უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ სამ წელზე მეტი გავიდა და სავარაუდო ომის საშინელებების, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა სულ უფრო იზრდება.
არ არსებობს გარანტია, რომ დამნაშავეები ოდესმე წარდგებიან სასამართლოს წინაშე, იქნება ეს კიევში, ჰააგაში თუ კიდევ სადმე. რუსი მეთაურები ბრალდებების გამოძიებას არ ჩქარობენ. კრემლმა ფაქტობრივად პატივი მიაგო სამხედრო შენაერთებს, რომლებსაც ბრალი ედებათ უმძიმეს დანაშაულებში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რუსეთი იგნორირებას უწევს, ვაშინგტონი მკაცრად აკრიტიკებს და ის სულ უფრო კარგავს ძალას.
მიუხედავად ამისა, უკრაინელი გამომძიებლები და მათი დასავლელი მხარდამჭერები მუშაობენ მტკიცებულებების შესაგროვებლად და სანდო სისხლის სამართლის საქმეების შესადგენად. ამჟამად ამა თუ იმ ფორმით 153 000-ზე მეტი საქმეა გახსნილი.
„ჩვენთვის მხოლოდ დროის საკითხია, სანამ ისინი მართლმსაჯულების წინაშე აღმოჩნდებიან“, - განუცხადა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს უკრაინის გენერალური პროკურატურის სამხედრო დანაშაულების გამომძიებელმა იური ბილუსოვმა. „ისტორიული მაგალითები აჩვენებს, რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს, მაგრამ ეს შემთხვევები არ იქნება დავიწყებული”.
წარმოგიდგენთ ხუთ უმძიმეს მაგალითს.
სად გაქრნენ ბავშვები?
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ინიციირებული ორი საქმიდან პირველი შეეხებოდა იმას, რასაც ოფიციალური პირები უწოდებდნენ სისტემატურ, უმაღლეს დონეზე ინიციირებულ კამპანიას უკრაინელი ბავშვების ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში გადაყვანის შესახებ.
სასამართლომ 2023 წლის 17 მარტს განაცხადა, რომ გასცა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და კრემლის ბავშვთა საქმეებში წამყვანი ჩინოვნიკის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ბრძანება „(ბავშვების) უკანონო დეპორტაციის ომის დანაშაულის გამო“.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, დაახლოებით 20 000 ბავშვი გაუჩინარდა ან გადაიყვანეს რუსეთში.
უფლებადამცველებმა, ჟურნალისტებმა და უკრაინელმა გამომძიებლებმა დოკუმენტებით დაადასტურეს ფართომასშტაბიანი კამპანია, რომლის ფარგლებშიც უკრაინელ ბავშვებს ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან იტაცებდნენ.
რუსი ოფიციალური პირები ამას ხშირად ჰუმანიტარულ ჟესტად ხატავენ და ამბობენ, რომ ბავშვებს ომს არიდებენ. თუმცა, ხშირ შემთხვევებში რუსეთის ხელისუფლება არაფერს აკეთებს უკრაინელი ბავშვების მშობლების, ნათესავების ან კანონიერი მეურვეების დასადგენად.
მეტიც, გამომძიებლების თქმით, რუსეთის ხელისუფლება ჩართული იყო „იძულებით გაშვილების სისტემატურ პროგრამაში“. ზოგიერთ შემთხვევაში უკრაინელ ბავშვებს აგზავნიდნენ ბელარუსის საზაფხულო დასასვენებელ ბანაკებში, სადაც მათ მუდმივად აცნობდნენ პრორუსულ პროპაგანდას.
ქუჩაში დაყრილი გვამები
სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ კვირებში უკრაინულმა ძალებმა რუსეთს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, განსაკუთრებით დედაქალაქ კიევის ჩრდილოეთით. მარტის ბოლოს, რუსმა სარდლებმა ქვედანაყოფების გაყვანა და გადაჯგუფება ბრძანეს.
მათი გასვლის შემდეგ უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა და ჟურნალისტებმა ქალაქ ბუჩაში ასობით დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქე აღმოაჩინეს. ზოგს ხელები ჰქონდა შეკრული. გვამები ქუჩებსა და სარდაფებში იყო დაყრილი. ახლომდებარე იზიუმში ხელისუფლებამ ათობით ახალგათხრილი საფლავი ნახა, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები დაემარხათ. ბევრ მათგანს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
ბუჩასა და იზიუმში მომხდარმა შოკში ჩააგდო მსოფლიო, ძირი გამოუთხარა კიევსა და მოსკოვს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს, გააძლიერა მოსკოვის მწვავე კრიტიკა და გაზარდა უკრაინის მხარდაჭერა.
საგარეო ექსპერტების აზრით, სამხილები ცალსახად მიუთითებდნენ ომის დანაშაულებზე. მოგვიანებით შეერთებულმა შტატებმა სავიზო აკრძალვა დაუწესა ბუჩაში განთავსებული საჰაერო-სადესანტო პოლკის მეთაურს.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ ბრალი წაუყენეს 21 რუს ჯარისკაცს ბუჩაში სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამო.
ფოტოების საჯაროდ გავრცელებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის დაჯილდოების შესახებ - ბუჩა და მიმდებარე რეგიონი სწორედ ამ ქვედანაყოფს ჰქონდა დაკავებული.
დარტყმები ელექტროენერგიის ქსელზე
რუსეთმა თავდაპირველი წარუმატებლობის შემდეგ სტრატეგია შეცვალა. ახალმა სარდალმა - გენერალმა სერგეი სუროვიკინმა - ბრძანა სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ფართომასშტაბიანი კამპანიის წამოწყება. მისი სამიზნე იყო არა მხოლოდ უკრაინის სამხედრო ობიექტები, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც.
ევგენი პრიგოჟინის წარუმატებელი ბუნტის შემდეგ სუროვიკინი სარდლობას ჩამოაშორეს. თუმცა, სტრატეგია გაგრძელდა.
რუსეთმა რაკეტების, დრონებისა და სხვა იარაღის გამოყენებით შეუტია უკრაინის ინფრასტრუქტურას. უკრაინის და დასავლეთის ოფიციალური პირები ამას მოსახლეობის დემორალიზების მიზანმიმართულ მცდელობად მიიჩნევენ. ელექტროგადამცემი ქსელი - ელექტროსადგურები, ტრანსფორმატორები, გადამცემი ხაზები - არაერთხელ მოხვდა თავდასხმის ქვეშ. თავდასხმების მიზანი იყო ზამთარში უკრაინელების სითბოს გარეშე დატოვება.
გასული წლის მარტში ჰააგის სასამართლომ გამოსცა დაპატიმრების ორდერი გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშისა და ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის წინააღმდეგ. მათ ბრალად ედებათ სამხედრო დანაშაულები ელექტროსადგურებისა და ქვესადგურების წინააღმდეგ საჰაერო კამპანიის წარმოების გამო.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი სამხედროებს უკრძალავს სამოქალაქო სამიზნეებზე დარტყმას, თუ არ არსებობს ლეგიტიმური სამხედრო მიზეზი; მაგალითად, თუ ელექტროსადგურში სამხედრო ნაწილი იმალება, ეს სადგური ლეგიტიმურ სამიზნედ შეიძლება იქცეს.
ტყვეების დახვრეტა
2022 წლის დეკემბრის ბოლოს გაუჩინარდა ალექსანდრ მაციევსკი, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების 119-ე დამოუკიდებელი ბრიგადის ჯარისკაცი, რომელიც ბახმუტის დასაცავად იბრძოდა.
სამი თვის შემდეგ, „ტელეგრამის“ რუსულ არხებზე გამოჩნდა 12-წამიანი ვიდეო, სადაც ჩანს მაციევსკი, რომელიც სიგარეტს ეწევა რუსი ჯარისკაცების წინაშე. ვიდეოს რუსი ჯარისკაცები იწერენ. ისინი მასხრად იგდებენ მაციევსკის, რომელიც მშვიდად პასუხობს: „დიდება უკრაინას“. რუსი ჯარისკაცი მას აგინებს და მაციევსკის ხვრეტენ.
მაციევსკი ეროვნულ გმირად აღიარეს. უკრაინის ხელისუფლებისა და ექსპერტების აზრით, ის ომის დანაშაულის მსხვერპლია.
