Accessibility links

მსოფლიო
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„მთლიანად დალურჯებული იყო“ - უკრაინელი ჟურნალისტის ბოლო დღეები

„მთლიანად დალურჯებული იყო“ - უკრაინელი ჟურნალისტის ბოლო დღეები


ვიქტორია როშჩინა
ვიქტორია როშჩინა

„ვიკას ბოლო დავალება“ - ეს არის დოკუმენტური ფილმი რუსეთის ციხეში გარდაცვლილ უკრაინელ ჟურნალისტზე, ვიქტორია როშჩინაზე, რომელიც პირველად 3 მარტს, კიევში აჩვენეს. ფილმი ვიქტორიას ბოლო დღეებსა და ბოლო დავალებაზე ჰყვება.

27 წლის გამხდარი, კაფანდარა გოგო, ბავშვური სახით. ცოცხალი თვალები და მაგრად მოკუმული ტუჩები მის ცნობისმოყვარეობასა და სიჯიუტეზე მეტყველებს. კამერის წინ ჩართვაზე დგება. ტელეფონი, მიკროფონი, ფოტოაპარატი - ყველაფერი ზედ აუჩონჩხლავს. სწრაფად და მკაფიოდ ლაპარაკობს: „მე ვარ ვიქტორია როშჩინა...“

ჟურნალისტიკაში ვიკა თითქმის ბავშვი მივიდა, 16 წლის. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა უკრაინულ ტელეარხ hromadske-სთან, გამოცემა „უკრაინსკა პრავდასა“ და რადიო თავისუფლებასთან. ასევე - „ქალთა საერთაშორისო ფონდთან“.

ვიკა ინტერესიანი ჟურნალისტი იყო, აბეზარი, მიმწოლი. რესპონდენტებს მისი თავიდან მოშორება უჭირდათ. ერთვებოდა აქციებიდან, სასამართლოდან. ისეთ თემებს ეჭიდებოდა, სტაჟიანი ჟურნალისტებიც რომ თავს არიდებენ. მისი კოლეგა hromadske-დან იაროსლავა ვოლვაჩი ფილმში „ვიკას ბოლო დავალება“ იხსენებს, რომ სინამდვილეში ვიკას დავალება არ სჭირდებოდა. თავად მიდიოდა იქ, სადაც საქმე იყო გასაკეთებელი და რედაქციას მერე ატყობინებდა, აქ ვარო.

„ვიკასავით დღემდე არავინ წერს, სახელები, მონაცემები, ფაქტები, ყველაფერი ჰქონდა. არავინ იყო მასავით სკრუპულოზური“, - ამბობს ვოლვაჩი.

ოპერატორები ემალებოდნენ, მასთან ერთად დავალებაზე წასვლა თავგადაკლულ მუშაობას ნიშნავდა. პროდიუსერებთან გარბოდნენ და ჩიოდნენ: „კიდევ ვიკასთან მიშვებთ? კიდევ ხათაბალაში უნდა გავებათ?“

ვიქტორია როშჩინა
ვიქტორია როშჩინა

Hromadske-ის ოპერატორი ალექსეი ნიკულინი იხსენებს, რომ პირველივე სიუჟეტზე მიხვდა, ვიკასთან არ მოიწყენდა. მისთვის დახურული კარი არ არსებობდა, იქაც შედიოდა, სადაც არ უშვებდნენ.

„რას ჰქვია, სიაში არ ვართ?! ჟურნალისტები ვართ, უფლება არ გაქვთო. წიხლით შეაჭრა კაბინეტში და იმის გარკვევა დაიწყო, ვის შეეძლო ჩვენი შეშვება. მე კამერა აწეული ხელებით მეჭირა. მაინც გადავიღეთ, რაც გვჭირდებოდა, - იხსენებს ალექსეი, - როდესაც გვიან მოვდიოდით ნიუსრუმში და შუქი ენთო, ვიცოდით, რომ იქ ვიკა მუშაობდა. ერთხელ ახალი წლის დამდეგს, რედაქტორმა უთხრა, ამის გამო ზედმეტს არავინ გადაგიხდის, წადი სახლში, შენს საქმეს მიხედეო. ვიკაც თავს უქნევდა, კი, კი, კი და ისევ თავისას აგრძელებდა...

დღე და ღამე ოფისში იჯდა. ვერც წარმოგვედგინა, მუშაობის გარდა კიდევ რამეს თუ აკეთებდა... უსამართლობას ვერ ეგუებოდა. თუ თავის ისტორიებში რამე უსამართლობას იეჭვებდა, ვერ მოისვენებდა, სანამ არ დაამტკიცებდა, რომ მართლაც ასე იყო“.

2022 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ვიქტორია ოკუპირებული ტერიტორიებით დაინტერესდა. მაშინ პირველად დაატყვევეს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დღით. ერთი წლის შემდეგ ისევ უკან დაბრუნდა.

