3 წლის წინ, ბერლინის კინოფესტივალის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.
2 წლის წინ ფესტივალი ონლაინფორმატით ჩატარდა.
შარშან, თებერვალში, „ბერლინალე“ ახალი დასრულებული იყო, როცა პუტინმა ჯარი შეიყვანა უკრაინაში.
წელს, მას შემდეგ, რაც ბერლინის ფესტივალის გახსნას ვოლოდიმირ ზელენსკი საგანგებო მიმართვით მიესალმა, აქ აკრედიტებული ჟურნალისტები ნახევრად ხუმრობით აღნიშნავდნენ, რომ „ბერლინალე“ ყოველთვის ასწრებს ისტორიულ მოვლენებს; ასე იყო 90-იანი წლების დასაწყისში, როცა საბჭოთა რეჟიმის დამხობის მოლოდინით ცხოვრობდა გერმანია და მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული კინოფორუმიც, რომელიც დასავლეთ ბერლინში პირველად 1951 წელს ჩატარდა.
ბერლინის ფესტივალი არასდროს გამიჯნულა ისტორიისგან. აქ ყოველთვის ღიად აცხადებდნენ, რომ კინო პირველ რიგში პოლიტიკური ხელოვნებაა, რადგან როგორც უნდა ცდილობდეს რეჟისორი რეალობიდან გაქცევას, კონკრეტულის აბსტრაგირება მაინც გაუჭირდება. კინოს მიმართ ასეთმა დამოკიდებულებამ, ცხადია, გარკვეულწილად დააზარალა რეჟისორები, რომლებიც ძიებას, კინოს ენის დახვეწას, ახალი ფორმების, ახალი სტილის დამკვიდრებას უჭერდნენ მხარს. ამ ხალხს „ბერლინალე“ ნაკლებად სწყალობდა. შეიძლება ამიტომაცაა, რომ ის კინემატოგრაფისტები, რომლებიც მოდას ქმნიან თანამედროვე კინოში, ნელ-ნელა ჩამოსცილდნენ „ა“ კლასის კინოფორუმად აღიარებულ ბერლინის კინოფესტივალს. მათ დღეს კანი და ვენეცია ელოდებათ. აგერ ფინელმა რეჟისორმა აკი კაურისმიაკიმ „ბერლინალეს“ გახსნამდე ცოტა ხნით ადრე უარი თქვა საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობაზე და თავისი ახალი ფილმის პრემიერა კანში დაგეგმა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ფესტივალს ისე გაუჭირდა, იძულებული გახდა რეგლამენტი დაერღვია და კონკურსში ჩაერთო, მაგალითად, ფილმი „წარსული ცხოვრება“, რომელიც ერთი თვის წინ წარმატებით აჩვენეს სანდენსის კინოფორუმზე. კორეული წარმოშობის ამერიკელი რეჟისორის სელინ სონგის ეს ნამუშევარი იმდენად გამოირჩეოდა „ბერლინალეს“ პროგრამაში, რომ ფესტივალის ბოლომდე თითქმის ყველა კინოგამოცემა „ოქროს დათვს“ უწინასწარმეტყველებდა. „წარსული ცხოვრების“ გმირი, ნორა, ბავშვი იყო, როცა მშობლებმა სეულიდან კანადაში საცხოვრებლად წაიყვანეს. გავიდა 12 წელი. ნორამ ფეისბუკში შემთხვევით აღმოაჩინა თანაკლასელი ბიჭი, ვისთანაც კორეაში მეგობრობდა. მათ სკაიპით გააგრძელეს კონტაქტი. ამასობაში ნორა ამერიკელ მწერალზე გათხოვდა და ნიუ-იორკში გადასახლდა. 12 წლის შემდეგ ნორას ბავშვობის მეგობარი ამერიკაში ჩადის. შედგება შეხვედრა ბავშვობასთან, დავიწყებულ სამშობლოსა და გაწყვეტილ სიხარულთან, რომელსაც მრავალი წელია მხოლოდ ვირტუალური ფორმა ჰქონდა.
„წარსული ცხოვრება“ მთლიანად ნიუანსებზე აგებული ფილმია. მაყურებელი კითხულობს გრძნობებს გმირების სახეზე, თუმცა სიტყვის როლი მინიმუმამდეა დაყვანილი. კორეიდან ჩამოსულმა სტუმარმა არ იცის ინგლისური, ვერ ურთიერთობს ნორას ქმართან, ვერ აგებინებს, როგორ შეიძლება ბავშვობაში ჩასახული გრძნობა იმდენად გაძლიერდეს, რომ მთელი ცხოვრება გამოგყვეს და შენი მომავალი განსაზღვროს.
მაგრამ „ბერლინალე“ არა იმდენად გრძნობებს და ნიუანსებს უჭერს მხარს, რამდენადაც იდეებს და ადამიანის უფლებათა დეკლარაციებს. აქ უფრო უყვართ ის, რაც დღევანდელობას ასახავს და არა მარადიულს... და რაც უფრო რადიკალურია ავტორის პოლიტიკური განაცხადი, მით უფრო მეტია შანსი ფილმი ბერლინის ფესტივალის რომელიმე „დათვით“ აღინიშნოს. ამჯერადაც ასე მოხდა; კორეულ-ამერიკული „წარსული ცხოვრება“, რომელსაც ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა კინოკრიტიკოსების გამოკითხვაში, პრიზის გარეშე დარჩა.
კინოკრიტიკოსები თითქმის არასდროს ხელმძღვანელობენ დიდი ფესტივალების ჟიურის. ბერლინშიც, კანშიც, ვენეციაშიც მსაჯულთა თავმჯდომარედ, როგორც წესი, ან რეჟისორს ნიშნავენ, ან მსახიობს. ვფიქრობ, არტისტების მართვა უფრო ადვილია. თანაც, მაყურებლისთვის მნიშვნელოვანია იცნობდეს მსაჯულს, მეტ-ნაკლები წარმოდგენა ჰქონდეს მის შემოქმედებაზე (აბა, კრიტიკოსი ვის დაკარგვია?). მაყურებლისთვის მნიშვნელოვანია და, მით უმეტეს, იმ ხალხისითვის, ვინც ფესტივალს ფინანსურად ეხმარება.
„ბერლინალეს“, რომელსაც წელს სამართლიანად უწოდეს „ომისდროინდელი ფესტივალი“, სპონსორების ნაკლებობა აქვს. აგერ „ლორეალი“ და „ბოსი“, მრავალი წელი რომ აფინანსებდნენ ბერლინის ფორუმს, აღარ ჩანან სპონსორებს შორის. შესაბამისად, ფესტივალის დირექცია ცდილობს როგორმე გადაარჩინოს წლის პირველი მთავარი კინოდათვალიერება და რაც შეიძლება მეტი ვარსკვლავი მიიზიდოს თებერვლის ცივ და ქარიან ბერლინში. 73-ე ფესტივალზე თითქოს გამოსავალს მიაგნეს - ბერლინში ჩამოიყვანეს სტივენ სპილბერგი, რომელსაც საპატიო „ოქროს დათვი“ გადასცეს. გარდა ამისა, ფესტივალის პირველ დღეებში მოაწყვეს პრემიერა შონ პენის დოკუმენტური ფილმისა, რომელიც უკრაინას და ზელენსკის ეძღვნება.... რაც მთავარია, ჟიურის თავმჯდომარედ დაპატიჟეს ჰოლივუდის ვარსკვლავი, კრისტენ სტიუარტი. შეიძლება ითქვას, გამოიყენეს შანსი - სტიუარტი ისედაც აპირებდა ბერლინში, გადაღებაზე ჩასვლას; ფესტივალის გახსნამდე ცოტა ხნით ადრე გაირკვა, რომ მსახიობი, ცნობილი თავისი რადიკალური განცხადებებით („რადიკალი ლიბერალი“, როგორც ასეთ ხალხს შეარქვეს „პოსტივის“ და „იმედის“ ექსპერტებმა საქართველოში), მთავარ როლს შეასრულებს ახალ ამერიკულ ბაიოკიპში „ზონტაგი: მისი ცხოვრება“. ფილმი, რომლის გადაღება სწორედ ბერლინშია დაგეგმილი, ცნობილ მწერალს და სხვათა შორის, კრიტიკოსს, სიუზან ზონტაგს ეძღვნება. ბერლინის 73-ე კინოფესტივალი ამ მხრივ არაჩვეულებრივი საშუალება გახდა კრისტენ სტიუარტის იმიჯის შესაცვლელად - აქ ჰოლივუდის ვარსკვლავი ინტელექტუალი ქალის როლში მოგვევლინა...
მეც კინოს სამყაროში ვტრიალებ, ამიტომ ძალიან მაინტერესებდა, მაგალითად, შემეხედა კრისტენ სტიუარტის სახისთვის, დავკვირვებოდი მის მზერას, როდესაც ყოფილი მოდელი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ე.წ. „ბერლინული სკოლის“ ლიდერის, ანგელა შანელეკის საკონკურსო ფილმს, „მუსიკას“ უყურებდა.
ოიდიპოსის მითის ეს ინტერპრეტაცია საკმაოდ რთული გასაგებია ფორმის... სიმარტივის, მეტიც, გამომწვევი სიმარტივისა და სისადავის გამო. შანელეკის კინო - ესაა თითქმის უსიტყვო ურთიერთობა პერსონაჟებს შორის, სახის, ჟესტის, პლასტიკის ნამდვილი ფეიერვერკი, თავისუფალი გადაადგილება დროსა და სივრცეში (ოიდიპოს მეფის ისტორია აქ ჯერ თანამედროვე საბერძნეთში თამაშდება, შემდეგ კი ბერლინში). ვერ ვიტყოდი, რომ „მუსიკა“ მნიშვნელოვანი სიახლეა კინოს ენის განვითარების თვალსაზრისით (ეს სტილი ნახევარი საუკუნის წინ უკვე დანერგა რობერ ბრესონმა), მაგრამ გერმანული საკონკურსო ფილმი მაინც გამოირჩეოდა საკონკურსო პროგრამაში. მით უფრო უცნაურია პრიზი, რომელიც სტიუარტის ჟიურიმ „მუსიკისთვის“ გაიმეტა - პრემია საუკეთესო სცენარისთვის. მაშინ როცა საუკეთესო რეჟისორად წლევანდელმა „ბერლინალემ“ სულ სხვა ავტორი, ფრანგული კინოს ვეტერანი ფილიპ გარელი აღიარა ფილმისთვის „დიდი ეტლი“, გარელისთვის ტიპური მცირებიუჯეტიანი სურათი თოჯინების თეატრის მსახიობებზე. სიახლე აქ მხოლოდ ისაა, რომ დასის წევრების როლებს გარელის შვილები და ნათესავები ასრულებენ. სხვა არაფერი - „საყვარელი ფილმი“, რომელიც უფრო სატელევიზიო ჩანახატია, ვიდრე კინოხელოვნება.
საერთოდ, წლევანდელი „ბერლინალე“ ფრანგი და გერმანელი კინემატოგრაფისტების ტრიუმფით დასრულდა. „ვერცხლის დათვი“ გადასცეს „ბერლინური სკოლის“ კიდევ ერთ ლიდერს, კრისტიან პეტცოლდს ფილმისთვის „წითელი ცა“. არ არის გამორიცხული, ეს სურათი გერმანული „სალაროს“ ლიდერად იქცეს მას შემდეგ, რაც კინოთეატრებში უჩვენებენ. ოღონდაც, სავარაუდოდ, მხოლოდ გერმანულის. მეტისმეტად სპეციფიკურია პეტცოლდის იუმორი საიმისოდ, რომ ამ რეჟისორმა მისთვის ჩვეული პროვინციალიზმი და სწორხაზოვნება დასძლიოს. ამბავი ახალგაზრდა გერმანელებზე, რომლებიც შვებულებას ბალტიის ზღვის კურორტზე ატარებენ, წერენ წიგნებს, იღებენ ფოტოებს, ცვლიან სექსუალურ პარტნიორებს, მეტისმეტად ტლანქია, განზოგადებას რომ დამორჩილდეს. ბუნების დაცვის თემა კი, რომელიც ფილმის მეორე ნახევარში შემოდის, იმდენად ხელოვნურადაა მიბმული მთავარ ისტორიასთან, რომ უფრო საფესტივალო კონიუნქტურის გათვალისწინებას ჰგავს, ვიდრე ავტორის გულწრფელ ტკივილს.
წლევანდელი „ბერლინალეს“ გამარჯვებულზე, ფრანგ რეჟისორ ნიკოლა ფილიბერზეც იგივე შეიძლება ითქვას. ფილიბერის დოკუმენტური ფილმი „ადამანტზე“ ერთგვარი სრულმეტრაჟიანი ტელერეპორტაჟია ფსიქიატრიულ კლინიკაზე, რომელიც პარიზის ცენტრში, ზედ სენაზეა აშენებული. კლინიკა „ტივტივებს“, მისი პაციენტები კი ხან მღერიან, ხანაც უყურებენ მსოფლიო კინოს შედევრებს და მსჯელობენ ფედერიკო ფელინისა და ფრანსუა ტრიუფოზე. ეგ არის და ეგ. როგორი ფორმით ტარდება აქ „არტთერაპია“ და რატომ არიან ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტები ასეთი ჭკვიანები, ასეთი არააგრესიულები... ამ კითხვებზე ფილმში პასუხი არ არის.
პირველივე კადრებიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი მრავალჯერ გვაქვს ნანახი და, რომ ავტორებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის თემა არაჩვეულებრივი საშუალებაა გაიმარჯვოს დიდ ფესტივალზე და ასე დარჩეს კინოს ისტორიაში. მაგრამ საბედნიეროდ ხელოვნების ისტორია მკაცრია პოლიტიკური და სოციალური სპეკულაციების მიმართ. შეიძლება დღეს ბერლინის „დათვი“ მოიგო, მაგრამ ხვალ უკვე აღარავის ახსოვდე. იდეები ძველდება, მხატვრული სახეები -არასდროს. ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ ამიტომაც შეაქცია ზურგი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალს. თუმცა „ბერლინალეს“ ამით ბევრი არაფერი დააკლდა. ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ ფორუმზე, თუნდაც კანის ფესტივალისგან განსხვავებით, ბილეთები იყიდება კინოთეატრებში და ყველას, ვისაც აინტერესებს პოლიტიკურად მწვავე და აქტუალური კინო, საშუალება აქვს დაესწროს ახალი ფილმების პრემიერებს. ბერლინის კინოდარბაზები სავსეა მაყურებლით - დილით და საღამოს. მე პირადად წელს ცარიელი დარბაზი არც ერთი ფილმის პრემიერაზე არ მინახავს. კინოს აქ მაყურებელს უჩვენებენ და არა სნობ კინემატოგრაფისტებს. კინო აქ რეალობის ნაწილია. დასრულდება, მაგალითად, ახალი უკრაინული ფილმის ჩვენება (უკრაინა და ირანი წლევანდელი „ბერლინალეს“ მთავარი თემებია), გამოხვალ გარეთ და იხილავ რუსეთის საელჩოსთან საგანგებოდ მოტანილ დამწვარ ტანკს, რომელიც, შესაძლებელია, უფრო მეტია, ვიდრე მხატვრული სახე. ჩვენი დროის ტკივილია.
ამიტომ აქ არჩევანი არ უნდა არსებობდეს. ადამიანებს იდეები ისევე სჭირდებათ, როგორც გრძნობები. რეალობის ხილვა ისევე სჭირდებათ, როგორც პოეზიასთან კონტაქტი.