სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს გორის პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ დაზარალებულად ცნეს. იგი სამი თვე და სამი დღე ითხოვდა გამოძიების გააქტიურებას, წუხელ კი გორის ქუჩებში, ბოძებსა და ნაგვის ურნებზე გააკრეს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, თემურ მანველიშვილის, ფოტოები. ფოტოებზე, რომლებიც სოციალური ქსელითაც ვრცელდება, მანველიშვილს თავზე ფუნა ადევს. პლაკატების დამზადებისა და გაკვრის ინიციატორები ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებენ.
2018 წლის ოქტომბერში გორის მერიასთან საპროტესტო აქციაზე თემურ მანველიშვილმა სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვით სავსე ურნა დაამხო. მაქარაშვილი აპროტესტებდა გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის, განცხადებას, თითქოს აგვისტოს ომის დროს ცხინვალი გორიდან დაიბომბა. აქციის დროს გიგა მაქარაშვილმა გორის მერიის შენობასთან ფუნა და ხორბალი დაყარა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა აქციის დასრულების შემდეგ მაქარაშვილი ტერიტორიას ასუფთავებდა. სამართალდამცავებმა გამოძიება ცემის მუხლით დაიწყეს, თუმცა უფლებადამცველები მოითხოვდნენ საქმის წარმოებას არაადამიანური მოპყრობის მუხლით. გიგა მაქარაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ სამოქალაქო პროტესტმა უკვე გამოიღო შედეგი და მას პროკურატურიდან დაუკავშირდნენ. რაც შეეხება მანველიშვილის წინააღმდეგ გაკრულ პლაკატებს, მაქარაშვილი ამბობს, რომ ამაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ თითოეული გაკრული პლაკატის გამო პასუხისმგებლობას პირადად კისრულობს, რადგან თავად საქმის მონაწილეა.
გამოძიება დასრულებული არ იყო, რომ გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა თემურ მანველიშვილს საყვედური გამოუცხადა, თუმცა უფლებადამცველები საჯარო მოხელის მინიმუმ გადაყენებას მოითხოვდნენ. კონსტანტინე თავზარაშვილი აცხადებს, რომ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და საჯარო მოხელე ადეკვატური დისციპლინური საყვედურით დასაჯა.
გიგა მაქარაშვილმა თემურ მანველიშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა, მაგრამ მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ჭიანურდებოდა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელ ქეთი ბებიაშვილის განცხადებით, აშკარა იყო არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა, საჯარო მოხელის მძიმე დისციპლინური გადაცდომა, ეთიკის ნორმების დარღვევა და საჯარო მოხელისთვის შეუფერებელი ქმედება. მისი აზრით, მერის მიერ გამოტანილი სასჯელი არაადეკვატურია. ქეთი ბებიაშვილი მიიჩნევს, რომ მერის ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა საჯარო მოხელეები წაახალისოს და მსგავსი ქმედების ჩადენისკენ უბიძგოს.
სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ მისი მიზანი ვინმეს ციხეში გაშვება არ არის, თუმცა ფიქრობს, რომ ქვეყანაში კანონის დამრღვევი საჯარო მოხელის დასჯის პრეცედენტი უნდა შეიქმნას.