Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ნათიძე - მოქანდაკე ანტვერპენში


დათო ნათიძე იმ არტისტებს ეკუთვნის, ვინც ჩართული იყო 2023 წელს ბელგიაში ჩატარებულ ხელოვნების ფესტივალში, რომელზეც წარმოდგენილია ხოლმე ამა თუ იმ ქვეყნის კულტურა და ისტორია და რომელზეც შარშან საქართველო იყო ყურადღების ცენტრში.
დათო ნათიძე იმ არტისტებს ეკუთვნის, ვინც ჩართული იყო 2023 წელს ბელგიაში ჩატარებულ ხელოვნების ფესტივალში, რომელზეც წარმოდგენილია ხოლმე ამა თუ იმ ქვეყნის კულტურა და ისტორია და რომელზეც შარშან საქართველო იყო ყურადღების ცენტრში.

ბელგიაში - ანტვერპენში ცხოვრობს და მუშაობს სამი ათეული წელია დათო ნათიძე. მისი ხელით შექმნილ ქანდაკებებს საქართველოშიც ნახავთ და უცხოეთშიც, მან აღადგინა არაერთი ძეგლი ბელგიაში, ახლა უკვე მშობლიურ ანტვერპენში.  

2018 წელს, როცა ერთმანეთს შეხვდით და მასზე და დევი ხმალაძეზე მოკლე ფილმი გადავიღეთ ოპერატორ ილია სამურგანიდისთან ერთად, დათო ამბობდა, ამასობაში იმდენი დრო გავიდა, რომ ანტვერპენში ნამდვილად შინ ვარო.

უცხოეთში საქართველოდან გადახვეწილ, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს სხვადასხვაგვარად უწევთ სამშობლოს სამსახურში ყოფნა, ზოგისთვის სამშობლო მხოლოდ მათი ოჯახია, ან შვილები, და მათთვის იღვწიან, სხვებისთვის კი მთელი მსოფლიო ხდება ოჯახი, ადამიანი უცხოეთში ვიწრო საზღვრებს გადალახავს ხოლმე, სხვა - თავისი ხალხისთვის რამის კეთებას მოვალეობად თვლის და ასე შემდეგ. დათო ნათიძე ამბობს, რომ საქართველოში ტურისტად ჩასვლა არ მოსწონს, თუ ჩადის, სურს საქმე გააკეთოს.

ასე მოხდა, რომ საქართველოში შვილებთან ერთად დასასვენებლად ჩასულს მოუწია თბილისის პაპანაქება სიცხეში, ახლა ავლაბრის მოედანზე მდგარი ძეგლის გამოქანდაკება. ძეგლს ჰქვია „წინააღმდეგობა”. თავისუფალ თემაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შემდეგ ანტვერპენელმა მოქანდაკემ საჭრელი და ჩაქუჩი მოიმარჯვა. დათო თავის აზრს მიზიარებს იმაზე, როგორ იშოვა ქვა, რა თვისებები აქვს მასალას, როგორ იმუშავა და სად დგას, არის თუ არა ის კმაყოფილი ნამუშევრის მდებარეობით.

ჩვენი გადაცემის „შინ - უცხოეთში“ წინა ეპიზოდში ევროპალიაზე უკვე გიამბეთ. დათო ნათიძე იმ არტისტებს ეკუთვნის, ვინც ჩართული იყო 2023 წელს ბელგიაში ჩატარებულ ხელოვნების ფესტივალში, რომელზეც წარმოდგენილია ხოლმე ამა თუ იმ ქვეყნის კულტურა და ისტორია და რომელზეც შარშან საქართველო იყო ყურადღების ცენტრში.

ანტვერპენზეც ვისაუბრეთ, ქალაქზე, რომელიც ბოლო წლებში შეიცვალა და რომელიც შეიცვალა იმის გამოც, რომ ამ ქვეყნიდან წავიდა გია ყანჩელი, სახელგანთქმული კომპოზიტორი, რომელიც ანტვერპენში იყო შინ-უცხოეთში.

გია ყანჩელი, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა დათო ნათიძეს, ექვსი წლის წინ გაგვიძღვა ანტვერპენის მიდელჰაიმის პარკში, სადაც გამოფენილია გამოჩენილი ოსტატების ქანდაკებები. იქვეა საავადმყოფო, რომლის ექიმებისა იმდენად მადლიერი იყო კომპოზიტორი, რომ მათ საგანგებო ნაწარმოებიც მიუძღვნა, - რომელიც ასევე გაიხსენა დათომ და მითხრა, იმ უბანში რომ დავდივარ, სადაც გია ყანჩელი ცხოვრობდა, საოცარი თბილი გრძნობა მაქვსო.

დათო ნათიძე ბოლო წლებში შედარებით ჩამოშორდა სარესტავრაციო სამუშაოებს, მაგრამ უფრო აქტიურად ასწავლის და მიხსნის, რომ თვითონაც ბევრს იძენს ახალგაზრდა შეგირდებისგან, რომლებსაც ცდილობს გზა მისცეს, ასწავლოს რა საშუალებები არსებობს ფორმის შესაქმნელად, თორემ საკუთრივ ფორმა ყველამ თავისი განუმეორებელი უნდა შექმნას: „ბუნებაში ერთი და იგივე ორი ქვაც არ არსებობს”, - მითხრა მოქანდაკემ, რომელთან ეს ბაასიც - პოდკასტის ეს ეპიზოდი, ამ თემებზე მსჯელობაა.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG