Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გელა მთივლიშვილი: პანკისის მოსახლეობას მხოლოდ ჰესის მშენებლობა არ გაუპროტესტებია. ხალხი გამწარებულია


„ეს არ ყოფილა უბრალო შეხლა-შემოხლა, ეს იყო ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ჟურნალისტმა, „პანკისის სათემო რადიოს“ დამფუძნებელმა გელა მთივლიშვილმა, რომელიც 21 აპრილს, კოლეგებთან ერთად მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აშუქებდა პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს. ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე ადგილობრივი მოსახლეობა და მობილიზებული პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა.

რადიო თავისუფლება: გელა, გუშინ თქვენ მთელი დღის განმავლობაში აშუქებდით დაპირისპირების ეპიცენტრიდან ხეობაში მომხდარ ამბავს. ელოდით მოვლენების ასე განვითარებას?

გელა მთივლიშვილი: ნამდვილად არ ველოდით. ამიტომ იყო რომ სამუშაო ველზე სრულიად მოუმზადებლები შევედით. ვითარება ჯერ კიდევ დილით დაიძაბა. მერე ცოტა ხნით განეიტრალდა, მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა, 4 ადამიანი უკვე იყო დაშავებული სპეცრაზმელთა რეზინის ტყვიებისგან და გაზის გაფრქვევის შემდეგ. შემდეგ მოვიდა შს მინისტრის მოადგილე, კახაბერ საბანაძე, რომელმაც მოსახლეობა გააფრთხილა, რომ თუ რომელიმე მათგანი პოლიციის მიმართ ძალას გამოიყენებდა და რომელიმე სამართალდაცველი მიიღებდა სხეულის დაზიანებას, ყველა აგებდა პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით.

მან ასევე შესთავაზა აქციის მონაწილეებს, რომ რამდენიმე აქტივისტი გაჰყოლოდა მას თელავში, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად. ამ დროს ხეობაში სიმშვიდე იყო, თუმცა, აქციის მონაწილეთა რიცხვი იზრდებოდა. ხალხი ხეობის ყველა სოფლიდან მოდიოდა. მოლაპარაკებაზე მათი დათანხმება ძალიან გაუჭირდათ, რადგან უმრავლესობა გამოხატავდა უნდობლობას ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. ბოლოს, ორგანიზატორებმა, მაინც მიიღეს რამდენიმე ადამიანის მოლაპარაკებებზე გაგზავნის გადაწყვეტილება. მათ კი აქციის მონაწილეებს სთხოვეს, რომ სანამ ისინი არ დაბრუნდებოდნენ, არავის არაფერი უნდა მოემოქმედა.

რამ დაძაბა ვითარება? რა მოხდა იმ რამდენიმე წუთში?

ჯერ იმას ვიტყვი, რომ ჩვენ სულ გვქონდა კონტაქტი თელავში წასულ აქტივისტებთან. შეხვედრის დაწყება საკმაოდ დაგვიანდა. ელოდნენ შს მინისტრს, გიორგი გახარიას. მიუხედავად ამ დაგვიანებისა, ხეობაში იყო სრული სიმშვიდე. ჩვენც კი, ჟურნალისტებმა, რომლებიც პირდაპირ ეთერში ვაშუქებდით ამ ამბავს, პირადაპირი რეპორტაჟები შევწყვიტეთ. ზუსტად ამ დროს გამოჩნდა იქ პოლიციის დამატებითი ტექნიკა. სადღაც 15-მდე პოლიციის სპეცმანქანა იყო, სავსე სპეცრაზმელებით. აქციის მონაწილეებს გზის გახსნა და ამ კოლონის გატარება მოსთხოვეს - სურდათ, რომ პოლიციის დამატებითი ძალები ჰესის სამშენებლო მოედნის ტერიტორიაზე შეეყვანათ. აქციის მონაწილეებს და პოლიციას შორის მანძილი დაახლოებით 30 მეტრი იყო. პოლიციამ მოთხოვნაზე უარი მიიღო, რადგან ხალხი ჯერ მოლაპარაკების შედეგებს ელოდა. პოლიციამ არ მიიღო ეს პასუხი და ძალის გამოყენებით შეეცადა კორდონის გარღვევას. ამას მოჰყვა სწორედ ეს დაპირისპირება.

პირდაპირ ჩართვაშიც ახსენე, რომ ეს დაპირისპირება ომს ჰგავდა.

კი, ასე იყო. გამიჭირდება ამას მხოლოდ უბრალოდ შეხლა-შემოხლა ვუწოდო. ყველა რაღაცით იბრძოდა. ქალებიც, კაცებიც. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ქვები და ჯოხები, პოლიციას კი რეზინის ტყვიები და როგორც ყველამ ვნახეთ, ცრემლსადენი გაზი. ეს იყო ბრძოლა, მეტიც, მე რაც იმ ერთი საათის განმავლობაში ვნახე, ეს იყო ომი. ომი -საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

მედიისთვის რამდენად მძიმე იყო ადგილზე მუშაობა?

მოუმზადებლები ვიყავით ძალიან. თან ის ტერიტორია მოშორებითაა, პირბადის ყიდვაც კი არ შეგვეძლო, რომ თავი დაგვეცვა. რამდენიმე ჟურნალისტს რეზინის ტყვიაც მოხვდა. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ოპერატორს თვალის არეშიც, თუმცა, საბედნიეროდ, გადარჩა, არ დაშავებულა. წარმოიდგინეთ, მთელი ის დრო არც ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა არ მოსულა. ბოლოს, ქალებმა რომ ნახეს, რომ ხალხი ძირს ეცემოდა, სოდიანი წყალი მოჰქონდათ სახლებიდან. ონლაინმედიის ჟურნალისტები მეტად დაუცველები ვიყავით, თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ სამართალდამცველები ცდილობდნენ, რომ ჩვენკენ არ ესროლათ.

პროტესტის ეს მუხტი დიდი ხანია უკვე პანკისში არსებობს და შენც შენიშნე, რომ ეს არ ყოფილა გაუაზრებელი უეცარი აფეთქება. რას გულისხმობდი?

დიახ. და ეს შსს-მ ძალიან კარგად იცოდა. ამიტომაც მგონია, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა,პირველ რიგში, სწორედ მათ ეკისრებათ. მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ამ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგი. თუმცა, ჩემი აზრით, ეს კონკრეტული პროტესტი არ უკავშირდებოდა მხოლოდ ჰესის მშენებლობას. მოსახლეობაში დაგროვილია უარყოფითი განწყობა, უნდობლობა ხელისუფლების მიმართ, მათ შორის, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმიდან გამომდინარეც. მათ არა აქვთ პასუხები. ხელისუფლება კი სტრატეგიას არ ცვლის - მათი მუშაობა ძალისმიერ მეთოდებზე დგას, სპეცოპერაციებზე, პოლიციის და სუს-ის მოქმედებებზე. ხალხი ნამდვილად იყო გამწარებული და ეს ემოცია არ მოდიოდა მხოლოდ ჰესის მშენებლობიდან.

გელა, ახლა რა ვითარებაა, რა ინფორმაცია გაქვთ? "პანკისის სათემო რადიო" დიდი ხანია ამ ამბავს თვალს ადევნებს და ყველა იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც დაგიგროვდათ, როგორ ფიქრობ, რით დასრულდება ეს ამბავი?

ჯერ ერთი, მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ, გუშინვე, სიტუაციის განმუხტვის მერე გამოჩნდა, რომ ხელისუფლება არასწორად იქცევა. დავიწყოთ იქიდან, რომ სოზარ სუბარმა, რომელიც არის პრემიერის თანაშემწე, თქვა, რომ მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი - ეს ასე არ არის! ამის წაყრუება არ შეიძლება. ამით ჩვენ ვქმნით ვითარების ესკალაციის ახალ საფრთხეს. ჩვენ ვნახეთ, რომ 21 აპრილის ბრძოლას - დიახ, ასე ვუწოდებ მე მომხდარს, წინ უძღოდა მთავრობის წევრების ვიზიტები პანკისის ხეობაში. ჯერ ვიცე პრემიერი მაია ცქიტიშვილი და ქეთევან ციხელაშვილი იყვნენ ჩამოსულები, შემდეგ უკვე ახლად დანიშნული ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც.

ორივეჯერ ისინი შეხვდნენ იმ ადამიანებს, ვინც აცხადებს, რომ არ არიან ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი. ესენი არიან პანკისის უხუცესთა კავშირის წევრები და პედაგოგები. მე ვფიქრობ, რომ მთავრობის კომუნიკაციის პოლიტიკა მხოლოდ პედაგოგებთან, მაგალითად, არის არასწორი. ამ პედაგოგების ნაწილი ბრიუსელშიც ჰყავდათ წაყვანილი რაღაც გაცნობით შეხვედრაზე და სწორედ ასეთ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ ხალხის დასათანხმებლად ჰესების მშენებლობაზე. რეალურად, ამ საკითხზე არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა თუნდაც ახალგაზრდებათან. სწორედ ასეთი წაყრუების პოლიტიკის შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და რაც, ჩემი აზრით, გუშინ არ დასრულებულა. მე ვშიშობ, რომ ეს სიტუაცია გამოიყენონ არა მხოლოდ პანკისის, არამედ ზოგადად, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. ვიცით, რომ პანკისის ხეობაში კადიროვებს ჰყავთ თავიანთი მხარდამჭერები და მათი გააქტიურების ნიშნები გუშინვე ჩანდა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG