თუკი დაიჭერენ, სს კოდექსის 220-ე მუხლის მიხედვით, ნიკა გვარამიას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ბრალი წაუყენეს საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. ამ ფაქტს გვარამია პირდაპირ უკავშირებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და აფრთხილებს, რომ არ აპატიებს.
პოლიტიკური ოპონენტები და ექსპერტები ხელისუფლების მხრიდან რეპრესიებსა და დიქტატურაზე ლაპარაკობენ. ბოლო პერიოდის მოვლენებში შეშფოთების რეალურ საფუძველს ხედავს არასამთავრობო სექტორიც.
ბრძოლა „კაპიტულაციამდე“
„ვპირდები მას (ბიძინა ივანიშვილს), რომ მას ელის განადგურება და მის კაპიტულაციას ჩავიბარებ მე... და ვიქნები მის მიმართ ბევრად მოწყალე, ვიდრე მას წარმოუდგენია“, - ეს სიტყვები ნიკა გვარამიამ 9 აგვისტოს თქვა, ბრალის წაყენებამდე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შესვლის წინ.
- „პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგით ბიძინა ივანიშვილმა შემომითვალა, რომ მე ვარ მისი ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე აქ, ამ მიწაზე და მე ვიღებ ამ გამოწვევას“;
- „მე წავალ პოლიტიკაშიც, მე წავალ საზოგადოებრივ მოძრაობებშიც, ყველგან, სადაც ბიძინა ივანიშვილის დასამარება მიმდინარეობს“;
- „მოვუწოდებ ყველას, დროა გაერთიანების - საქართველოში ხდება ზუსტად ის, რაც ხდება რუსეთში“.
ბრალის წარდგენამდე „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ ყველაზე მეტად გააბრაზა დადანაშაულებამ ბინების მითვისების საკითხში. თუმცა რამდენიმე წუთში მან პროკურატურისგან შეიტყო, რომ წარდგენილი ბრალი საერთოდ არ მოიცავს ბინების საკითხს.
გვარამია ამბობს, რომ „ჭორაობისთვის“ ციხეში მოხვდება პროკურორი, რომელმაც ბრიფინგი ჩაატარა - „ეს ყველაფერი გაკეთებული იყო ჩემი პატივისა და ღირსების, ჩემი საქმიანი რეპუტაციის შელახვის მიზნით და იყო მოყვანილი ნახევრად სწორი ფაქტები“.
ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკური განადგურების მუქარა ბრალის წაყენების შემდეგაც გაგრძელდა. ამჯერად, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ივანიშვილს ქვეყნიდან წასვლა მოუწევს.
- „უზურპატორი უნდა წავიდეს და ის წავა, აუცილებლად... გარიგებით, გაგდებით თუ სხვაგვარად ის ამ ქვეყნიდან წავა“;
- „თუ აპირებს არჩევნების ჩატარებას, მაშინ წავა არჩევნებით და ეს არის ყველაზე კარგი და ერთადერთი შანსი მისთვის, რომ გადარჩეს“;
- „ნებისმიერ სხვა ვითარებაში, ყველა პოლიტიკური ლიდერის დაჭერის შემთხვევაში... ამ ქვეყანაში რა პლატფორმაც არ უნდა იყოს დე****** სვავის გასაგდებად, მასში მივიღებ მონაწილეობას - თუ გინდათ კომბალს დავიჭერ, თუ გინდათ - საარჩევნო მანდატს“;
- „დე****** სვავი ამ ქვეყნიდან უნდა გავაგდოთ“.
ნიკა გვარამიამ ბიძინა ივანიშვილი თავის ფეისბუკპოსტში ახსენა მალევე მას შემდეგ, რაც 9 აგვისტოს პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგზე ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება გაახმაურა.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორობის დროს, გვარამია ტელეეთერიდან ხშირად უპირისპირდებოდა ბიძინა ივანიშვილს, როგორც არაფორმალურ მმართველსა და „რუსთავი 2“-ის დახურვის მოსურნეს.
იყო ასევე უცენზურო გამონათქვამებიც პირადად ბიძინა ივანიშვილის მისამართით. როდესაც გვარამიასთვის ბრალის წაყენების ჭრილში „პირად შურისძიებაზე“ ლაპარაკობენ, ხელისუფლების ოპონენტები ხშირად სწორედ ამ ფაქტებსაც იხსენებენ.
ეჭვები და შეკითხვები ნიკა გვარამიას საქმეზე
მესამე სექტორი მოუწოდებს პროკურატურას „წონადი მტკიცებულებები“ წარმოადგინონ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე.
ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ ეს საქმე, შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული იყოს.
„ცხადია, რომ პროკურატურა დაჩქარებულად და უკიდურესად შემჭიდროებულ ვადებში მოქმედებს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და მას ბრალი წინა თვეში შეტანილი განცხადების საფუძველზე უკვე წარედგინა მაშინ, როდესაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ბევრი საქმე, რომელთა დაკავშირებითაც გამოძიების მსგავსი ოპერატიულობა არ შეიმჩნევა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ პროკურატურის გააქტიურება ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ემთხვევა“, - წერია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განცხადებაში.
