Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: უკრაინაც და რუსეთიც აწამებენ სამხედრო ტყვეებს


რუსი სამხედრო ტყვეები, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე. 2022 წლის 31 მარტი.
რუსი სამხედრო ტყვეები, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე. 2022 წლის 31 მარტი.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი ელაპარაკა 300-ზე მეტ ყოფილ და მოქმედ სამხედრო ტყვეს. გადატანილ წამებასა და სისასტიკეებზე ჰყვებიან როგორც უკრაინელი, ისე რუსი ჯარისკაცები.

უკრაინაში მიმდინარე ომის 265-ე დღეს, გაერომ გამოაქვეყნა ანგარიში უკრაინელი და რუსი სამხედრო ტყვეების მდგომარეობაზე.

ორგანიზაციის მტკიცებით, უკრაინამ დართო ნება დალაპარაკებოდა მის სამხედრო ტყვეებს, რუსეთმა კი არა. “ამიტომ, უკრაინელ სამხედრო ტყვეები უკვე განთავისუფლების შემდეგ გამოვკითხეთ” - განმარტა 15 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზეჰ მატილდა ბოგნერმა, უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა.

როგორ ეპყრობა ტყვეებს რუსეთი?

ანგარიშში საუბარია საერთაშორისო სამართლის ნორმების “სერიოზულ და მძიმე” დარღვევებზე. დატყვევებისთანავე უმრავლესობას წაართვეს პირადი ნივთები და სისტემატურად სცემდნენ.

დენის დარტყმა წამების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო. უკრაინელ ჯარისკაცებს ასევე ურტყამდნენ ხელკეტებს, ხის ჩაქუჩებს, სხეულზე ადებდნენ ანთებული სიგარეტის წვერს. ხშირი იყო ასევე ე.წ. სიკვდილით დასჯის იმიტაციაც. ანუ როდესაც მსხვერპლს დაუტენელი იარაღიდან “ესვრიან”.

დასამცირებლად და საწამებლად იყენებდნენ საკვებსაც. მაგალითად, ზოგიერთ ტყვეს დაეწვა პირი და ყელი, რადგან აიძულებდნენ, ძალიან სწრაფად ეჭამა ცხელი საკვები.

ჯარისკაცები ჰყვებიან, რომ მათ აწამებდნენ არამხოლოდ ინფორმაციის მისაღებად, ბევრისთვის წამება და ძალადობა ყოველდღიური რუტინა იყო. ერთ ჯარისკაცს მავთულები მიუერთეს გენიტალიებსა და ცხვირზე და დენით აწამეს.

"კითხვებს არ მისვმადნენ, უბრალოდ ერთობოდნენ” - მოჰყავს გაეროს ყოფილი ტყვის სიტყვები.

მთლიანობაში უკრაინელ ტყვეებს “საშინელ პირობებში” ამყოფებდნენ. ისინი ყვებოდნენ “გადავსებულ კამერებზე, ანტინასიტარიაზე, საკვების და წყლის დაფიციტზე. ზოგიერთმა წონის მეოთხედამდე დაკარგი, ბევრს ტყვეობისას გული მისდიოდა” - ნათქვამია ანგარიშში.

სულ გაეროს მისიამ გამოჰკითხა 159 ყოფილი სამხედრო ტყვე. მათგან 20 ქალია. დაკითხვის დროს მათაც სცემდნენ და ემუქრებოდნენ სექსუალური ძალადობით. ზოგს იძულებით აშიშვლებდნენ.

როგორ ეპყრობა ტყვეებს უკრაინა?

უკრაინლებისგან განსხვავებით, რუსი ჯარისკაცების მონახულება მონიტორინგის მისიამ საპატიმროებშივე შეძლო. გაეროს ინფორმაციით, ყველაზე ხშირად რუს ჯარისკაცებზე ძალადობდნენ ტყვედ აყვანის მომენტში და პირველი დაკითხვების დროს.

გაერო საუბრობს ე.წ. “მისასალმებელი ცემის” პრაქტიკაზე, ანუ როდესაც ახლადდატყველებულებეს სცემენ მათი დაშინების მიზნით.

წამების ფორმებს შორის, მონიტორინგის მისიამ დააფიქსირა იძულებითი გაშიშვლებისა და დენის დარტყმის შემთხვევები. ამისთვის ძირითადად იყენებენ სამხედრო ტელეფონის, “ტაპიკის” კაბელს.

“ყველაზე მეტად სამხედრო ტელეფონის გვეშინოდა. საშინელი განცდა იყო. შენი სხეული მთლიანად შეშდებოდა და მერე გვერდულად ეცემოდი” - უთხრა გაეროს ერთ-ერთმა ჯარისკაცმა.

სულ გაეროს მისიამ გამოჰკითხა 175 რუსი ტყვე.

თავისიანების დასჯა

წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან სამხედრო ტყვეებს იცავს არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი. მათ შორის, ჟენევის კონვენცია, რომელზეც ხელი მოწერილი აქვთ უკრაინასაც და რუსეთსაც.

კონვენციის თანახმად, “სამხედრო ტყვეები დაცულები უნდა იყვნენ, განსაკუთრებით ძალადობის, დაშინების, შეურაცხყოფისა და ბრბოს ცნობისმოყვარეობისგან”.

მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი, მატილდა ბოგნერი მოუწოდებს ორივე ქვეყნის ხელისუფლებას მიუკერძოებლად გამოიძიოს ტყვეებზე ძალადობის ფაქტები.

არც კიევი და არც მოსკოვი დიდი ხანია აღარ არ ამხელენ, თუ რამდენი სამხედრო ტყვე ჰყავთ. ომიდან თითქმის ერთი თვის თავზე, 19 მარტს, უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშუკი ამბობდა, რომ 562 რუსი ჯარისკაცი დაადტყვევეს. ივნისში კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თითქმის 6400 უკრაინელ ტყვეზე საუბრობდა.

სამაგიეროდ, ბოლო თვეებში გახშირდა მათი გაცვლის შემთხვევები. მაგალითად, მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში, მხარეებმა სულ ცოტა 500 ტყვე გაცვალეს.

სავარაუდოდ, სწორედ ამ გაცვლაში მოჰყვა რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მიერ დაქირავებული მებრძოლი,

24 სექტემბერს, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარება სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ყოფილ ტყვეებს პატიმრობაში 10 წლის გატარება მოუწევთ.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG