვლენების საპასუხოდ. შემდეგ კი მისი ტემპი კიდევ უფრო აჩქარდა - ოვალურ ოფისში ჩატარებული ხმაურიანი შეხვედრისა და ამის შემდეგ ვაშინგტონის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების გაყინვის გამო.

სამიტში მონაწილეობა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც უნდა მიიღოს, თუმცა უცნობია, ამას პირადად გააკეთებს თუ ვირტუალურად.

რა არის REARM Europe?

შეხვედრის მთავარი პუნქტი იქნება ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურზულა ფონ დერ ლაიენის მიერ 4 მარტს ჩამოყალიბებული გეგმა, სახელწოდებით REARM Europe (ქართულად ითარგმნება, როგორც ევროპის გადაიარაღება).

ის ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის 800 მილიარდამდე ევროს გამოყოფას თავდაცვაზე დასახარჯად. სამიტის დასკვნების პროექტი, რომელსაც რადიო თავისუფლებაც გაეცნო, ზოგადად მიესალმება გეგმას. უფრო დეტალურ გეგმას კი 20-21 მარტს ევროპის საბჭო შეიმუშავებს.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი

ტექსტში აღნიშნულია „თავდაცვის ხარჯების არსებითად გაზრდის“ აუცილებლობა და ნათქვამია, რომ საჭიროა „მოქმედება ევროკავშირის დონეზე“ სამხედრო შესაძლებლობების გასაზრდელად „რუსეთისა და ბელარუსის მიერ წარმოქმნილი საფრთხის“ პირობებში.

ევროკავშირის ლიდერები ასევე მიესალმებიან ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დადგენილ დაკრედიტების ახალ წესებს, რომლებიც ათავისუფლებენ სახსრებს ისეთი პროექტების დასაფინანსებლად, როგორიცაა ყაზარმები და სამხედრო საავადმყოფოები.

სამიტის წინ ფონ დერ ლაიენის წერილს ფართოდ თბილი გამოხმაურება მოჰყვა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ ეს „მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია“, ხოლო საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა: „ახლა ჩვენ დეტალები უნდა შევიმუშაოთ“.

ეს ასახავს იმ ფაქტს, რომ მიუხედავად ევროპელი ჩინოვნიკების ოპტიმისტური რიტორიკისა, დეტალების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ დასადგენია და არსებობს კითხვები იმის შესახებ, რამდენად რეალურია ამის საერთო ღირებულება.

კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ევროკავშირი ახალ ფულს კი არ გახდის ხელმისაწვდომს, არამედ უბრალოდ გადააადგილებს არსებული ბიუჯეტის ელემენტებს.

შეუძლია თუ არა ევროპას თავის დაცვა აშშ-ის დახმარების გარეშე?

ამ გეგმას განიხილავენ იმის ფონზე, რომ ვაშინგტონმა შეაჩერა უკრაინის სამხედრო დახმარება. ზოგის აზრით, ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ევროპა უნდა მოემზადოს ყველაზე უარესი სცენარისთვის აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგის გარეშე.

ევროპელი პოლიტიკოსების უმეტესობა ამას უარყოფს.

„ჩვენ აშშ-ზე ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ“, - თქვა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ 4 მარტს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა კი ჟურნალისტებს ლონდონის კონფერენციაზე განუცხადა: „მე არ მივიჩნევ, რომ აშშ არასანდო მოკავშირეა“.

თუმცა თავად ის ფაქტი, რომ მათ ამის ლაპარაკი უწევთ, აჩვენებს, თუ რამდენად შეარყია ევროპა ვაშინგტონში გაკეთებულმა განცხადებებმა და მიღებულმა გადაწყვეტილებებმა.

შეუძლია თუ არა ზელენსკის ტრამპთან ურთიერთობის გამოსწორება?

„სიტუაცია უკრაინაში, განსაკუთრებით აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიციის გათვალისწინებით, შეიცვალა”, - თქვა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა. „ეს არის ამოსავალი წერტილი საგანგებო ევროპის საბჭოსთვის“.

ევროპელი ლიდერები განიხილავენ, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად აშშ-ის დახმარების გაყინვის პირობებში. თუმცა, ამ სამიტზე ელიან მნიშვნელოვან ახალ განცხადებებს ამ თემაზე.

მთავარი აქცენტი კვლავაც შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ზელენსკის შორის განხეთქილების გამოსწორებაა და სამიტის წინა დღეებში ამ მხრივ გარკვეული წინსვლა შეინიშნებოდა.

4 მარტს კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა თქვა, რომ ზელენსკიმ მას ოვალური კაბინეტის ბოლო შეხვედრის შემდეგ მისწერა და რომ უკრაინის ლიდერი მზად იყო მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაბრუნებლად.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სიტყვით გამოდის კონგრესის ერთობლივ სესიაზე ვაშინგტონში, 4 მარტი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სიტყვით გამოდის კონგრესის ერთობლივ სესიაზე ვაშინგტონში, 4 მარტი

მეორე დღეს, მისმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა, Fox News-ს განუცხადა, რომ სამხედრო დახმარების გაყინვა შეიძლება მოიხსნას, თუ უკრაინა ხელს მოაწერს შეთანხმებას, რომელიც ვაშინგტონს მის მინერალურ სიმდიდრეზე წვდომის საშუალებას მისცემს.

ასევე 5 მარტს, საფრანგეთის მთავრობის სპიკერმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი განიხილავს ერთობლივ ვიზიტს ვაშინგტონში ზელენსკისთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად.

თუმცა პარიზის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოგვიანებით განმარტა, რომ ჯერ რაიმე კონკრეტული გეგმები არ არსებობს.

უკრაინის საკითხმა ამ სამიტზე შესაძლოა ასევე გამოავლინოს ერთიანობის ნაკლებობა ევროკავშირში.

5 მარტს, მაკრონმა სამიტის წინა დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად ისადილა ელისეს სასახლეში. მისი მიზანი იყო ორბანის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოკავშირის დარწმუნება, რომ ის უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას შეერთებოდა.

შესაძლებელია უნგრეთმა ხელი მოაწეროს REARM გეგმას, მაგრამ უარი თქვას უკრაინის შესახებ დასკვნების დამტკიცებაზე.

ვის შეუძლია უკრაინაში ჯარების გაგზავნა?

ბოლო შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით ლონდონში, 2 მარტს ჩატარდა.

იმ შეხვედრის მთავარი შედეგი ის იყო, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები უკრაინასთან ერთად იმუშავებდნენ სამშვიდობო გეგმაზე, რომელსაც შემდეგ ვაშინგტონში წაიღებდნენ. ამის შესახებ შესაძლოა ბრიუსელის კულუარებში ილაპარაკონ, მაგრამ ბრექსიტის გამო ამ თემას ევროკავშირის შეხვედრებზე არ განიხილავენ.

ბოლო მოლაპარაკებების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ევროპული სამხედრო ძალების განთავსების გეგმა.

ჯერჯერობით, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ მზად არიან ადგილზე ჯარისკაცები გაგზავნონ. სტარმერმა ლონდონში თქვა, რომ ინიციატივა სხვა ქვეყნებმაც გამოიჩინეს, მაგრამ უარი თქვა მათ დასახელებაზე.

ევროკავშირის მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მართლაც გამოთქვეს სურვილი, მაგრამ დასძინა, რომ „დეტალებში შესვლა ჯერ ნაადრევია“. მისი თქმით, „სამუშაო უნდა დაიწყოს და ეს საბჭო კარგი მომენტია ამ სამუშაოს დასაწყებად“.

XS
SM
MD
LG