წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიის ჭიშკართან გაიხსნა ბუტა რობაქიძის მემორიალური დაფა. 19 წლის ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბრის ღამეს სწორედ დიდუბის ეკლესიასთან, წერეთლის გამზირზე, საპატრულო პოლიციამ მეგობრებთან ერთად დააკავა. ის ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი ამბობს, რომ მემორიალური დაფა ეძღვნება არა მხოლოდ მის შვილს არამედ სხვა მოკლულ ახალგაზრდებსაც: „ეს იყო ჩემი დიდი ხნის ოცნება, რომ არა მარტო ბუტას, არამედ სხვა ახალგაზრდების, ქუჩაში დახვრეტილი 162 ბიჭის სახელზე ყოფილიყო მარადიული ხსოვნის დაფა. ჩემი ნატვრაა, რომ აღარავის, არასდროს ეშინოდეს ქუჩაში არც პოლიციის და არც ძალადობის. ეს მემორიალი დარჩება მარადიულ ხსოვნად იმ საშინელი წლებისა, რასაც სისხლიანი რეჟიმი ერქვა, რომელიც აღარასდროს არ უნდა დაბრუნდეს, რათა ასეთი ტრაგედიები აღარასდროს განმეორდეს“.
მემორიალის ავტორია მხატვარი ვლადიმერ სტურუა. რომელმაც ხსოვნის დაფა უსასყიდლოდ დაამზადა.
მემორიალის გახსნის ცერემონიალს დაესწრო „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი: „ჩვენი ვალია, რომ ეს ახალგაზრდები არ დავივიწყოთ რა იყო ის წლები, რომელმაც გაანადგურა ადამიანები, მათი თავისუფლება, მათი ჯანმრთელობა, სიცოცხლე. ეს არის ის, რაც ამ ქვეყანაში აღარ უნდა განმეორდეს“.
ბუტა რობაქიძის 14 წლიანი საქმე
ბუტა რობაქიძის საქმის გამოძიება 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განახლდა. მისი მკვლელობის საქმეზე დღეს ბრალი წაყენებული აქვს პოლიციის ხუთ თანამშრომელს. საგამოძიებო უწყება ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავება თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოვალეობის შემსრულებელს ზურაბ მიქაძეს, შს სამინისტროს აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს გურამ დონაძეს, დიდუბე-ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს ყოფილ უფროსს ირაკლი ფირცხალავას, თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს ზაზა ბაქრაძეს და თბილისის ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსს დავით იაშვილს. დღესდღეობით, ბუტა რობაქიძის საქმეზე არცერთი მათგანი არ იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში. ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულნი. სასჯელს, ოღონდ სხვა საქმეზე, ე.წ. კორტების საქმეზე, იხდის ირაკლი ფირცხალავა. მას 12 წლით აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა.
2012 წლიდან დღემდე, ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკითხულია 90-მდე მოწმე. განაჩენის გამოტანამდე დარჩენილია სამი სხდომა. 26 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურა დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. მომდევნო სხდომებზე მოსამართლე ბრალდებულების სიტყვებს მოისმენს, რასაც გადაწყვეტილების გამოცხადება უნდა მოჰყვეს.
2013 წელს, იმჟამინდელმა პროკურატურის განცხადებით, მათ მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, „2004 წლის 24 ნოემბერს, მკვლელობის ღამეს, აკაკი წერეთლის გამზირზე საპატრულო პოლიციის არაერთმა თანამდებობის პირმა, პოლიციის იმიჯის მოსალოდნელი შელახვის თავიდან არიდების მიზნით, დანაშაული ჩაიდინა“. განცხადების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს რა, რომ გარდაცვლილ ბუტა რობაქიძესა და მის თანმხლებ ხუთ მეგობარს არ ჰქონდა არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალის შემთხვევის ადგილზე მიტანა თავად გადაწყვიტეს: „ზურაბ მიქაძემ და ზაზა ბაქრაძემ შემთხვევის ადგილზე მიიტანეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები გადაუნაწილეს გარდაცვლილ ბუტა რობაქიძეს და მის მეგობრებს. ამის შემდეგ, გურამ დონაძის მითითებით და ინსტრუქტაჟით, წინასწარ მომზადებული შემთხვევის ადგილი გადაიღეს დონაძეს დაქვემდებარებული სამსახურის ოპერატორის ვიდეოკამერით და ამგვარად მოპოვებული მასალა გაავრცელეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით", - ვკითხულობთ 2013 წლის თებერვალში, მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე მხოლოდ პატრულის თანამშრომელი გრიგოლ ბაშალეიშვილი გაასამართლეს. მას 2006 წელს, რობაქიძის გაუფრთხილებელი მკვლელობისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და უკვე თავისუფალია. მიუხედავად იმისა, რომ პროცესზე თავად ბაშალეიშვილმა აღიარა, რომ ბუტა რობაქიძეს და მის მეგობრებს იარაღი არ ჰქონიათ, სასამართლომ ეს გარემოება მხედველობაში არ მიიღო. მეტიც, 2012 წლის დეკემბრამდე ამ საქმეზე ბრალდებულებად ბუტა რობაქიძის მეგობრები ითვლებოდნენ, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმე 7 წლის მანძილზე არ განუხილავს.