Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანი მარგველაშვილი - დმანისელ ადამიანზე ფიქრები ციურიხში გრძელდება


საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი - განათლებით ექიმი-სტომატოლოგი პალეოანთროპოლოგიით მაშინ დაინტერესდა, როდესაც დმანისის არქეოლოგიურ გათხრებზე მოხვდა მოხალისედ. იმ დროიდან დმანისის გუნდის წამყვანი წევრია.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი - განათლებით ექიმი-სტომატოლოგი პალეოანთროპოლოგიით მაშინ დაინტერესდა, როდესაც დმანისის არქეოლოგიურ გათხრებზე მოხვდა მოხალისედ. იმ დროიდან დმანისის გუნდის წამყვანი წევრია.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი, პალეოანთროპოლოგი ანი მარგველაშვილი იკვლევს საქართველოში ბევრი ათასი წლის წინ მცხოვრებ ადრეულ ადამიანს, რომელსაც მეცნიერება ასე უწოდებს: Homo erectus ergaster georgicus.

პოდკასტი ანის ძველ და ახალ აღმოჩენებს ეძღვნება. ანი მარგველაშვილზე ხუთი წლის წინ, ოპერატორ ილია სამურგანიდისთან გადავიღეთ მოკლე ფილმი.

დღეს სიახლეებზეც გიამბობთ. მოკლედ, სულ მოკლედ გეტყვით, რას ვეხებით პოდკასტის ამ ეპიზოდში:

საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი - განათლებით ექიმი-სტომატოლოგი პალეოანთროპოლოგიით მაშინ დაინტერესდა, როდესაც დმანისის არქეოლოგიურ გათხრებზე მოხვდა მოხალისედ. იმ დროიდან დმანისის გუნდის წამყვანი წევრია.

დმანისში უძველესი ადამიანის ძვალი 1991 წელს აღმოჩნდა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი ძველი ადამიანის კვალი შეიძლება ყოფილიყო აფრიკის გარეთ, თუმცა 1999 წელს ორი თავის ქალა, ზეზვა და მზია აღმოჩნდა, რომლებმაც ეს ეჭვები გააქარწყლა და დაადასტურა, რომ ადამიანმა აფრიკიდან გამოსვლა დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ დაიწყო და მიგრაციის პირველი ადგილი დმანისში აღმოჩნდა.

ანი მარგველვაშვილი მიყვება, რას აძლევს კაცობრიობას საქართველოს ეს აღმოჩენები მის სფეროში. რატომ ჰქონდა კარიესი ჰომოერექტუს ერგასტერ გეორგიკუსს? ან, რა მოკლა ზეზვა?

ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, სად გადის ზღვარი სპეკულაციასა და კვლევით დადგენილ ჭეშმარიტებას შორის?

ანი მარგველაშვილმა 2019 წელს ციურიხში მიამბო, რომ სადოქტორო ნაშრომი სათაურით - „კბილების ცვეთა და დენტოალვეოლარული რემოდელირება ადრეულ ჰომოში დმანისიდან, საქართველო“ დაიცვა ციურიხში და კმაყოფილი იყო.

დოქტორის წოდება დიდებული რამაა, მაგრამ მკვლევარი ვერ გაჩერდება და განაგრძობს კვლევას. ზეზვას და მზიას გარდა, სხვა ჰომინიდებიც არსებობენ და საჩხრეკი და გასარკვევი ბევრია.

ანი მარგველაშვილი დიდი ხანია ციურიხში ცხოვრობს, ამ ქალაქშია მისი სახლი, ოჯახი, ქმარი, ასევე შვილი, რომელიც შესანიშნავადაა შვეიცარიულ საზოგადოებაში ინტეგრირებული, მაგრამ თურმე ძალიან ეამაყება ქართველობა.

ანი მარგველაშვილი საქართველოს მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია, დღეს მუზეუმის ვითარებაზე ღრმად ვერ ვიმსჯელებთ, მკვლევარი თავშეკავებით გვიამბობს, რა ხდება იქ. ხუთი წლის წინ კი მითხრა, მუზეუმი არ არის მხოლოდ სამსახური, მე მისი ნაწილი ვარ და ის კი ჩემი ნაწილიაო.

ანი პედაგოგია და ახალგაზრდებთან ერთად მუშაობს. სტუდენტებზე ვისაუბრეთ. სტუდენტი რომ მეამბოხე ბუნებისაა, ვიცით და ეს გამოჩნდა წელს გაზაფხულზე, როცა უცხოეთის გავლენის კანონის მიღების პერიოდში ხალხმრავალი თავყრილობები და მსვლელობები იმართებოდა. მართალია, ახალგაზრდა თაობასთან ერთად, რომელიც ითვლება, რომ თავისუფალ საზოგადოებაში გაიზარდა, ქუჩაში საშუალო და არცთუ მცირე რაოდენობით ძველი თაობის წარმომადგენლებიც გადიოდნენ, ფაქტია, ახალგაზრდობაა თავისუფლებისთვის მოძრაობის მამოძრავებელი ძალა.

ანიმ არ დაიზარა და ისიც მიამბო, რატომ უყვარს ხანგამოშვებით სიგარის მოქაჩვა, რისი ავი მხარეც მშვენივრად იცის და კარგიც და გვაფრთხილებს, არ მიეჩვიოთო.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG