გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ბერშუეთი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარეობს. ესაზღვრება ოსური სოფელი წინაგარი, სადაც საოკუპაციო ძალებს სამხედრო ბაზა აქვთ განთავსებული და იქიდან ბერშუეთის მიმდებარე მთებსა და ტყეებს აკონტროლებენ. ბერშუეთის მიმდებარე მთაზე ახლაც სამშენებლო ტექნიკა ჰყავთ მობილიზებული და გზასა და საინჟინრო ნაგებობებს აშენებენ. ბერშუეთელები დაკავების შიშით ახლოს ვერ მიდიან, თუმცა სოფლიდან კარგად ჩანს, როგორ მუშაობს რუსული ტექნიკა. ნიკა ზაუტაშვილი, ორ კვირაზე მეტია, მათ მოქმედებებს აკვირდება.
„გზის მაღლა ტექნიკა ჰყავთ აყვანილი. არ ვიცი, სანგრებს თხრიან, თუ გზას აგანიერებენ. ახლოს ვერ მივდივართ, დაგვიჭერენ. დიდი ხანია უკვე, რაც მუშაობენ“.
ბერშუეთელები მუდმივ შიშსა და პრობლემებში ცხოვრობენ. მათი თქმით, ომიდან 11 წლის შემდეგაც სოფელში სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. ისევ პრობლემაა სასმელი და სარწყავი წყალი. სოფლის საძოვრები ისევ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს აქვთ დაკავებული და იქ გასულ მწყემსებს ხშირად აკავებენ. როგორც ზაქარია ზაუტაშვილი გვეუბნება, შეიარაღებულმა პირებმა ის სოფლის ტერიტორიაზე დააკავეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. შემდეგ კი მესაზღვრეებს ერთმანეთში კონფლიქტი იმის გამო მოუვიდათ, თუ ვის უნდა გაეფორმებინა ეს დაკავება, რომ შემდეგ ხელმძღვანელობისგან მადლობა მიეღოთ:
„ჩვენს ტერიტორიაზე დამაკავეს. იმათ ტერიტორიიდან სამას მეტრში ვიყავი. ჯაგებში აქეთ-იქიდან მომიარეს. ასწიე ხელებიო და ხელებაწეული სირბილით მატარეს ჩვენ სალოცავამდე. სადღაც ტყეში მატარეს. ერთი კაზაკი იყო და გზაში ღრომიდან გადმოსული სხვა სამხედროები დახვდნენ. ერთმა თქვა, ე რა კარგი რამე მოიყვანე, წავიყვან ეხლა და ცხინვალში ბლაგადარნოსტს გამომიცხადებენო. მე დავიჭირე და შენ რატომ უნდა გამოგიცხადონ ბლაგადარნოსტიო,- ეუბნება ეს კაზაკი. იჩხუბეს და იმ კაზაკმა ჯიბრითა მერე უკან წამამიყვანა და გამომიშვა“.
ბერშუეთელები საძოვრების უქონლობისა და მუდმივი შიშის გამო უკვე საქონელს ყიდიან. მოსავლის მოყვანაც გართულებულია, რადგან სარწყავ არხში წყალი მხოლოდ წვიმის დროს ჩნდება. რობიზონ ქრისტესიაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას სოფელი მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა არჩევნები ახლოვდება.
„საძოვარი აღარ არის, რა უნდა გავაკეთოთ, რა ვაჭამოთ. რამის არი ხანა, დავამტვრიო ტელევიზორი. ვბრაზდები, ვუცქერი და არაფერი წინ არ მიდის. შედეგი არაფერია. ყურადღებას მანამდე გვაქცევენ, სანამ არჩევნები ჩატარდება“.
ბერშუეთელები, დიდი ხანია უკვე, მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მიღებას ითხოვენ. გული სწყდებათ, რომ მეზობელ სოფელ კირბალს ეს სტატუსი უკვე მიანიჭეს და ესენი კი უყურადღებოდ დატოვეს. ბერშუეთის მსგავსად, კირბალშიც სოფლის მიმდებარე მთასა და საძოვარზე გასვლა ისევ საშიშია. ცოტა ხნის წინ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფლის ნახირი, 25 სული ძროხა, გაიტაცეს. ძროხების ნაწილი რუსეთის მესაზღვრეებს გამოექცა, მაგრამ რვა სული საერთოდ დაიკარგა. როგორც ერთ-ერთმა ადგილბრივმა მცხოვრებმა, ხვთისო თაყაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, სოფლის ტყესთან ახლოს შეიარაღებული პირები გზის პირას ჩასაფრებულები იყვნენ და ნახირის გამოჩენისთანავე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყეში გადარეკეს:
„ძროხები უცხო გზაზე რომ მოხვდნენ, დაიფანტნენ და შემდეგ თვითონვე გამოიგნეს გზა. ჩემი ძროხაც სახლში გვიან ღამით მოვიდა. 8 სული კი საერთოდ დაიკარგა. მაგ ტყესთან სულ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ მოგვეპარონ და დაგვიჭირონ. მეც რამდენიმე წლის წინ დამიჭირეს და ცხინვალის იზოლატორში 14 დღე გავატარე“.
ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები ადამიანებისთვის ბოლო 11 წლის განმავლობაში ბევრი არაფერი შეცვლილა. კირბალსა და ბერშუეთში ყველაზე მწვავედ ისევ უსაფრთხოების პრობლემა დგას. მოუგვარებელი რჩება ინფრასტრუქტურული და საირიგაციო პრობლემებიც. ახალგაზრდები კი სოფლებს ტოვებენ.