Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახრა ავიძბა: ხაჯიმბას ხელისუფლება მფარველობს ქართველ ქურდებს


ახრა ავიძბა სოხუმში 9 იანვარი
ახრა ავიძბა სოხუმში 9 იანვარი

ახრა ავიძბა სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირია. 9 იანვარს, სწორედ მისი თაოსნობით შეიჭრა გარკვეული ჯგუფი აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“. სხვა ბრალდებებთან ერთად, ე.წ. პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას ის ქართველი ქურდების მფარველობაში და ზოგადად - კრიმინალებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

ახრა ავიძბა უკრაინაში, დონეცკელი სეპარატისტების მხარდასაჭერად იბრძოდა. ის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (ДНР) გმირია (ცნობილი სახელით - „აფხაზ“). ის არის 2019 წლის ნოემბერში, სოხუმში მოკლული „კანონიერი ქურდის“, ალხას ავიძბას ბიძაშვილი.

ახრა ავიძბა ამბობს:

„ერთ-ერთი ვარ მათ შორის, ვინც ამ შენობაში შევიდა. ის (ხაჯიმბა) ჩემკენ პირით იდგა. მაშინვე შებრუნდა - იფიქრა, რომ ხალხის მასა ვერ შეძლებდა (შენობაში შესვლას). მას არ სჯერა საკუთარი ხალხის.

ჩვენ კი მათ (იმედით) ვუყურებდით, რომ - დემოგრაფიულად, ეკონომიკურად და საერთოდ - სულიერად დავდგებოდით ფეხზე... მაგრამ არა, ისინი ჩვენ გვანადგურებენ - მეთოდურად, თანმიმდევრულად გვანადგურებენ. ისინი ჩვენ მუდმივად გვემუქრებიან... ანქვაბი რატომ გადააყენეს?! იმიტომ, რომ თითქოს ის პროქართული იყო და კიდევ რაღაც... და შედეგად, დღეს ჩვენ რას ვხედავთ?!

ეს ქართველი ქურდები, რომლებიც აქ ჩამოდიოდნენ, ვის ჩამოჰყავდა ისინი?! ვისი მანქანებით დადიოდნენ?! დღეს ის სულთამხუთავები, რომლებიც ჩვენს ძმებს კლავენ ... მათ დღეს ორი მათგანი დაინახეს - ეს ჩემი პირადი ტკივილია... მაგრამ სხვებს ხომ სხვა ტკივილი აქვთ?! ისინი მათ ძმებს რატომ არ ხედავენ?!

პაველ არძინბა რომ მოკლეს (2017 წლის დეკემბერში), რატომ არ გაიხსნა მკვლელობის საქმე?! როდესაც ჩვენ აღგვაშფოთა მინისტრის უმოქმედობამ, აპარატის უფროსისგან მოვისმინე: თქვენ დაასახელეთ კანდიდატურა, რომელიც მას მისცემს გარანტიას, რომ - პაველ არძინბას მკვლელობის საქმე არ იქნება გამოძიებულიო... რა არის ეს?! ვერაფერი გავიგე. ვუთხარი - მე მივდივარ მინისტრის გადასაყენებლად და არა დასანიშნად-მეთქი... ჩვენ კონსტიტუცია გვაქვს, კანონები გვაქვს...

როცა დღეს მეუბნებიან და მადანაშაულებენ, რომ იარაღით დავდივარ... მე ვიცი, რომ ჩემი მტრები მეტი იარაღით დადიან და ამიტომ დავდივარ მეც... მაგრამ მათ აქვთ ასევე ყველანაირი სახელმწიფო მოწმობა. ისინი მხოლოდ ჩემი მტრები არ არიან, ისინი ხალხის მტრები არიან... ისინი აფხაზებს კლავენ. ისინი თავის დროზე ყაჩაღობით იყვნენ დაკავებული. ისინი დღეს რაღაცნაირად მის (ხაჯიმბას) გარშემო გაერთიანდნენ. ჩვენ კი ეს ყველაფერი დაგვავიწყდა...

შევშფოთდი, როცა გავაანალიზე, რომ მისი (ხაჯიმბას) ხელისუფლება უკვე 5 წელიწადზე მეტს ითვლის. ჯერ მარტო ერთი წლის განმავლობაშია გატაცებული 11 ბიზნესმენი... ერთ-ერთი გატაცებულის შვილს შევხვდი და მითხრა: აი, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, 20 მეტრში გადავეცი გამოსასყიდი ფულიო. აი ასე არიან გათავხედებული...

მკვლელები დღეს მანქანებს აღარ იტაცებენ... ისინი უბრალოდ მიდიან და ყიდულობენ... ყიდულობენ და მერე მოდიან ჩვენს მოსაკლავად. ყველამ კარგად იცის, ისინი ვინც არიან, რადგან მანამდე ისინი 10-ჯერ იყვნენ დაჭერილი და 10-ჯერვე გაათავისუფლეს. ისინი ამ ხელისუფლებამ გაათავისუფლა - არჩევნებში ხმების მიღების გამო...

ერთი წუთით არ დავფიქრებულვარ, რომ დღეს აქ მოვსულიყავი თუ არა. როცა ისინი მიყვიროდნენ - სისხლი დაიღვრება და ეს შენს სინდისზე იქნებაო... მტრები რომ მოსულიყვნენ, სისხლი რომ დაეღვარათ, ჩვენ საზღვრების დასაცავად წავსულიყავით და ერთმანეთისთვის რომ გვეყვირა, სინდისიერი იქნებოდა ეს?! (ეს მონაკვეთი გაურკვევლად ისმის ჩანაწერში). ჩვენ ჩვენი სამშობლოსკენ ვართ.

როცა ისინი დღეს ეხებიან დონეცკის გავლით... ჩემს რუსეთში გამგზავრებას (ეს მონაკვეთი გაურკვევლად ისმის ჩანაწერში)... დიახ, მე იქაც მოქალაქე ვარ, იქაც ... და აქაც მოქალაქე ვარ. მაგრამ ჩემი სამშობლო აფხაზეთია და სულით მუდამ აქ ვარ...

ისინი ტელეფონით ურეკავენ ხოლმე თავიანთ კურატორებს და მიჩივიან - ეს დონბასელიაო... დაავიწყდათ, საიდან ვარ მე წარმოშობით...

მე ვერ ვხედავ შედეგებს, რომელთა მიღწევაც მათ სურდათ, როცა მოდიოდნენ 2014 წელს... ისინი ამ გზით მოვიდნენ და ამავე გზით წავიდნენ“.

ახრა ავიძბას დაუსვეს ასევე შეკითხვა: როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება?

მისი პასუხი ასეთია:

„მე, როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქე, მხოლოდ იურიდიულ სიბრტყეს ვხედავ. არჩეულ ორგანოს, პარლამენტარებს მოვუწოდებთ, რომ შეიკრიბონ, საგანგებოდ შეიკრიბონ...

მე გაკვირვებულიც კი ვარ, ამ დრომდე რატომ არ არიან ისინი აქ?! გვინდა, რომ მათ დანიშნონ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი - იქნება ეს (არჩევნები) ერთი ტურით თუ ორი ტურით... იქნება ახალი არჩევნები თუ როგორც იქნება...

2014 წელს, როცა ხაჯიმბა მოდიოდა, გვეხუმრებოდა - არჩევნების დროს ბევრი რამ კეთდება და მოდით, ყოველ თვეში ჩავატაროთო... რაულ ჯუნკოევიჩ, მოდით (ჩავატაროთ არჩევნები)... თქვენ ხომ ბევრი ფული გაქვთ და ამ ფულს ხალხში არ ხარჯავთ“.

ახრა ავიძბა ეს კომენტარები ჩაწერილია 9 იანვარს, „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ შენობასთან რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის - „ეხო კავკაზას“ - კორესპონდენტის მიერ.

XS
SM
MD
LG