„სიარულის საუკეთესო ხერხი“ („La Meilleure Façon de marcher“, „ The Best Way to Walk“, „Лучший способ маршировки“) -1976. საფრანგეთი. რეჟ. კლოდ მილერი
”ქალი სუფრისთვის აქტუალურია მანამდე, ვიდრე მიმდინარეობს სუფრის სრული აღჭურვა... თუმცა, ქალის ”საქმენი საგმირონი” სადღეგრძელოებში პოვებს ”ღირსეულ” ადგილს... ამის შემდეგ იწყება უმთავრესი ქართული საქმე, ქეიფი ანუ გეიფი (ინგ. GAY-დან). ამდენად ქართული სუფრა ქართული მამაკაცური სუბკულტურის ძირითადი ატრიბუტია, მამაკაცთაშორისი სიყვარული, სიტყვები, რომლებითაც მამაკაცები სუფრის მსვლელობისას მიმართავენ ერთმანეთს,”ჩავეხუტოთ ერთმანეთს”, ”მოვესიყვარულოთ”, ”ძალიან მომენატრა შენთან ჩაჯდომა”, ”მიყვარხარ”, ღრმა ეროტიზმისა და ურთიერთნდობის შემცველია”
სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიას ამ ტექსტს თავის დროზე დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ”სუფრასაც მიწვდნენ”, ”სუფრაც წაგვიბილწეს” - გაჰყვიროდა ხალხი (უფრო კაცები), რომელმაც ”გეიფში” საკუთარი თავი დაინახა, შეიძლება გულის სიღრმეში დაფიქრდა - მართლაც, რატომ ეხვევა და პროშნის ქართველი ბიჭი მეორეს, როცა ქუჩაში ხვდება? რატომ ეალერსებიან ვაჟკაცები ერთმანეთს სუფრაზე?. ჰოდა, რომ დაფიქრდა, რაღაც “საშინელება” აღმოაჩინა, გული აუჩქარდა და ეს აბობოქრება, რა თქმა უნდა, ემზარ ჯგერენაიას დააბრალა.
9 აპრილს ”გეიფი” მთლად საკრალური დღის აღმნიშვნელ კონცერტზე ვიხილეთ. გამოვიდნენ, დაეწყვნენ სცენაზე წვერებიანი და უწვერო ახალგაზრდა ბიჭები. შესციცინეს ერთმანეთს თვალებში ძალიან ნაზად. ”გავუთბოთ ერთმანეთს ძვლები!”
პირველად მოვუსმინე ამ სიტყვებს. არასდროს, არასდროს გამიაზრებია ეს სიტყვები ”თქვენს ლამაზ ფიქრებში ვიჭრები, თქვენს სარკმელს ვაწყდები თრთოლვით”... მართალს ამბობს ხალხი - გავუშვათ ეს ხალხი ”ევროვიზიაზე”, ვთარგმნოთ ინგლისურად სიმღერა და აი ნახავთ, თუ არ გავიმარჯვებთ. უფრო მეტიც, საქართველო, თავისი ქეიფებით და გეიფებით, ბიჭების კოცნებით ქუჩაში და ამ სიმღერით, რომელსაც უამრავი ადამიანი 30 წელია ”თავისუფლების ჰიმნად” მიიჩნევს - გადაიქცევა მექად გეებისთვის, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან.
ასე იცის ქალების განდევნამ სასიცოცხლო სივრციდან. ქალის გაგდებამ სცენიდან. და ეს ეხება არა მარტო ჯემალ სეფიაშვილის სიმღერის ამ ინტერპრეტაციას და თავად ჯემალ სეფიაშვილის დაუფიქრებელ და სრულიად გულწრფელ ნათქვამს, კაცია ოჯახის და ქვეყნის ბურჯიო (რატომ გაბრაზდით? პირველად გესმით ეს სიტყვები?)... ეს ეხება მთელ ჩვენს ”მამაკაცურ კულტურას”, ჩვენს ამ ქეიფს, რომელიც ”გეიფად” დიდი ხანია იქცა.
თუკი სუფრა კულტურის ნაწილია, დღეს უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეს ”ერთსქესიანი სუფრა” ლატენტური ჰომოსექსუალობის კლასიკური გამოვლინებაა.
ისევე, როგორც ლატენტური ჰომოსექსუალობის ნიმუშია ეს ”ახალი ტიტები”, შესრულებული დანაზებულ-განაზებული ხმებით და სიფრიფანა ყმაწვილების ჭეშმარიტად ვისკონტისებური მზერებით.
