სოხუმში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების გამო, რაიმე დაძაბულობა ჯერჯერობით არ შეინიშნება ძირითადად, ქართველებით დასახლებულ გალის რაიონში.
ოკუპირებული აფხაზეთის ამ რაიონში მცხოვრები მოქალაქეები 10 იანვარს, დილიდან შეუფერხებლად კვეთდნენ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს.
ენგურის ხიდზე არსებული ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი განრიგის მიხედვით, 7:00 საათზე გაიხსნა და დღის განმავლობაში, ორივე მიმართულებით რამდენიმე ასეული მგზავრი გაატარა.
გალიდან სამეგრელოს რეგიონში გადმოსულმა მოქალაქეებმა, რომლებსაც ენგურის ხიდთან გავესაუბრეთ, არ დაგვიდასტურეს სხვადასხვა წყაროთი გავრცელებული ცნობები, რომ მოსალოდნელი საფრთხის გამო მოქალაქეები გალის რაიონს ტოვებენ. მსგავსი ინფორმაციის საფუძველი დღის პირველ ნახევარში, ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მოქალაქეთა სიმრავლე იყო. გალის რაიონის სოფელ დიხაზურგის მცხოვრებმა ნუგზარ გვაგვალიამ გვითხრა, რომ როგორც წესი, დილის საათებში ე.წ. საგუშაგოზე ყოველთვის რიგი დგას.
რაც შეეხება სოხუმში განვითარებულ მოვლენებს, ნუგზარ გვაგვალიას მხოლოდ ის ინფორმაცია აქვს, რაც ტელევიზიით ვრცელდება: „ტელევიზორში ვნახე ის, რომ კარი მოხსნეს და ფანჯრები ჩაამსხვრიეს... როგორც რუსს უნდა, მაინც ისე იქნება ყველაფერი“.
სოხუმში, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის შესახებ ბევრი არაფერი იციან რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხულმა სხვა გალელებმაც. მათი ნაწილი ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასა და მის ოპონენტებზე აზრის საჯაროდ გამოთქმას ერიდება, ნაწილი კი ამბობს, რომ აფხაზ პოლიტიკოსებს არ იცნობენ, რადგან ისინი გალის რაიონში შეხვედრებს არასდროს მართავენ.
როგორც ერთ-ერთმა რესპონდენტმა გვითხრა, რადგან ხაჯიმბას წინააღმდეგ ხალხი გამოვიდა, „ალბათ, კარგი კაცი არ არის“.
„სამწუხაროდ, არ ვიცი იქ (სოხუმში)რა ხდება. გალის იქით არ ვარ ნამყოფი. გზაში გავიგე, რომ რაღაც ხმაური და არეულობაა. იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ყველაფერი რიგზე იქნება, მეგობრებად დავრჩებით და შევრიგდებით“, - გვითხრა ოკუპირებული გალისკენ მიმავალმა როლანდ ზარქუამ.
წლებია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პოლიტიკურ ცხოვრებაში“ გალის რაიონი პრაქტიკულად, არ მონაწილეობს. გალელების უმრავლესობას საქართველოს მოქალაქის პასპორტი აქვს, ამიტომ დე ფაქტო ხელისუფლება მათ ე.წ. აფხაზურ პასპორტებს არ აძლევს. გალის რაიონის მცხოვრებნი ძირითადად, დროებითი დოკუმენტებით - ე.წ. „ფორმა ნომერი ცხრით“ და „ბინადრობის მოწმობით“ სარგებლობენ ე.წ. საზღვრის გადაკვეთისას. დე ფაქტო ხელისუფლება გალის რაიონის მცხოვრებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებად მიიჩნევს და ე.წ. არჩევნებში მონაწილეობასაც უკრძალავს.