დაბომბვას რამდენიმე ქალაქში ემატება ფიზიკური დაპირისპირება მუსლიმ არაბებსა და ებრაელებს შორის; რის გამოც ქალაქ ლოდში კომენდანტის საათიც შემოიღეს. რას უყვებიან რადიო თავისუფლებას ისრაელში მცხოვრები ადამიანები, რომლებსაც სიკვდილის საფრთხე ხან შუაღამისას ახსენებს თავს და ხანაც გზაში ეწევა. რა გეგმით მოქმედებენ ისინი ასეთ დროს და რისი იმედი აქვთ? რა ხდება ისრაელში?
დღეში ათობით ზარს და მესიჯს პასუხობენ საქართველოდან, სულერთია, დღის რომელი მონაკვეთია - შუადღე თუ შუაღამე. რომ არ უპასუხონ, ისრაელიდან გავრცელებული ცუდი ამბებით შეშინებულ ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და მეგობრებს კიდევ უფრო შეაშინებენ. მაგრამ დროულად პასუხი ყოველთვის მაინც არ ხერხდება - დაბომბვა როცა იწყება, უსაფრთხო თავშესაფრის მოსაძებნად 40-45 წამი აქვთ.
მაიას ამბავი
გორელი მაია მაზიაშვილი უკვე 10 წელია, ისრაელში სამუშაოდ არის წასული და ამჟამად ის ღაზის სექტორთან ახლოს ქალაქ ბეერშევაში საწოლზე მიჯაჭვულ მოხუც ბებიას უვლის. დაბომბვის წინ გამაყრუებელი სიგნალის ხმაზე, მაიამ წამებში მომზადება და ოთხსართულიანი სახლის სარდაფში ჩარბენა უნდა მოასწროს. ბებიას ამ დროს მარტო ტოვებს.
„ისეთი საშინელი ხმა აქვს ამ სიგნალს, რომ პირდაპირ ტვინში არტყამს და გული ამოვარდნაზე მაქვს. დაბომბვას შევსწრებივარ ადრეც, მაგრამ ასეთს არასდროს. გუშინწინ შუაღამისას 100 ბომბი გადმოყარეს ჩვენკენ, გუშინ შუადღისას - 30. ამას მერე ვიგებთ ხოლმე. დღეს ჯერჯერობით სიწყნარეა.
ჩვენ ძველ კორპუსში ვცხოვრობთ, სადაც სპეციალური უსაფრთხო ოთახები (თავშესაფრები) არ გვაქვს და სარდაფში გვიწევს ჩასვლა. ბებია ვერ მოძრაობს და წინასწარ ვარ გაფრთხილებული, რომ დაბომბვის საფრთხის დროს, ჩემს თავს უნდა ვუშველო. 30 წლის ინდოელი გოგო შეეწირა დაბომბვას ქალაქ აშკელონში - თურმე, ეტლში მჯდომი მოხუცის სახლიდან გაყვანას ცდილობდა და თავშესაფრამდე ვეღარ მიუღწევიათ. გუშინ გადაუსვენებიათ საწყალი ინდოეთში“, - გვიყვება მაია მაზიაშვილი.
გაფრთხილებულები არიან, რომ განგაშის სიგნალის დასრულების შემდეგ, თავშესაფარში კიდევ ათი წუთის განმავლობაში უნდა დარჩნენ, ჭურვების ნატეხების მოხვედრის საფრთხის გამო. თუმცა ამ ათ წუთში გამაყრუებელი სიგნალი შესაძლოა ისევ ჩაირთოს და ასე დაუსრულებლად.
მაია გვიყვება, რომ თავშესაფარში განათება ყოველთვის არის, მაგრამ ჰაერი არ მოძრაობს და ისეთივე უჰაერობაა, როგორც „ჩვენებურ სარდაფებში“ იცის ხოლმე, მაგრამ დროებით გაძლება მაინც შეიძლება.
როგორც წესი, თავშესაფარში, დაახლოებით 50 კვადრატულ მეტრ სივრცეში, 15-20 ადამიანი იყრის თავს. ზოგჯერ ყველა ვერ ასწრებს და იქვე, სადარბაზოს კედლის უფანჯრებო ნაწილთან დგება.
- დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელის ქალაქებისკენ რაკეტებს ღაზის სექტორიდან უშვებს. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არის ქვეყნის ცენტრალური და სამხრეთი ნაწილები.
- რაკეტსაწინააღმდეგო უნიკალურ სისტემას - „რკინის გუმბათს“ ინტენსიური საჰაერო იერიშების დროს, სხვადასხვა წყაროს ცნობით, 85-90%-იანი შედეგი აქვს.
ნათიას ამბავი
ისრაელში ასევე სამუშაოდ წასულმა ქართველმა ქალმა, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა და პირობით სახელად ნათია შეარჩია, რადიო თავისუფლებას თავისი გადაღებული ვიდეომასალა გამოუგზავნა.
ნათია ქალაქ ბათ იამში ცხოვრობს და თელავივში მუშაობს. ორი დღის წინ, სახლში ავტობუსით მიმავალს, დაბომბვის მომასწავებელი სიგნალი გზაში წამოეწია.
მძღოლმა და მგზავრებმა ავტობუსი თვალის დახამხამებაში დატოვეს და იქვე, აგრარულ ბაზარს შეაფარეს თავი. ნათია გვეუბნება, რომ ისრაელში ცხოვრებისას დაბომბვაც უნახავს, მაგრამ ასე ჯერ არასდროს შეშინებია.
მას ერთ რამეში მაინც გაუმართლა - სახლში მყოფს, განგაშისას გაქცევა არსად უწევს. ამასთან, სხვა ოთხ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ნათიას სწორედ ის ოთახი შეხვდა, რომელიც მშენებლებმა უსაფრთხო თავშესაფრად ჩაიფიქრეს.
„დაბომბვა ყოველ ღამით ხდება. როცა გამაფრთხილებელი სიგნალი ჩაირთვება, ღამის 2-3 საათზე, მე ადგომაც არ მიწევს, დანარჩენები კი ჩემს ოთახში შემორბიან და ვართ ხოლმე ასე...
საქართველოში სამი შვილი მყავს დატოვებული, მეუღლე დამეღუპა. საღამოობით მათ რომ ველაპარაკები ხოლმე, დაბომბვის ხმა ესმით... მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან ძლიერი ქვეყანაა ისრაელი და ყველაფერს მოერევა“, - გვიყვება ნათია.
ირაკლის ამბავი
ისრაელის ქალაქებში გადაადგილება შეზღუდული არ არის და ტრანსპორტიც ჩვეულებრივად მოძრაობს. ისრაელის მოქალაქეს, აშდოდში მცხოვრებ ირაკლი იაკობაშვილს ჩვენ იმ დროს დავუკავშირდით, როცა ის ქალაქგარეთ იყო გასული.
თუკი სახლშია, დაბომბვის მაუწყებელი სიგნალის გაგებისას, მთელ ოჯახთან ერთად, ირაკლიც მაშინვე სარდაფში ჩარბის; მაგრამ როცა გზაშია, საერთო წესების მიხედვით, სიტუაცია სწრაფად უნდა გაიაზროს და თავდაცვის ალტერნატიულ გზებს უნდა მიმართოს.
„ყველას ყველაფერი ღია აქვს ასეთ ვითარებაში. ნებისმიერი სახლის სადარბაზოში თუ სარდაფში შეგიძლია შერბენა... ირგვლივ სპეციალური თავშესაფარიც შეიძლება იყოს. მაგრამ აი, თუ საერთოდ ვერაფერს იპოვი და ვერაფერს სხვას ვერ ასწრებ, მკაცრად რეკომენდირებულია, რომ სასწრაფოდ მიწაზე დაწვე და ხელები დაიფარო თავზე. ჭურვის ნაწილაკების მოხვედრა ასეთ მდგომარეობაში ნაკლებად სავარაუდოა“, - გვეუბნება ირაკლი იაკობაშვილი და დასძენს, რომ სპეციალური სატელეფონო აპლიკაციების საშუალებით, ნებისმიერ დროს იცის, სად იქნებოდა უსაფრთხოდ. მაგალითად, ჩვენთან საუბრისას ისიც იცოდა, რომ აშდოდიდან 18 კილომეტრში განგაშის სიგნალი იყო ჩართული.
ირაკლი იაკობაშვილი ისრაელში უკვე 23 წელია ცხოვრობს და შეიძლება ითქვას, რომ არაერთი დაბომბვის მომსწრეა; მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენებს ისიც უპრეცედენტოდ თვლის - „მასიური დაბომბვაა ახლა, ძალიან ბევრ ჭურვს უშვებენ ერთად. ადრე თუ სამი ჭურვი იყო პირობითად, ახლა 50-70-80 ჭურვი მოდის ერთდროულად. ასეთი რამ არ მახსენდება“.
დაბომბვა და არეულობა - რა ხდება ისრაელში?
ისრაელსა და პალესტინას შორის ხანგრძლივმა დაპირისპირებამ ბოლო დღეებში განსაკუთრებით სახიფათო სახე მიიღო და გაერო „სრულმასშტაბიანი ომის“ საშიშროებაზეც ალაპარაკდა. 10 მაისიდან გამწვავებულმა ორმხრივმა დაპირისპირებამ უკვე შეიწირა ათობით ადამიანის სიცოცხლე.
- პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული სამი დღის განმავლობაში, ისრაელის სარაკეტო იერიშების შედეგად, ღაზის სექტორში დაღუპულია, სულ მცირე, 67 ადამიანი, მათ შორის - 17 ბავშვი. დაჭრილია 388 პირი.
- ისრაელის მონაცემებით, დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის არის ერთი ბავშვი და ერთი სამხედრო მოსამსახურე. დაჭრილია 100-მდე ადამიანი.
- 10 მაისის შემდეგ, ღაზის სექტორიდან პალესტინელებმა ისრაელის ქალაქებს 1 500-ზე მეტი რაკეტა ესროლეს. რამდენიმე ასეული რაკეტა სამიზნეს ვერ მოხვდა.
- ისრაელმა მალევე წამოიწყო საპასუხო ავიაიერიშები და 13 მაისს გავრცელდა ინფორმაცია თავდაცვის ძალების სახმელეთო ოპერაციებისთვის მზადების შესახებ. თავდაცვის ძალების თანახმად, გასულ სამ დღეში ისრაელის არმიის თვითმფრინავებმა ღაზის სექტორში დაბომბეს 350-მდე ობიექტი.
დაბომბვას რამდენიმე ქალაქის ჭუჩებში მუსლიმ არაბებსა და ებრაელებს შორის გაჩაღებული დაპირისპირება ამძიმებს. ჩვენი რესპონდენტების თქმით, ზოგიერთი ქალაქისთვის ეს არანაკლები საფრთხეა, რადგან შესაძლოა ბრმად ნასროლი ქვა მოგხვდეს ან ვინმე დანით გამოგეკიდოს. ქუჩებში ისმის ხმაური და მტვრევის ხმა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე სწორედ ქუჩის არეულობამ შეიწირა.
ისრაელში მოქმედი საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით სახიფათო მდგომარეობაა ქალაქებში: ლოდი, ბათ იამი, აკო და ხაიფა.
მათ შორის, ქალაქ ლოდში 20:00 საათიდან გამოცხადებულია კომენდანტის საათი და ქუჩაში გასვლა ეკრძალება ყველას. საელჩო აფრთხილებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ „საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომებს“.
დაძაბული მდგომარეობის გამო, 10 მაისიდან შეჩერებული იყო ავიამიმოსვლა საქართველოსა და ისრაელს შორის.
პაუზის შემდეგ, პირველი რეისით, Georgian Airways-მა თელავივიდან თბილისში 116 მგზავრი 12 მაისს, გვიან ღამით ჩამოიყვანა.
ბოლო ინფორმაციით, ისევ ჩაკეტილია ბენ გურიონის აეროპორტი. რადიო თავისუფლებამ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიმართა შეკითხვით - ხომ არ შეფერხდება გეგმური ავიარეისები ისრაელის სხვადასხვა მიმართულებით და ხომ არ იგეგმება, საჭიროების შემთხვევაში, ჩარტერული რეისების დანიშვნა საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად. დაგვპირდნენ, მაგრამ პასუხი ჯერჯერობით ვერ მივიღეთ.