”კონფორმისტი” ( Il conformista, 1970, ბერნარდო ბერტოლუჩი, იტალია)
გჯერათ, რომ ოდესმე ჩვენში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დაწერს ჰომოსექსუალობის ისტორიას საქართველოში? უკომპრომისოდ, გამოტოვებისა და შელამაზების გარეშე? მე მგონი, ვერავინ გაბედავს ამას. ასეთი მკვლევარი რომ გამოჩნდეს, იგი იძულებული გახდება გვიამბოს არამარტო საბჭოთა ეპოქაზე და იმაზე, თუ როგორ დევნიდა სუკი სექსუალურ უმცირესობებს. ამ კვლევაში უნდა გაგვახსენონ, როგორ ნიღბავდნენ პარტიული ელიტის წარმომადგენლები თავიანთ სექსუალობას და როგორ ხდებოდა ამ ხალხის ”დავერბოვკება” იმისათვის, რომ ისინი ბოლომდე დაეტოვებინათ დანაშაულებრივი სისტემის სამსახურში. ამ კვლევაში უნდა გაგვახსენონ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის 9 წელიც. რამდენი ჰომოსექსუალი დააშანტაჟა მაშინ ხელისუფლებამ? რისთვის მიმართავდა ფარულ გადაღებას და როგორ აჩუმებდა ამ კადრებით პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ბიზნესმენებს? ჰო, არც ეკლესია უნდა დაავიწყდეს. ამ მკვლევარმა ყველაზე დახურულ ინსტიტუტში, საპატრიარქოში უნდა შეაღწიოს და გაარკვიოს, რა შეიძლება იყოს ასეთი გაძლიერებული ჰომოფობიის მიზეზი იქ, სადაც სიყვარულს, პატიებას, ძალადობის მიუღებლობას უნდა ქადაგებდნენ. მძვინვარე ჰომოფობების აბსოლუტური უმრავლესობა ხომ ან შენიღბული პერვერტია, რომელიც ჰომოფობიით თავის სექსუალურ მიდრეკილებებს მალავს, ანდა არარეალიზებული ჰომოსექსუალი, რომელიც, შესაძლოა, ოდესღაც თავად იყო ძალადობის მსხვერპლი.
ბერნარდო ბერტოლუჩის ”კონფორმისტი” ნამდვილად შევა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც კინოს ისტორიაში ცენზურისგან ყველაზე მეტად დაზარალებული ფილმი. ვისაც ”კონფორმისტი” საბჭოთა ეკრანებზე გინახავთ, უთუოდ დაგრჩებოდათ უკმარისობის გრძნობა - ვერაფრით მიხვდებოდით, თუ რამ განაპირობა სურათის მთავარი გმირის, მარჩელო კლერიჩის, ასეთი ავადმყოფური კონფორმიზმი, რატომ არის ასეთი მხდალი და ასეთი ყალბი. როცა მუსოლინის რეჟიმი ეცემა და მარჩელოს ფაშისტებთან თანამშრომლობისთვის ხიფათი ემუქრება, კლერიჩი ქუჩაში გამოდის და ანტიფაშისტებს უერთდება. მოულოდნელად დაინახავს თმაშეღებილ კაცს, რომლის სახელს, ”ლინო”, მარჩელო შემთხვევით იგებს. მივარდება, დახრჩობას უწყებს, ყვირის: ”დაიჭირეთ, დაიჭირეთ, ეს ფაშისტია!”. საბჭოთა მაყურებელი ვერაფრით ხვდებოდა მარჩელოს ასეთი ქცევის მიზეზს, ვერ ხვდებოდა, რატომ იმოქმედა მასზე ამ სახელმა - ”ლინო”. და ბუნებრივია, რომ ვერ ხვდებოდა. სწორედ ლინოს უკავშირდება ეპიზოდი, რომელიც ცენზორებმა სასწრაფოდ ამოიღეს ბერტოლუჩის ფილმიდან. მრავალი წლის წინ ეს ვინმე ლინო შეიტყუებს, შეაცდენს პატარა მარჩელო კლერიჩის და შეშინებული ყმაწვილი კლავს მას. უფრო სწორად, მთელი ცხოვრება დარწმუნებული იქნება, რომ მოკლა... სწორედ იმის შიშით, რომ მის დანაშაულს გაიგებენ, - და, რაც მთავარია, საკუთარი თავის შიშით, - მარჩელო ეკვრება ყველაზე ძლიერებსა და ყველაზე ვაჟკაცურებს - იტალიელ ფაშისტებს. მათ გვერდით გრძნობს იგი თავს რაინდად, ”ასპროცენტიან” მამაკაცად, ისინი უმაგრებენ ზურგს და ისინი ავიწყებენ ყველაზე საზარელ ტრავმას.
ტრავმის დავიწყება კი ცხოვრების გაგრძელების საშუალებას აძლევს - ცოლს ირთავს, ეკლესიაში მივა, სისტემას ემსახურება და როცა ავალებენ, კლავს კიდეც. ახლა უკვე არა მოძალადეს, არამედ მსხვერპლს.
”კონფორმისტში” პოლიტიკური რეჟიმები იცვლება. ის, ვინც ადვილად მოერგო ერთ რეჟიმს, იმავე ხერხებით - დაბეზღებით, ”ჩაშვებით”, საკუთარ თავზე უარის თქმით -ფეხს დგამს მეორე რეჟიმში. ხელისუფლებას და, განსაკუთრებით, ამ ხელისუფლების სპეცსამსახურებს მორჩილნი ყოველთვის უყვარდა. უფრო მეტიც, ტოტალიტარული და არადემოკრატიული რეჟიმები სწორედ არასრულფასოვნების კომპლექსით დატანჯული ”მარჩელოების” დახმარებით იქმნება. რაინდის ნიღაბი მარჩელოსთვის იმ ვნებების დამალვის საშუალება ხდება, რომლებიც კარიერის შექმნაში ხელს შეუშლიდა.
მარჩელო მოირგებს ოჯახიშვილის, კარგი მამისა და ქმრის როლს, თუმცა კლერიჩი რაინდი არაა.
სტუდენტობის ხანაში მარჩელოს თავისი პროფესორის, კუადრის, არც ერთი ლექცია არ გამოუტოვებია. გულის სიღრმეში მასაც სძულდა ძალადობა, მით უმეტეს, რომ თავად იყო ძალადობის მსხვერპლი. მაგრამ ახლა, როცა ხელახლა შეხვდა კუადრის, უკვე ასაკში შესულ კაცს, რომელსაც თავისი მსოფლმხედველობისთვის არ უღალატია, მეგობრებიც ბევრი ჰყავს, ლამაზი ცოლიც და ერთგული ძაღლიც, მარჩელოს შურს მისი თავისუფლების.
შურისძიების მიზნით კლერიჩი თანახმაა ხაფანგი დაუგოს პროფესორს. რაინდის ნიღბით მოვლენილ კლერიჩის სძულს თავისუფალი ხალხი. უფრო სწორად, ასეთი ადამიანების შემყურე მარჩელოს საკუთარი თავი, საკუთარი მონობა სძულს. ეს ხალხი მას საკუთარ მონობას ახსენებს. ამიტომაც თანხმდება პროფესორ კუადრის ლიკვიდაციაზე.
მარჩელო კლერიჩები ბევრი გვყავდა და გვყავს საქართველოში. როგორც წესი, ისინი გამძვინვარებული, გაცოფებული ჰომოფობები არიან. ტოტალიტარული რეჟიმები მათ შესანიშნავად იყენებენ. მაგრამ თუკი რომელიმე მათგანმა სისტემიდან ამოვარდნა მოინდომა, უფრო მეტი მოინდომა, ვიდრე მისცეს, ასეთი კლერიჩები, უბრალოდ, შეიძლება მოკლან ანდა თავი მოაკვლევინონ.
ჰოდა, როგორ უნდა დავწეროთ ქვეყნის ისტორია, თუკი ადამიანთა დაშანტაჟების შესახებ არაფერს ვიტყვით? როგორ უნდა ვილაპარაკოთ დაშინებულ პოლიტიკოსებზე, თუკი მათ პირად ცხოვრებაზე საუბარი არაკორექტულად მიგვაჩნია? ამ მართლა გარყვნილმა რაინდებმა - პოლიტიკოსებმა, საერო და ”სასულიერო მოღვაწეებმა” - შესანიშნავად იციან, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ძალით არ ჩამოვხსნით ნიღაბს.
ეს მათ თავად უნდა გააკეთონ, თუკი მართლა ოცნებობენ, რომ ერთი წამით მაინც ისიამოვნონ თავისუფლებით.