Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიზარდეთ, რათა უმცროსებს დაეწიოთ!


არის თუ არა ვინმე „ქართულ ოცნებაში“ რუსეთის უსამხრეებო აგენტი, ამის დამტკიცება თითქმის შეუძლებელია, თუმცა იმას კი რად უნდა მტკიცებულება, რომ ოლიგარქი და მისი „78 ყაჩაღი“ პუტინის გავლენის აგენტია საქართველოში და ამას უკვე აღარც „დაგინება“ შველის და აღარც ჯიქურ მოწოლა - ვინაა თქვენი რუსიო... საქმემან თქვენმან გაქციათ რუსებად.

„რუსობა“ კი არა მხოლოდ ქვეყნის მტრობა, არამედ ასევე დიდი ჩამორჩენილობა, განუვითარებლობა, მდაბიო გემოვნება და კვდომის სინონიმია. როგორი პროპაგანდაც არ უნდა ჰქონდეთ, როგორც არ უნდა იმუქრებოდნენ, რაგვარ შურისძიებასაც არ უნდა გეგმავდნენ, „ქართული ოცნება“ ვეღარასდროს მოიშორებს „რუსობის“ დამღას... როცა ათიათასობით შენი მოქალაქე ამოგძახის „რუსებო“, ეს უკვე საზოგადოებრივი განაჩენია.

გაიზარდეთ, რათა უმცროსებს დაეწიოთ!
please wait

No media source currently available

0:00 0:04:24 0:00
გადმოწერა

გასულმა კვირამ ბევრი რამ გახადა თვალსაჩინო, სხვა ყველაფერთან ერთად კი ისიც, რომ საქართველოში რეალურად მოვიდა ახალი თაობა, თავისუფალი ქვეყნის ახალი თაობა, რომელმაც შთამბეჭდავი გონიერება გამოავლინა ნიჭიერებასა და გაბედულებასთან ერთად.

ალბათ, შეცდომაა თაობათა თვისებების მიხედვით შედარება, მაგრამ ის კი მენიშნა, რომ თაობები თურმე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ, თუნდაც აქციის ძალადობრივ დაშლაზე: რამდენ აქციაზე ვყოფილვარ (როგორც Generation X-ის წარმომადგენელი), მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ მეორე დღეს ისეთი აღჭურვილობით შევერთებოდი პროტესტს, რომელიც პრაქტიკული თვალსაზრისით იქნებოდა ჩემთვის ფუნქციური; ამაზე არასდროს მიფიქრია, ვიდრე ეს Gen Z-იმ და მილენიანელებმა არ შეგვასწავლეს. მეტაფორულად რომ ვთქვა, თუკი ჩემი თაობა, X, რბევის შემდეგ, მორალური დანამუსების ჩვეულ რეჟიმში შევიდა, ახალგაზრდებმა უბრალოდ დაგუგლეს, რა იყო იმისათვის საჭირო, რომ გაზისთვის გაეძლოთ შემდეგ ჯერზე... საქმიანად, პათეტიკის და ეგზალტაციის გარეშე.

განა სიტყვები და მორალური მხილება არ არის ქმედითი, მაგრამ ის კი უთუოა, რომ ჩვენზე ბევრად ნაკლები ისტერიკაა მათში და ესეც გასაგებია, რადგან ტრავმული ასოციაციები მათთვის ისტორიული უფროა, ვიდრე ემპირიული. ჩემთვის ისიც კი საკმარისია მსუბუქი პანიკისთვის, რა ტრაექტორიით ვცდილობ დამრბევისგან გაცლას რუსთაველის გამზირზე, რადგან მინდა თუ არ მინდა, თვალწინ 9 აპრილის ხატება მიდგას - როგორ მორბოდა ხალხი ამავე ადგილას, ამავე გზით და ამავე მიზეზით, რუსეთთან წინააღმდეგობის ჟინით...

თუმცა ეს მხოლოდ პანიკაა (ვეჭვობ, მემკვიდრეობით გადმოცემული Boomer-ებისგან), რომელსაც ყოველ ჯერზე ამარცხებს გამოცდილებით შეძენილი გაბედულება.

სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით, ზოგჯერ უაღრესად არაადეკვატურად და კომიკურად მეჩვენებიან ის დიდკაცები, რომლებიც დროის კანონებს არ აღიარებენ და ისე იქცევიან, თითქოს პოლიტიკაში ზრდასრულობა ყოფილიყოს პრობლემა; გეგონება, 20 წლის წინანდლები იყვნენ ტემპერამენტით, ქცევით თუ მნიშვნელობით, და გარეთ კი 2003 წელი იდგეს 2023-ის ნაცვლად...

არადა, სხვა დროა და მოთხოვნებიც სხვა.

მათგან თინეიჯერობას არავინ ითხოვს, ახალგაზრდებს კი არ უნდა იმიტირებდნენ, იმ თემებით უნდა შეეხონ ახალგაზრდებს, რომელიც ახალ თაობებს აღელვებთ! ქცევით კი არ უნდა ჰბაძავდნენ მათ ან საკუთარსავე წარსულს, არამედ მათთან მისასვლელ ენას და ფორმას ეძებდნენ და არა იმ გზებს, რომელიც ორი და სამი დეკადის წინ აქვთ გავლილი...

მომენტის გამოყენება თვითპრეზენტაციისთვის, თითქმის ძალადობრივი თვითაქტუალიზება და აქციის მიკროფონის ობსესია ცალკე კვლევის საგანია მავანთა რაობის შემეცნებისას...

ცხადია, ეს დეტალებია, მაგრამ რაც უფრო დიდი და გლობალურია გამოწვევა, მით უფრო მკაფიოდ და პრობლემურად ჩანს მცირე შეცდომაც კი, რადგან დიდი გამოწვევები კიდევ უფრო ამსხვილებენ პრეტენზიას იმათ მიმართ, რომელთაც წესით პოლიტიკად უნდა აქციონ ხალხის პროტესტი და ნება. კრიზისის დროს (და არა მხოლოდ ამ დროს) გულწრფელობას, განწყობებისა და საკუთარი ქცევის ადეკვატურ აღქმას ისეთივე მნიშვნელობა ენიჭება, როგორიც დიდ და დროულ გადაწყვეტილებებს. პოლიტიკოსი კი არ უნდა ჩარჩეს არაზრდასრულობაში, არამედ ზრდა შეძლოს, რადგან სხვანაირად არც მოუსმენენ. და მართალიც იქნებიან.

რატომ უნდა მოუსმინო ძველს, როცა ახალი მთელი თავისი სიდიადით იმკვიდრებს ადგილს და ცვლილების პოტენციას ადეკვატურობაში ხედავს და არა ინერციაში?!

გაიზარდეთ, რათა უმცროსებს დაეწიოთ!

ისეთი დროა, ეპოქები კვირაში ერთხელ იცვლება...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG