საქართველო 21 მარტიდან საგანგებო რეჟიმის ფარგლებში ცხოვრობს - პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები კი, რაც შინიდან მუშაობას და სოციალური დისტანციის დაცვას ნიშნავს, უფრო ადრე დაწესდა. მთავრობას უნდა, საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდეს - ოპოზიცია ანტიკრიზისულ გეგმას და ბიუჯეტს ითხოვს. ეკონომიკისა და პოლიტიკის მკვლევრები ფიქრობენ, რომ თუ საქართველო 3 თვეზე მეტხანს იცხოვრებს კარანტინის რეჟიმში, ქვეყანა ისეთი ეკონომიკური, სოციალური, ადმინისტრაციული თუ ადამიანური სირთულეების წინაშე დადგება, რომლის დაძლევის საშუალებაც მას არა აქვს. საქართველოს ხელისუფლება კი თითქმის ყოველდღიურად ამკაცრებს ზომებს - ბოლო, 16 აპრილის შეზღუდვის თანახმად, აიკრძალა ავტომობილით გადაადგილება. ჩაკეტილია ქალაქები, გაჩერებულია ეკონომიკა. შეზღუდვების ნაწილის პროპორციულობასა და გონივრულობაზე საზოგადოება მსჯელობს და, მაგალითად, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ რამდენიმე მათგანის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებასაც კი აპირებს.
საგანგებო მდგომარეობა, ეკონომიკური პროცესების გაჩერება და რაც შეიძლება მეტი ადამიანის შინ დარჩენა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესით იხსნება - გამომდინარე იქიდან, რომ COVID-19 მთელი მსოფლიოსთვის სიახლეა, მის წინააღმდეგ ვაქცინა არ არსებობს და სწრაფად გავრცელება აჩენს საფრთხეს, რომ მისი გადატანა მოსახლეობის ნახევარზე მეტს ადრე თუ გვიან მოუწევს, ცხადი ხდება, რომ შეზღუდვებს და აკრძალვებს უსასრულოდ ვერც ერთი ქვეყანა ვერ გააგრძელებს და მთავრობები ანტიკრიზისულ გეგმებთან ერთად ადგენენ ე.წ. ლოქდაუნიდან ეტაპობრივად გამოსვლის განრიგებს და სტრატეგიებს. არიან ისეთებიც, ვინც თვლიან, რომ კითხვების დასმა გამოსვლის სტრატეგიებზე ნაადრევია მანამ, სანამ ვაქცინა არ იარსებებს. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი, კონსერვატორი ნადინ დორისი ჟურნალისტებს სთხოვს, შეწყვიტონ კითხვების დასმა გამოსასვლელზე ე.წ. ლოქდაუნიდან. ის მიიჩნევს, რომ ვაქცინამდე ყველაფერი იქნება მცდელობა, დავიცვათ შუალედი ეკონომიკურ ინტერესსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას შორის.
საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არც ანტიკრიზისული გეგმა წარმოუდგენია და არც საგანგებო მდგომარეობიდან ეტაპობრივად გამოსვლის სტრატეგია არსებობს. მოქალაქეთა საკმაოდ დიდი ნაწილი ამბობს, რომ შემოსავლის გარეშე შინ დარჩენილებს ერთი თვის განმავლობაშიც კი გაუჭირდებათ თავის შენახვა. აპრილის დასაწყისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რომელიც ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით Edison Research-მა ჩაატარა, მოსახლეობის თითქმის ნახევარს, 45%-ს, საკვებისთვის ფული ერთ თვეზე ნაკლებ ხანს ეყოფა.
ხელისუფლება უხელფასოდ დარჩენილებისთვის კომპენსაციაზე ლაპარაკობს, რომელიც, ამ დრომდე გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით, საარსებო მინიმუმზე ნაკლები შეიძლება იყოს და, ამასთან, არ გავრცელდება თვითდასაქმებულებზე, რომლებიც დასაქმებულთა საკმაოდ დიდ ნაწილს წარმოადგენენ.
მეორე მხრივ, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამედიცინო სფერო დიდ დატვირთვას ვერ გაუძლებს - ეს უკვე გამოიარეს საქართველოზე ბევრად განვითარებულმა ქვეყნებმა, სადაც ვირუსის სწრაფად და სტიქიურად გავრცელებამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
15 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეკონომიკური გუნდი ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობდა - ამ გეგმის შესახებ მთავრობა ერთი თვის წინაც საუბრობდა.
ამ დროსთვის საქართველოში ფაქტობრივად შეუძლებელია იპოვო პასუხები კითხვებზე:
- როდის შეძლებენ მუშაობის აღდგენას სკოლები, ბაღები და უნივერსიტეტები?
- როდის აღდგება ონლაინვაჭრობა?
- როდის მოიხსნება შეზღუდვა ტრანსპორტით გადაადგილებაზე?
- რა ბედი ელით მათ, ვინც ყოველდღიურად გადიოდა სახლიდან დღიურ სამუშაოზე და ახლა სახლში ზის?
- გვემუქრება თუ არა საკვების დეფიციტის გაჩენის საფრთხე?
- შევძლებთ კი ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებას?
რა გზები გამონახეს სხვა ქვეყნებმა ცხოვრების ნორმალურ რიტმში დასაბრუნებლად?
ევროკავშირის ქვეყნებისთვის, რომელთა უმეტესობაში საგანგებო რეჟიმები მაისის შუა რიცხვებამდეა გამოცხადებული, ევროკომისიამ 15 აპრილს წარმოადგინა გეგმა, როგორ უნდა გამოვიდნენ არსებული შეზღუდვებიდან. გეგმაში მოცემულია სამი ძირითადი კრიტერიუმი, რომელიც ერთიანია მთელი ევროპის მასშტაბით, თუმცა სავალდებულო არ იქნება წევრი სახელმწიფოებისთვის. მათმა ნაწილმა - მაგალითად, ავსტრიამ და ესპანეთმა - ამ გეგმის შემუშავებამდე დაიწყო საგანგებო მდგომარეობიდან ეტაპობრივი გამოსვლა.
აი, რა კრიტერიუმებს სთავაზობს ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს:
- პირველი კრიტერიუმი უნდა გახდეს COVID-19-ის გავრცელების შესუსტება, კერძოდ, დაავადებისა და ჰოსპიტალიზების შემთხვევათა კლება.
- ევროკომისია მეორე კრიტერიუმად ასახელებს ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანოების საკმარის პოტენციალს. ის მოიცავს პაციენტების განთავსებისთვის საჭირო საკმარის ადგილებს, სამედიცინო ტექნიკისა და პრეპარატების ქონას.
- მესამე კრიტერიუმია ინფიცირებულ პირთა დაავადებისა და მათი კონტაქტების მონიტორინგი. ეს პუნქტი ტესტირების ფართო შესაძლებლობებს გულისხმობს.
გეგმა არ მოიცავს კონკრეტულ თარიღებს და აქტივობებს - ეს ყველა ქვეყანამ დამოუკიდებლად უნდა დაადგინოს.
როგორია ევროპის ქვეყნების გამოსვლის გეგმები?
ჩეხეთში, სადაც საგანგებო მდგომარეობა 30 აპრილამდეა გამოცხადებული, არსებობს სავაჭრო ობიექტების გახსნის ეტაპობრივი გეგმა.
20 აპრილიდან ჩეხეთში მუშაობას განაახლებენ აგრარული ბაზრები და ავტოსალონები. შესაძლებელი გახდება მცირერიცხოვანი ქორწინების ცერემონიალების გამართვა მაქსიმუმ 10 კაცის შემადგენლობით, პროფესიონალ სპორსტმენებს შეეძლებათ საწვრთნელი ვარჯიშების განახლება.
მაღაზიები, მსხვილი სავაჭრო ცენტრები და რესტორნები 11 მაისიდან 8 ივნისამდე ეტაპობრივად გაიხსნება. შეზღუდვები პირველ ეტაპზე მოიხსნება 200 კვადრატულ მეტრამდე ფართობის მაღაზიებზე.
ჩეხეთში მკაცრი საკარანტინო ზომების შერბილების პირველი ეტაპი გავლილია - ნებადართულია ვარჯიში ღია სივრცეში, ტყეში სირბილი ან ქალაქგარეთ ველოსიპედით სეირნობა ნებადართულია პირბადის გარეშე. გაიხსნა სამშენებლო მასალების, ტექნიკის, ველოსიპედების ნაწილების, ასევე დასვენებისა და გართობისათვის საჭირო საქონლის მაღაზიები.
მკაცრი კარანტინის შემსუბუქების გადაწყვეტილება 15 აპრილს მიიღეს გერმანიაში. იქ 20 აპრილიდან გაიხსნება მაღაზიები, რომელთა სავაჭრო ფართი 800 კვადრატულ მეტრამდეა. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰიგიენური ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვა. მუშაობას განაახლებენ ავტოსალონები და ველოტრანსპორტისა და წიგნის მაღაზიებიც.
4 მაისიდან დაგეგმილია სკოლების მუშაობის ნაწილობრივ განახლება. პირველ ეტაპზე სწავლას უფროსკლასელები გააგრძელებენ.
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, ინფორმაციით, კარანტინის შემდგომ შემსუბუქებაზე 30 აპრილს იმსჯელებენ.
ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა და სოციალური დისტანცირების რეკომენდაცია. გერმანიაში დახურულია კაფეები, რესტორნები და სასტუმროები. აკრძალულია ეკლესიებში, მეჩეთებსა და სინაგოგებში შეკრება. აგვისტოს ბოლომდე აკრძალულია კონცერტები და სხვა მასობრივი ღონისძიებები.
საფრანგეთმა 13 აპრილს 11 მაისამდე გააგრძელა კარანტინის რეჟიმი. ამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას ემანუელ მაკრონმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ კარანტინის გაუქმების შემდეგაც ქვეყანა ადრინდელ ცხოვრებას სწრაფად ვერ დაუბრუნდება. სულ მცირე, ივლისის შუა რიცხვებამდე იქნება აკრძალული საჯარო ღონისძიებები.
საფრანგეთში კარანტინის რეჟიმი 17 მარტიდან მოქმედებს. სახლიდან გასვლა ნებადართულია მხოლოდ პროდუქტისა და მედიკამენტების შესაძენად, ექიმთან ვიზიტისთვის ან სამსახურში აუცილებლად გამოცხადების შემთხვევაში.
14 აპრილიდან დაიწყო ავსტრიის მთავრობამ 16 მარტს გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის შემსუბუქება.
პირველ ეტაპზე გაიხსნა 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობის მაღაზიები და სამშენებლო და მებაღეობისთვის საჭირო პროდუქციით მოვაჭრე ობიექტები, სადაც მყიდველებს მხოლოდ პირბადით და შეზღუდული რაოდენობით უშვებენ და დისტანციის დაცვას სთხოვენ.
კანცლერ სებასტიან კურცის განცხადებით, მთავრობას სურს, რომ ავსტრიამ ეკონომიკური თვალსაზრისით კრიზისი რაც შეიძლება სწრაფად დაძლიოს. ავსტრიის მთავრობა 1 მაისიდან აპირებს დანარჩენი მაღაზიების, სავაჭრო ცენტრებისა და სილამაზის სალონების გახსნას, ხოლო მაისის შუა რიცხვებიდან - რესტორნებისა და სასტუმროების. მაისის შუა რიცხვებამდე დახურულია სასწავლო დაწესებულებები.
კარანტინის ზომები შერბილდა კორონავირუსის გავრცელებით მსოფლიოში მეორე ადგილზე მყოფ ესპანეთშიც. 13 აპრილიდან მუშაობა განაახლეს სამშენებლო ფირმებმა და ცალკეულმა საწარმოებმა.
მსუბუქად არბილებს საკარანტინო ზომებს იტალიაც, სადაც ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა COVID-19-მა. პირველ რიგში, აქ იხსნება წიგნებისა და ბავშვის ტანსაცმლის მაღაზიები, მუშაობის განახლების საშუალება ეძლევა სატყეო ბიზნესს.
კარანტინის ზომებს არბილებს დანიაც, სადაც უკვე იციან, რომ 15 აპრილიდან გაიხსნება დაკეტილი საბავშვო ბაღები და სკოლები.
1 მაისს ასახელებს გარკვეული შეზღუდვების მოხსნის თარიღად ტრამპის ადმინისტრაცია შეერთებულ შტატებში. 14 აპრილს მან საგანგებო გუნდი წარმოადგინა, რომელმაც აშშ-ის ეკონომიკის ამოქმედებაზე უნდა იმუშაოს. აშშ-ის პრეზიდენტი დღეს, 16 აპრილს, აპირებს წარმოადგინოს ქვეყნის ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის ძირითადი პრინციპები.
კარანტინის ზომების შემსუბუქების კვალდაკვალ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს რეკომენდაციას ქვეყნებისთვის, რომ არ იჩქარონ ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება. ქვეყნებში, სადაც ვითარება უმართავია, კარანტინის ზომების შემსუბუქების ნაცვლად ხელისუფლება ძალის მაქსიმალურად გამოყენებაზე ფიქრობს. მაგალითად, რუსეთში ფიქრობენ, რომ შესაძლოა ჯარის გამოყენება გახდეს საჭირო.
ამ დროისთვის მოსკოვსა და რამდენიმე რეგიონში კარანტინია გამოცხადებული, მოქალაქეებს შინიდან გასვლა შეუძლიათ მხოლოდ საკვების საყიდლად, ნაგვის გადასაყრელად, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მისაღებად და, ასევე, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სამსახურში წასასვლელად.
უნგრეთის შემთხვევა კი აჩენს ეჭვს, რომ შეზღუდვები და საგანგებო ზომების გატარება ყოველთვის ჯანდაცვის ინტერესებიდან არ გამომდინარეობს და შესაძლოა ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების უზურპაციის მცდელობა იყოს. 9 აპრილს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, განუსაზღვრელი ვადით გამოაცხადა ქვეყნის მასშტაბით მოქმედი მკაცრი საკარანტინო ზომები, ქალაქების მერებს კი მისცა უფლება, „საკუთარ თემებში უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები მიიღონ“.
ჯერჯერობით ძნელია, ზოგადად, ლაპარაკი იმაზე, როგორი იქნება ზარალი, რასაც COVID-19 ეკონომიკას და დემოკრატიულ პროცესებს მოუტანს. ამ დროისთვის ცხადია ის, რომ ვირუსმა მსოფლიოში 142 ათას ადამიანზე მეტი იმსხვერპლა, მილიარდობით დოლარის ზარალი მიაყენა ქვეყნებს და გააჩინა კითხვა, როგორი იქნება ცხოვრება მერე, როცა ეს ყველაფერი დამთავრდება. მანამ მაინც, სანამ არ გვეცოდინება, როდის შეიძლება დასრულდეს რეჟიმი, რომელშიც ვცხოვრობთ.