საერთაშორისო სამართალი კრძალავს სამხედრო ტყვეთა სიკვდილით დასჯას. ტყვეებს იცავს ჟენევის კონვენცია, ათწლეულების განმავლობაში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელთა ხელმომწერებს შორის რუსეთიცაა და უკრაინაც.
გაეროს მონაცემებით, 2022 წლის თებერვლის შემდეგ, სულ მცირე, 71 უკრაინელი ტყვე დასაჯეს სიკვდილით რუსეთის ან რუსეთთან დაკავშირებულმა ძალებმა. სულ მცირე, 21 ტყვე დაიღუპა რუსეთის პატიმრობაში. ასობით ადამიანი ასევე ლაპარაკობს წამებისა და სექსუალური ძალადობის შესახებ.
ამ მხრივ არც უკრაინაა უდანაშაულო. გაეროს თანახმად, 2022 და 2023 წლებში 26 რუსი ტყვე დასაჯეს სიკვდილით. ასობით რუსი ტყვეც აცხადებს წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ.
სისხლისღვრა მატარებლის სადგურში
2022 წლის 8 აპრილის დილას ასობით ადამიანი ელოდა მატარებელს დონბასის ქალაქ კრამატორსკში, როდესაც რკინიგზის სადგურს მოხვდა რაკეტა, მოგვიანებით იდენტიფიცირებული, როგორც ბალისტიკური „ტოჩკა-უ“.
აფეთქებას სულ მცირე 58 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი თავდასხმა უკრაინელ სამოქალაქო პირებზე ყოვლისმომცველი შემოჭრის დაწყების შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ „ტოჩკა-უ“ არსენალში რუსულ ძალებსაც აქვს და უკრაინულსაც, მტკიცებულებების ჭარბი რაოდენობა მიუთითებდა, რომ რაკეტა რუსულმა ჯარმა ისროლა. რუსეთის ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უარყო და განაცხადა, რომ მათი ძალები ამ სისტემას არ იყენებდნენ.
როგორც ელექტროსადგურების შემთხვევაში, საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი კრძალავს მშვიდობიანი მოსახლეობის ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას. ის ასევე მოითხოვს, რომ სამხედრო მეთაურმა მიზანმიმართული ძალისხმევა გასწიოს, რათა თავიდან აირიდოს მსგავსი შემთხვევები.
ეს არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სამოქალაქო ობიექტების განადგურებას მსხვერპლი მოჰყვა. 2024 წლის ივლისში რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად მძიმედ დაზიანდა კიევის ბავშვთა საავადმყოფო, თუმცა დაუდგენელია, განზრახ ამოიღეს თუ არა მიზანში ეს ადგილი.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მარიუპოლის - აზოვის ზღვის საპორტო ქალაქის - ალყა, რომელსაც რუსეთი 2022 წლის თებერვლიდან მაისამდე აწარმოებდა, ასევე წარმოადგენს ომის დანაშაულს. ალყის დროს ათასობით მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა ან დაშავდა, ასობით ათასი კი კვირების განმავლობაში იყო წყლის და ელექტროენერგიის გარეშე.
გაეროს ცნობით, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული 12 600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. გასულ წელს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლმა მკვეთრად იმატა 2023 წელთან შედარებით.
უკრაინის გენერალური პროკურატურის სამხედრო დანაშაულების გამომძიებელი იური ბილუსოვი აცხადებს, რომ გამომძიებლები ხშირად აწყდებიან სხვა საფრთხეს, რომელიც შესაძლოა თავად წარმოადგენდეს ომის დანაშაულს.
„რუსული ძალები ხშირად იყენებენ “ორმაგ დარტყმებს“. ისინი დარტყმას მიაყენებენ კონკრეტულ ადგილს, 30-40 წუთი იცდიან - მაშველების, პოლიციისა და გამომძიებლების მოსვლას ელოდებიან - შემდეგ კი ხელახლა არტყამენ“, - თქვა მან. „ჩვენ უკვე დავკარგეთ გამომძიებლები ამ მეორადი დარტყმების დროს. არაერთი ადამიანი დაშავდა ომის დანაშაულების დოკუმენტირებისას“.