ჟურნალისტურმა გამოძიებამ, რომელიც რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ (მათ შორის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ და უკრაინული გამოცემები „სუსპილნე“ და „გრატის“) მოამზადა, გამოიკვლია, რომ ვიქტორია როშჩინას ძალიან აინტერესებდა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწამებელი ბანაკები. ამ მიზნით ჩავიდა ზაპორიჟიის ოლქში, ქალაქ ენერჰოდარში, სადაც ევროპის ყველაზე მსხვილი ატომური ელექტროსადგურია. ხმები დადიოდა, რომ იქ უნდა ყოფილიყო ორი ბანაკი, ერთი ადგილობრივებისთვის, მეორე - ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებისთვის.

2023 წლის აგვისტოში ვიკა ტყვედ ჩავარდა. ბოლოს ენერჰოდარიდან დარეკა. ამის შემდეგ მის შესახებ კარგა ხანს არაფერი იცოდნენ.

მოგვიანებით ვიკა ციხეში თანამესაკნეს მოუყვება, რომ ის ენერჰოდარში დრონებით გაშიფრეს.

ვიქტორია გადაიყვანეს მელიტოპოლში, სადაც რამდენიმე თვე ტყვეობაში გაატარა, შემდეგ - ტაგანროგის ციხეში, რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ საპატიმროში გაამწესეს.

ვიკას გარდაცვალების შემდეგ უკრაინელმა ჟურნალისტებმა რუსულ მხარეს გაუგზავნეს წერილი, კითხვით, თუ რა პირობებში იმყოფებოდა როშჩინა ციხეში. თავდაცვის სამინისტროდან მოვიდა პასუხი, რომ ვიქტორია რუსეთის საპყრობილეებში საერთოდ არ აღრიცხულა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მის დაპატიმრებას უარყოფს, ჟურნალისტებმა მოძებნეს ორი ადამიანი, ვისთან ერთადაც ვიკა თვეების განმავლობაში იჯდა ციხეში.

„[მელიტოპოლში] დაკითხვებისას ელექტროშოკით აწამებდნენ, შესაძლოა სცემდნენ კიდეც. რამდენჯერმე დანა ჩაარტყეს. ხელზე ნამდვილად ჰქონდა ჭრილობა, ფეხზეც. ახალი ჭრილობები იყო. თავადაც ამბობდა ერთ ბიჭზე, აგრესიული იყოო, - ანონიმურად ჰყვება ვიკას თანამესაკნე, - კიდევ ერთი, ხუთსანტიმეტრიანი ჭრილობა ფეხზე ეტყობოდა, ქუსლის ზევით. ამბობდა, ვთხოვდი, ამ ჭრილობას არ შეეხოთო. არ ვიცი, ძველი ჭრილობა იყო თუ ელექტროშოკის შედეგად დარჩა. ამბობდა, რომ ელექტროშოკით აწამებდნენ, რამდენად ხშირად, არ უთქვამს, მაგრამ მთლიანად დალურჯებული იყო“.

კიდევ ერთი ანონიმური მოწმე ტაგანროგის ციხიდან დოკუმენტურ ფილმში ჰყვება, რომ ვიკა მასთან ერთად 9 თვე იჯდა - 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის სექტემბრამდე.

„ისედაც გამხდარი კიდევ უფრო ჩამოხმა, 30 კილო დარჩა. მე ვეხმარეობიდი, რომ წამომდგარიყო. თვითონ თავის წამოწევაც არ შეეძლო ბალიშიდან“.

ქალი ამბობს, რომ ვიკა ივნისში ციხიდან საკაცით გადაიყვანეს საავადმყოფოში, უკან დაბრუნებული კი პირდაპირ სამარტოო საკანში გაამწესეს. ამის შემდეგ მის ამბავს მხოლოდ ყურმოკვრით იგებდნენ. ფეხები დაუსივდა და ექიმებმა გულის წამლები შესთავაზეს. დალევის ეშინოდა, არავის ენდობოდა ციხეში.

ჟურნალისტების მოძიებული ინფორმაციით, ვიქტორია როშჩინა 8 სექტემბერს კამერიდან გაიყვანეს და ამის შემდეგ არავის უნახავს.

ოქტომბერში ჟურნალისტის მამამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან ელექტრონული ფოსტით სამწინადადებიანი წერილი მიიღო. იტყობინებოდნენ, რომ ვიქტორია 19 სექტემბერს გარდაიცვალა.

გარდაცვალების გარემოებები წერილში არ ეწერა, მხოლოდ ის, რომ ცხედარს უკრაინულ მხარეს გადასცემდნენ.

ჟურნალისტის გარდაცვალებიდან 6 თვის თავზეც კი მისი ცხედარი ოჯახისთვის არ გადაუციათ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG