ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების მცხოვრები ნუგზარ ხარჩილავა პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ერთი დღით ადრე უნდა გადმოვიდეს დანარჩენ საქართველოში. მისმა ოჯახმა ბინა ბათუმში მიიღო და თავადაც იქ არის რეგისტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ ქვემო ბარღებიდან ბათუმამდე ჩასვლა და უკან დაბრუნება 40 ლარი დაუჯდება, ამ გზას გაივლის და რჩეულ კანდიდატს ხმას მისცემს. თანხის გარდა მას საკმაოდ დიდი დროის ხარჯვაც მოუწევს, რადგან ქვემო ბარღები ენგურის ხიდს 20 კილომეტრით არის დაშორებული. ნუგზარ ხარჩილავას სოფლიდან მიკროავტობუსი ენგურის ხიდამდე მიდის. იქიდან მას ზუგდიდის ცენტრამდე სხვა ტრანსპორტში გადაჯდომა მოუწევს, რათა ბათუმში გაემგზავროს. ქვემო ბარღების მცხოვრებს სჯერა, რომ პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობით მთავრობასაც შეცვლის:
„ან 26-ში, ან 27-ში გადმოვალ. ვარიანტი არ არსებობს, ასი პროცენტით წავალ არჩევნებზე. უნდა შეიცვალოს მთავრობა, აუცილებლად უნდა შეიცვალოს, მეტი ვარიანტი არ არსებობს. მგონი, უკეთესობისკენ შეიცვლება. რამდენი დაგვიჯდება, იცით, გზა? - ენგურის ხიდამდე ექვსი ლარი, მერე კიდევ ორი. აქედან ბათუმამდე 12 ლარი ღირს. ესეც 20 ლარი. იქით ოცი და აქეთ ოცი ლარი, მერე რაღაცაც ხომ უნდა შეჭამო? მოკლედ, ორმოცი ლარი დაჯდება ეს გზა. ასეა ჩვენი ცხოვრება და რა ვქნათ“, - თქვა ნუგზარ ხარჩილავამ. მასავით არ ფიქრობენ სხვა მგზავრები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ენგურის ხიდზე დღეს გაესაუბრა.
რესპონდენტების ნაწილს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში. ნაწილი უარს ამბობს, რადგან არ აქვთ არჩევნების გზით დადებითი შედეგის მიღების იმედი. არიან ისეთებიც, ვინც პრეზიდენტის შეცვლას რთული მდგომარეობიდან გამოსავლად მიიჩნევს.
პასპორტში დაუწერიათ „გრაჟდანინ გრუზია“. ბევრს უწერია ასე. ვისაც ასე უწერია, სჭირდება ჩვენი პირადობის მოწმობა. ვისაც არ უწერია, იმათ ეს არ სჭირდება...ომარ ოყუჯავა
„28-ში გადმოვალ, თუ გამომიშვეს. ისე, რომ არ გამოვეშვეთ, ასეთი შემთხვევა მანამდე არ ყოფილა. 25 კილომეტრი მაქვს გასავლელი სოფელ ოტობაიიდან ზუგდიდამდე. 12-13 ლარი დამიჯდება ეს მგზავრობა. უკეთესობის იმედი მაქვს, რა თქმა უნდა“;
„ჩვენი იმედები სულ სხვანაირია - ენგურს იქით ვინც ცხოვრობს, სულ სხვანაირად ფიქრობს. ამ არჩევნებზე ჩვენთვის მოსაგები არაფერი ხდება. სამომავლოდ გაუმჯობესება მაინც არ იქნება ამით, უარესობისკენ კი წავა და ვინც არჩევანს გააკეთებს, ალბათ, შერცხვება სამომავლოდ“;
„ხალხმა წესიერად არც კი იცის, ვის უნდა მისცეს ხმა და ვის არა. მე თვითონ არ მგონია გადმოვიდე. შემოსავალი არ არის ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. ხალხი ისეთ დღეშია, რომ არაფრის მოლოდინი აღარ აქვს“;
„მიწერა მაქვს ზუგდიდში. წავალ, შვილები მყავს, შვილიშვილებიც. იმათაც ვინახულებ და მონაწილეობასაც მივიღებ“;
„უკვე დავიღალე ამდენი არჩევნებით. არავინ არ არის ჩვენთვის. უიმედო ხალხი ვართ“, - ამბობენ გალის რაიონიდან ზუგდიდში მომავალი რესპონდენტები, რომლებიც უსაფრთხოების დაცვის მიზნით ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებენ.
გალელები ზუგდიდში რომ გადმოვიდნენ, ენგურის ხიდზე ე.წ. გამშვებ პუნქტზე აფხაზ და რუს მესაზღვრეებს დე ფაქტო რესპუბლიკის პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა უნდა წარუდგინონ. გალელების ნაწილს ე.წ. აფხაზური პასპორტი აქვს, თუმცა უმრავლესობა მაინც დროებითი დოკუმენტით სარგებლობს, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა გასცემს გალელებზე, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. განსხვავებულია საქართველოს მოქალაქეებისთვის გაცემული პასპორტიც:
„პასპორტში დაუწერიათ „გრაჟდანინ გრუზია“. ბევრს უწერია ასე. ვისაც ასე უწერია, სჭირდება ჩვენი პირადობის მოწმობა. ვისაც არ უწერია, იმათ ეს არ სჭირდება“, - თქვა გალის რაიონის სოფელ ოქუმში მცხოვრებმა ომარ ოყუჯავამ.
ამ ეტაპზე ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოში ერთი ოფიციალური ე.წ. გამშვები პუნქტი - ენგურის ხიდი - ფუნქციონირებს. ზუგდიდის სოფლებში არსებული ორი მცირე ზომის ე.წ. პუნქტი დე ფაქტო მთავრობამ, პირობითი საზღვრის უკეთ გაკონტროლების მიზნით, ჯერ კიდევ 2017 წლის დასაწყისში დახურა.