„ეს ხალხი არც თუ ისე სასიამოვნო ტერმინებით ამკობდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. დაანებონ თავი ორმაგი სტანდარტებით განცხადებების კეთებას“, - ასე გამოეხმაურა დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ქალთა მოძრაობის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო მდივნის პოსტზე „გენდერულად არამგრძნობიარე ადამიანის დანიშვნა, რომელმაც სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად წარმოაჩინა“, მიუღებელია.
დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, ქალთა მოძრაობა „არაკომპეტენტურ და სასაცილო“ განცხადებებს აკეთებს. საპარლამენტო მდივნის თქმით, თუკი მის მიმართ დასაშვები კრიტიკა ზღვარს გადასცდება, ქალები სამართლებრივ პასუხს მიიღებენ: „ერთხელ და სამუდამოდ რომ დავასრულოთ ინსინუაციები ამ ყოველგვარ ცრუ ბრალდებებზე, ადვოკატთა ასოციაციამ გააკეთა საკმაოდ კომპეტენტური განცხადება. გაეროს კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად, არ შეიძლება ადვოკატის გაიგივება კლიენტთან. აქ გაიგივებულია, თითქოს მე თუ წარმოვადგენდი ერთი კონკრეტული პირის ინტერესებს, მე ვიზიარებ ან არ ვიზიარებ მის პოზიციას“, - ამბობს დიმიტრი გაბუნია.
აღსანიშნავია, რომ ქალთა უფლებადამცველები დიმიტრი გაბუნიას საპარლამენტო მდივნად დანიშვნას არ აპროტესტებენ იმის გამო, რომ ის სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ზვიად დევდარიანის ადვოკატია. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ქალთა აქტივისტი იდა ბახტურიძე ხაზგასმით ამბობს, რომ დიმიტრი გაბუნიას პრობლემა მისი ღირებულებები და საჯარო განცხადებებია და არა ადვოკატობა: „ის ადვოკატია და მას აქვს უფლება სხვადასხვა ტიპის დანაშაულის ჩამდენ ადამიანს გაუწიოს მომსახურება. ჩვენ არ ვაპროტესტებთ იმას, რომ ზვიად დევდარიანი მისი კლიენტია. საფრთხის შემცველია გაბუნიას განცხადებები. ის საჯაროდ, პრაქტიკულად ნორმალიზებას უკეთებს სექსუალური შევიწროების პრობლემას და ამბობს, რომ ეს არის ის ქცევა, რომელსაც ყველა ახორციელებს პრაქტიკაში. ეს არის ქალთა უფლებების ინტერესების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება და ამით სალომე ზურაბიშვილმა არც სოლიდარობა და არც ემპათია არ გამოხატა ქალების მიმართ, რომლებიც წელს მძიმე ბრძოლაში იყვნენ და არიან ჩართულნი“, - ამბობს იდა ბახტურიძე.
ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები 22 დეკემბერს, ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან აქციის გამართვას გეგმავენ. ისინი ამ გზით გააპროტესტებენ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოსტზე დანიშნული დიმიტრი გაბუნიას გადაყენებას მოითხოვენ.
სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად ადვოკატი დიმიტრი გაბუნია 18 დეკემბერს დანიშნა. მის დანიშვნამდე 10 დღით ადრე, ქალთა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართეს და მოუწოდეს, უარი ეთქვა დიმიტრი გაბუნიას დანიშვნაზე. ქალთა ორგანიზაციებმა სალომე ზურაბიშვილს შეახსენეს დიმიტრი გაბუნიას რამდენიმე თვის წინანდელი განცხადება, სადაც მან როგორც სექსუალური შევიწროებაში მხილებული ზვიად დევდარიანის ადვოკატმა, განაცხადა: „და რას აკეთებდა ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?".