უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის განცხადებით, რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდა და უკრაინაში დაბრუნდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 45 სამხედრო მოსამსახურე.
სამშობლოში დაბრუნებულ ყოფილ სამხედრო ტყვეებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები და სერჟანტები. რუსეთმა უკრაინას ასევე გადასცა ორი დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი.
"ამ მეომრებს სახლში ელოდებიან შვილები, ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვიყავით მათ ნათესავებთან. ნერვიულობის და უძილო ღამეების დრო უკვე დასრულდა. ყველაფერი კარგად იქნება. ყველა უკრაინელს სახლში დავაბრუნებთ", - განაცხადა ერმაკმა.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერ არ გაუვრცელებია ინფორმაცია რუსი სამხედრო ტყვეების დაბრუნების შესახებ.
3 ნოემბერს რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეთა მორიგი გაცვლა განახორციელეს, რომლის დროსაც თითოეულმა მხარემ 107 ტყვე გაათავისუფლა. უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებულთა შორის იყო 74 უკრაინელი მებრძოლი, რომლებიც „აზოვსტალს“ იცავდნენ.