„ხომ არ ხდება 2020 წლის არჩევნების წინ მედიასივრცის კონტროლისა და მოთოკვის მცდელობა?! “- ასეთ შეკითხვას სვამს „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენის ფაქტთან დაკავშირებით.
ამ კონტექსტში მისთვის საყურადღებოა მათ შორის გვარამიას მიერ ახალი ტელევიზიის დაანონსება და გამოკითხვაზე ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელის, ვახტანგ წერეთლის დაბარების ფაქტიც.
ამ ეტაპზე პროკურატურის ქმედებები „შერჩევითი მართლმსაჯულების დემონსტრირებას“ ჰგავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელისთვის, სულხან სალაძისთვის.
ფეისბუკპოსტში ის წერს, რომ ასეთი შთაბეჭდილება შენარჩუნდება მანამდე, ვიდრე პროკურატურა ლოგიკურ დასასრულამდე არ მიიყვანს "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის განცხადების საფუძველზე, 2012 წლის დეკემბერში დაწყებულ გამოძიებას“.
შერჩევით მართლმსაჯულებაზე, შურისძიებასა და დიქტატურის დამკვიდრებაზე ლაპარაკობს ოპოზიცია. მაგალითად, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით:
- „კომერციული სტრუქტურის დირექტორისთვის ბრალის წაყენება კომერციული კომპანიის საქმიანობაზე, ვერ შეფასდება სხვანაირად, თუ არა შერჩევითი მართლმსაჯულება“;
- „...პირადი შურისძიება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და პარალელურად იმის მცდელობა, რომ ხელი შეეშალოს გვარამიას მიერ დაანონსებული ახალი არხის შექმნას“.
- „ხელისუფლება შევიდა ბოლო ფაზაში, როდესაც მიაჩნია, რომ რეპრესიებით და ე.წ. მტკიცე ხელის პოლიტიკით შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას“, - ამბობს ბაქრაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, რომან გოცირიძის თქმით კი, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება „პოლიტიკური ტერორით“ არის დაკავებული და „გონიერების ფარგლებს გასცდა ის რეპრესიები, რასაც ხელისუფლება სჩადის“.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებით, ეჭვების საფუძველი არ არსებობს და კანონის წინაშე იმუნიტეტი არავის აქვს და მათ შორის - არც მედიის წარმომადგენლებს.
„თუკი ვინმეს მიმართ წარმოიშვა კითხვის ნიშნები, ყველამ პასუხი უნდა გასცეს ამ კითხვებს, იქნება ეს - ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელი, პოლიტიკოსი თუ რიგითი მოქალაქე... არ არის აქ საჭირო პოლიტიკური საკითხების ძებნა“, - განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა.
უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის თქმით კი, სამართლებრივ პროცესებს ოპონენტები ყოველთვის პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ და მუდმივად ხდება ბიძინა ივანიშვილის ხსენებაც.
ფაქტების ერთობა საერთაშორისო თანამეგობრობის თვალით
"დაგროვდა ფაქტები, რომლებსაც სერიოზული კითხვის ნიშნები უკავშირდება და ნათლად იკვეთება ავტოკრატიისკენ სვლის დამადასტურებელი სურათი", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე. ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენის გარდა, ექსპერტი რამდენიმე სხვა ფაქტსაც ასახელებს:
- „TV პირველის“ მფლობელის, ვახტანგ წერეთლის გამოკითხვაზე დაბარება;
- „TBC ჯგუფის“ დამფუძნებლებისთვის, ხაზარაძისთვის და ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენა და აღკვეთის ღონისძიების შეფარდება;
- „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და შესაბამისად - ანაკლიის პორტის გაურკვეველი მომავალი;
- ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკა მელიას გასამართლება;
- პოლიტიკოს ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება;
- ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შემოქმედთათვის პასუხისმგებლობის არიდება, შს მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას დარჩენის პირობებში წარმართული გამოძიება და მშვიდობიანი მომიტინგეების დასჯა.
როგორ შეიძლება დაინახოს საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩამოთვლილი ფაქტების ერთობლიობა და აღქმები, რასაც საერთო სურათი აჩენს?
გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ თუკი პროცესები ამავე რიგში გაგრძელდება, ამან შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას საქართველოს მისწრაფებას ნატოსკენ და ევროკავშირისკენ.
„ამ ორგანიზაციებში საქართველოს გაწევრიანების შანსები იმის მიხედვით იმატებს ან იკლებს, როგორ მდგომარეობაშიც არის ქვეყნის დემოკრატია და როგორ ვიცავთ ჩვენ დასავლეთისთვის უცვლელ მთავარ ღირებულებებს.
დემოკრატია რეგიონში სტაბილურობის გარანტად განიხილება და მის ხარისხზეა დამოკიდებული საქართველოს დახმარებაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. თუკი ჩვენ დასავლეთის ღირებულებებს დავშორდებით, ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პირისპირ მარტო დავრჩებით. ეს დამღუპველია ქვეყნისთვის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი მუჩაიძე.
ექსპერტის თქმით, ამ ეტაპზე მთავარ გამოწვევად რჩება ის ფაქტი, რომ საქართველოში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა პრაქტიკულად არ არსებობს და ამაზე ხშირად მიგვანიშნებენ საერთაშორისო პარტნიორები.