Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილების 27-წლიანი რიგი ბინისთვის


1 ოქტომბერს იწურება ვადა, რომელიც დევნილებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მისცეს. აქციის მონაწილეები, მე-14 დღეა, ბინების დროულად გადაცემას ითხოვენ.

ერთი ფეხი კუბოში უნდა გედგას და უნდა მოასწრო იმ კუბოს დადება საკუთარ სახლში.


40-მდე ოჯახის წევრი სამინისტროს შესასვლელში და კიბეებზე ზის. რამდენიმე დღის წინ კარავიც გაშალეს. ისინი მოითხოვენ ბინებით ჯერ აფხაზეთის „ძირი ოჯახები“ დააკმაყოფილონ, მერე კი ყველა დანარჩენი.

„ჯერ ძირი ოჯახი დააკმაყოფილონ და მერე ახლად დაქორწინებულები და ასე შემდეგ. კი, უნდა გამრავლდეს საქართველო, მაგრამ იმის შვილი, იმის შვილიშვილი... მოიცადონ ცოტა, ერთი და იგივე ოჯახი იღებს სამ ბინას“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომლის თქმით, ის, უკვე 27 წელია, ქირით ცხოვრობს.

„კორუფციაც არის! ერთ ოჯახს რომ მესამე ბინას აძლევენ, აბა, სხვა რა არის?! 5 წლის წინ ჩემთან კაცი იყო მოსული, ხუთოთახიანი ბინა 5 ათასი დოლარი დაგიჯდებაო. მე არ მქონდა და რომც მქონოდა, რატომ მივცემდი, როცა ისედაც მეკუთვნის. ვინც მათ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, იმან რა უნდა ქნას? მაღალი ქულა რომ გქონდეს, ან ონკოლოგიური ავადმყოფი უნდა იყო, ან ინვალიდობა უნდა გქონდეს. ერთი ფეხი კუბოში უნდა გედგას და უნდა მოასწრო იმ კუბოს დადება საკუთარ სახლში. რაც უფრო დაქცეული ხარ და სიკვდილის კარამდე მისული, მით უფრო მაღალი ქულა გაქვს. თან ბევრი ფიქტიური საბუთებით იღებს ამ ქულებს“, - ამბობს აქციის მონაწილე ნანა ბუკია.

დევნილების თქმით, ქულების სისტემა მუდმივად იცლება და არასოდეს არის გასაგები, ამა თუ იმ ქულას ვინ რის გამო იღებს. არის შემთხვევები, როცა არც ავადმყოფობა ჭრის.

„მაქვს კიბო და მეკუთვნის სამოთახიანი ბინა, მაგრამ მაინც აქ ვდგავარ“, - განაცხადა ერთ-ერთმა.

აქციის მონაწილეა სამი შვილის დედა ხათუნა გუჯეჯიანი.

„მამაჩემმა, ჯემალ გუჯეჯიანმა, სასამართლოს მიმართა. სასამართლომ დაამტკიცა, რომ ეკუთვნის ბინა. ომის ვეტერანია და წლების წინ უნდა მოეცათო, მაგრამ ჯერაც არ მიუციათ“, - ამბობს ის.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტის მოადგილე გიორგი წოწკოლაური ამბობს, რომ დევნილებს ბინები გადაეცემათ იმ თანხის მიხედვით, რომელიც ბიუჯეტშია განსაზღვრული. ბინის მიღების კრიტერიუმები საერთაშორსო ორგანიზაციების დახმარებით შეიმუშავეს და მასში „ძირი ოჯახის“ ცნება არ არსებობს. უპირატესობა იმას ეკუთვნის, ვისაც საცხოვრებელი არა აქვს.

„ამიტომ, შესაძლებელია გაიყოს ოჯახი და გაყოფილი ოჯახიდან, ვინც გამოეყო, ის მოხვდეს კრიტერიუმებში. კანონი არსებობს და ვმოქმედებთ კანონის ჩარჩოებში. ეს ხალხი, ვინც პროტესტს გამოთქვამს, შესაძლებელია ოქტომბრის დასაწყისში, კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, დაკმაყოფილდეს ბინებით. ვისაც ეკუთვნის და ვინც უპირატეს მდგომარეობაშია, სწორედ ის ხალხი მიიღებს ამ 960 ბინას, რომელიც ახლა თბილისში ნაწილდება“, - ამბობს გიორგი წოწკოლაური.

უკვე 2020 წელს ბინების გადაცემა მთელი საქართველოს მასშტაბით 6 ათასამდე ოჯახისთვის იგეგმება, სულ ბინები კიდევ 40 ათასამდე ოჯახისთვის არის გადასაცემი.

ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ დევნილების ბევრი პრეტენზია მართლაც საფუძვლიანია, რადგან ქულების მინიჭების კრიტერიუმები ბუნდოვანი და გაუმჭვირვალეა:

„არ მჯერა, რომ სისტემური კორუფცია იყოს, მაგრამ კრიტერიუმები არ არის ნათელი. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ყველას თბილისში უნდა ცხოვრება, რაც შეუძლებელია. ამის გამო დგას რიგები და ბევრს მოთმინება აღარ ჰყოფნის. რაც შეეხება ძირ ოჯახებს, მეც მგონია, რომ მათ უნდა მიიღონ სახელმწიფოს დახმარება და არა შთამომავლობამ“.

სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ თბილისში 2016 წლის შემდგომ დევნილთა გრძელვადიანი განსახლება განხორციელდა მხოლოდ ნგრევადი და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი, ასევე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ობიექტებიდან (ჯამში, 190 ოჯახი). შესაბამისად, 2017-2018 წლებში თბილისში რეგისტრირებულ დევნილებს არ მისცემიათ შესაძლებლობა სამინისტროსთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის თხოვნით მიემართათ. თუ რა იყო ხელის შემშლელი მიზეზი, სახალხო დამცველის აპარატისთვის უცნობია.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG