Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავში „დემოკრატიის ფესტივალი“ ჩატარდა - „ოცნება“ ამაში არჩევნებში „უცხოეთის ჩარევას“ ხედავს


წალენჯიხის შემდეგ, „დემოკრატიის ფესტივალი“ თელავში ჩატარდა. ფოტო წალენჯიხის ფესტივალიდან. 27 ივლისი
წალენჯიხის შემდეგ, „დემოკრატიის ფესტივალი“ თელავში ჩატარდა. ფოტო წალენჯიხის ფესტივალიდან. 27 ივლისი

სამ აგვისტოს თელავში „დემოკრატიის ფესტივალი“ ჩატარდა, სადაც პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები, არასამთავრობო სექტორი და არაერთი სხვა ორგანიზაცია, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, იღებდნენ მონაწილეობას.

„ქართული ოცნება“ ამის უკან საარჩევნო პროცესში „უცხოეთის ჩარევას“ ხედავს.

„აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე ვერ აისახება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის პრესცენტრის ცნობით, ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციის, EECMD-ის ორგანიზებულ „დემოკრატიის ფესტივალზე“ საუბრობდა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ფესტივალის გამო საარჩევნო აგიტაციის დაფინანსებაში დაადანაშაულა დანიის სახელმწიფო.

„დანიის სახელმწიფოს დაფინანსებით წინასაარჩევნო აგიტაციას მართავს რამდენიმე რადიკალური პარტია“, - განაცხადა მან.

ფესტივალის ორგანიზატორია „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)“.

როგორც ორგანიზატორებს ღონისძიების აღწერაშივე საჯაროდ ჰქონდათ მითითებული, ფესტივალი ტარდება „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (DIPD)” მხარდაჭერით.

„DemFest-ი ინოვაციური ფესტივალია, რომლის მთავარი იდეა დემოკრატიის და მისი სულისკვეთების აღნიშვნაა. ფესტივალი ხელს უწყობს საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის დიალოგს და სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერებას“, - ვკითხულობთ აღწერაში.

EECMD-ის პროგრამების დირექტორი მაია მაჭავარიანი ფესტივალის სარეკლამო ვიდეორგოლში რამდენიმე დღის წინ განმარტავდა, რომ ფესტივალის იდეა მოდის დანიიდან, „ფოლკემოდეს“ (Folkemødet) სახალხო ფესტივალიდან: „იგივე ფორმატი გადმოვიღეთ და მოვარგეთ საქართველოს“.

ბიორნ მარკმანი, DIPD-ის წარმომადგენელი, ფესტივალის სარეკლამო ვიდეოში ასევე განმარტავდა:

„მთავარი არსი არის, რომ ადამიანები შეხვდნენ ერთმანეთს, საზოგადოების ერთი ჯგუფი მეორეს. ეს ნიშნავს, რომ ფესტივალია ძალიან ღიაა და აქ ადგილი არის ყველასთვის, სხვადასხვა ორგანიზაციისათვის, პოლიტიკური პარტიებისთვის“.

ფესტივალში მონაწილეობას იღებენ პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების, არასამთავრობო სექტორის, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ხელოვანები, არტისტები და მცირე და საშუალო მეწარმეები.

ორგანიზატორების თანახმად, მონაწილეობას იღებს ცენტრალური საარჩევნო კომისიაც.

ფესტივალზე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსები, მათ შორის თინა ბოკუჩავა („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე), გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ბადრი ჯაფარიძე („ლელო“), ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და სხვები.

პარალელურად, პოლიტიკური გაერთიანება - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - პარტიული ტურნეს ფარგლებში სამ აგვისტოს თელავში მართავს შეხვედრებს.

ფესტივალის ორგანიზატორების თანახმად, ღონისძიებაზე მოწვეული იყო ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის - მმართველი გუნდი „ქართული ოცნება“, თუმცა მან მიწვევაზე უარი თქვა.

„დემოკრატიის ფესტივალი“ პირველად 27 ივლისს წალენჯიხაში ჩატარდა, 10 და 17 აგვისტოს კი ქუთაისსა და ბათუმშია დაგეგმილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG