Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედგარ პოს სილუეტი


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „სილუეტი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდეს პოეტზე, კრიტიკოსზე, ესეისტზე, ლიტერატურული დეტექტივის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ლიტერატურული კოსმოგონიის, ჰორორის ჟანრისა და მწერლობაში კიდევ უამრავი სიახლის შემომტანზე, გენიალურ ედგარ ალან პოზე. ედგარ პოს ბაბუა ამერიკის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი სახელგანთქმული სამხედრო იყო, გენერალ ლაფაეტის მეგობარი, მამაც სამხედრო კარიერას მიჰყვებოდა, სანამ ედგარის დედას, გასტროლიორ მსახიობს არ გაიცნობდა და მასთან ერთად არ შეუდგებოდა აქტიორის პროფესიას. ედგარი ორი წლისა იყო, როდესაც დედა გარდაიცვალა, მამა კი ოჯახიდან წავიდა. პატარა პოს გაუმართლა და იგი მდიდარი ბიზნესმენის, ჯონ ალანის ოჯახმა შეიფარა, ჯონ ალანის მეურლე ედგარისათვის ნამდვილი დედა გახდა, თუმცა მამობილთან მომავალ გენიოსს თავიდანვე გაუჭირდა ურთიერთობა. ოჯახი ინგლისში გადავიდა და ედგარმა პირველადი განათლება სწორედ იქ მიიღო, შემდგომ ამერიკაში დაბრუნდნენ, ჯონ ალანმა უზარმაზარი მემკვიდრეობა მიიღო, მაგრამ ეს ედგარის მდგომარეობაზე არ აისახა. კარტის ვალების გამო მამობილთან უთანხმოება მოუვიდა და ოჯახიდან წასვლა მოუხდა. ცხოვრობდა ლიტერატორის ცხოვრებით, უჭირდა ფინანსურად, ამას დაერთო მისი დაავადება ალკოჰოლიზმით. საბოლოო ჯამში, მრავალი პირადი ტრაგედიის შემდეგ ედგარ პო გაურკვეველ გარემოებებში გარდაიცვალა ბალტიმორში ორმოცი წლის ასაკში. როგორ მოიფიქრა პომ დეტექტივის ჟანრი; რატომ იყვნენ მისი კერძო გამომძიებლები აუცილებლად ფრანგები (დიუპენი, ლეგრანი და ა.შ.); რა შეიტანა საშინელებათა ჟანრში ამ ხელოვანმა; როგორ იწერებოდა მისი პოეტური შედევრები: „ულალუმი“, „ანაბელ ლი“ და „ყორანი“; რა როლი შეასრულა ედგარ პოს პოპულარიზაციაში გენიალურმა ფრანგმა შარლ ბოდლერმა; რატომ აღმერთებდა ედგარ პოს ჩვენი გალაკტიონი, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

XS
SM
MD
LG