Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპირისპირება ქართულ რაგბიში - ბოიკოტი საპრეზიდენტო არჩევნებს


საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები მეორედ გადაიდო. დღეს, „ქორთიარდ მერიოტში“, ხმის უფლების მქონე დელეგატებს არჩევანი პრეზიდენტობის სამ კანდიდატს შორის უნდა გაეკეთებინათ. მოქმედ პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს კონკურენციას ვეტერანი მორაგბე და ამჟამად პარლამენტის წევრი ირაკლი აბუსერიძე და რაგბის კავშირის ერთ-ერთი განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი ბაჩო ხურციძე უწევდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, მთავარი ბრძოლა სვანიძესა და აბუსერიძეს შორის უნდა გამართულიყო. მესამე კანდიდატისგან განსხვავებით, ყრილობაზე ორივე მივიდა, მაგრამ უშუალოდ დარბაზში მხოლოდ კავშირის მოქმედი პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები შევიდნენ. ირაკლი აბუსერიძემ და მისმა მომხრეებმა კი რეგისტრაცია არ გაიარეს და საბოლოოდ, არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი კვორუმი - დელეგატთა ორი მესამედი ვერ შეიკრიბა. 54 დელეგატის ნაცვლად, რეგისტრაცია 43-მა გაიარა.

ირაკლი აბუსერიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დელეგატები მასთან შეთანხმებულად არ მოქმედებდნენ და მათ ეს გადაწყვეტილება რაგბის კავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელობისადმი პროტესტის ნიშნად მიიღეს. პარლამენტარმა მორაგბემ ყურადღება იმ ფინანსურ დარღვევებზეც გაამახვილა, რომლებიც აუდიტის სამსახურის მიერ ამ დღეებში გამოქვეყნებულ დასკვნაშია მითითებული.

გოჩა სვანიძის ფინანსურ დარღვევაზე ისაუბრა კიდევ ერთმა ვეტერანმა მორაგბემ, ამჟამად სარაგბო კლუბ „ლოკომოტივის“ წარმომადგენელმა ბობა კვინიხიძემ, რომელსაც დელეგატის სტატუსი ჰქონდა, მაგრამ რეგისტრაცია პროტესტის ნიშნად არ გაიარა.

რაგბის კავშირის მოქმედი პრეზიდენტი და მისმა მომხრე დელეგატები დარბაზიდან ყრილობის ჩაშლიდან დაახლოებით ნახევარ საათში გამოვიდნენ, მას შემდეგ, რაც აბუსერიძის მხარდამჭერებმა ტერიტორია დატოვეს. ეს სტრატეგია რომ არა, ძალიან დიდი შანსი იყო, საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მისულიყო.

გოჩა სვანიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბოიკოტის მიზეზი იყო პარტიული კანდიდატის მხრიდან დელეგატებზე განხორციელებული ზეწოლა. რაგბის კავშირის პრეზიდენტისვე განცხადებით, აუდიტის სამსახურიც ჩართულია პროცესში, რაც დასკვნის გამოქვეყნებით დაადასტურა.

გოჩა სვანიძის კომენტარი ჩაშლილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ
please wait

No media source currently available

0:00 0:04:28 0:00

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ კიდევ 30 იანვარს უნდა გამართულიყო, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე, 24 თებერვლისთვის გადაიდო. მაშინ ირაკლი აბუსერიძემ და ბაჩო ხურციძემ ითხოვეს მეტი დრო არსებული წესდებისა და დოკუმენტაციის გასაცნობად და საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ პრეზიდენტობის ორი კანდიდატის თხოვნა დააკმაყოფილა. ახლაც, საბოლოო სიტყვა გამგეობაზეა, სწორედ გამგეობა დაასახელებს ახალ თარიღს.

წინასწარი ინფორმაციით, მორიგი არჩევნები ათიდან ოცდაათ დღემდე ვადაში უნდა გაიმართოს და მასზე უკვე აუცილებელი აღარ იქნება ხმის უფლების მქონე დელეგატთა ორი მესამედის შეკრება. არჩევნები იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ რეგისტრაციას ნახევარზე მეტი - მინიმუმ 41 დელეგატი გაივლის.

XS
SM
MD
LG