მე, პირადად, არაფერი მექნებოდა საწინააღმდეგო, ავტორებს რომ გაებედათ და პაროდია წარმოედგინათ პათეტიკასა და სიყალბეზე, მაგრამ აქ სულ სხვა შემთხვევაა - ვაჟკაცობა მოუნდათ, ავტორსაც და შემსრულებლებსაც, და მიიღეს აბსოლუტურად საწინააღმდეგო.
სადღაც გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს თბილისის კინოს სახლის დახურულ სეანსზე, აი, იმ სეანსზე, კომპარტიის ცეკას თანამშრომლებისთვის და კინოკავშირის წევრებისთვის რომ აწყობდნენ ხოლმე, უჩვენეს ფრანგი რეჟისორის კლოდ მილერის ფილმი ”სიარულის საუკეთესო ხერხი” (ვფიქრობ, სათაურის სიტყვა-სიტყვით თარგმანი მთლად ზუსტად არ უნდა გამოხატავდეს ფილმის შინაარსს).
ეს იყო სეანსი-შოკი, საიდანაც ცეკას თანამშრომლები, მათი დალაქები და მოსამსახურეები, ასევე კინოკავშირის წევრები აღშფოთებულები გამოვარდნენ. არადა, ხალხი 70-იან წლებში პოპულარული ფრანგი კინოვარსკვლავის პატრიკ დევერის სანახავად მივიდა. იმ დევერისა, რომელიც 1982 წელს თვითმკვლელობით დაასრულებს სიცოცხლეს. სხვათა შორის, 1996 წელს, ამ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა კიდევ ერთმა მსახიობმა კრისტინ პასკალმაც მოიკლა თავი. კრისტინი თამაშობს ახალგაზრდა ქალს, რომელიც საზაფხულო ბანაკში ჩადის თავის შეყვარებულთან და მოწმე ხდება ორი მამაკაცის უჩვეულო, ცოტა არ იყოს პერვერსიული კონფლიქტისა. აქედან ერთი ყმაწვილი მისი საქმროა და მეორე, პატრიკ დევერის გმირი, ბანაკის მასწავლებელი, რომელიც მის შეყვარებულს როგორც დღეს იტყვიან ”აბულინგებს”.
სხვათა შორის, კლოდ მილერის (ფრანსუა ტრიუფოს ყოფილი ასისტენტის) ეს დებიუტი ერთ-ერთი პირველი ფილმია კინოს ისტორიაში ბულინგზე, ჯგუფურ ფსიქოლოგიურ ტერორზე და ლატენტურ ჰომოსექსუალობაზე, საერთოდ.
სწორედ ტერორზე გამახსენდა - ომარ მარტინი, რომლის მიერ მოწყობილ ტერაქტს 2016 წლის ივნისში, ფლორიდის ერთ გეი-კლუბში, 50 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ლატენტური ჰომოსექსუალი იყო. ახალგაზრდა კაცი, რომელიც ჰომოსექსუალურ ვნებებს თავის თავში ებრძოდა, მოგვიანებით, როცა სიძულვილმა არაცნობიერიდან ამოხეთქა, გეებს დაერია და უდანაშაულო ხალხი დახოცა.
ლატენტური ჰომოსექსუალობა საშიშია. მით უფრო საშიშია პატრიარქალურ საზოგადოებაში, იმ კულტურაში, რომელიც საუკუნეებია „ვაჟკაცურად“ ასაღებს თავს და ქალს მხოლოდ დანამატად, ორნამენტად, ან „გასამრავლებლად“ იყენებს.
აღმოჩნდა, რომ ეს პრობლემები გასული საუკუნის 70-იან წლებში ფრანგულ საზოგადოებასაც არ ჰქონდა გადალახული. ფილმი „სიარულის საუკეთესო ხერხი“ ტრიუმფით უჩვენეს საფრანგეთის ეკრანებზე. აღმოჩნდა, რომ „მაგარი ბიჭები“ აქაც ცდილობენ დაჩაგრონ უფრო სუსტები, დასცინონ მათ და ასე ებრძოლონ საკუთარ თავს. თუმცა, ბოლოს აღმოჩნდება, რომ სიარულის და საერთოდ, ცხოვრების საუკეთესო „ხერხი“ სწორედაც რომ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების უნარია.
P.S. მეგობარი მყავს, რომელიც ტელევიზიაში გრიმზე მუშაობს. რომელიღაც პარლამენტარმა ვაჟკაცმა ერთხელ უარი უთხრა მაკიაჟის გაკეთებაზე, კაცი ვარ მეო.
„არავინ გართმევთ კაცობას!“ - იყო პასუხი.