Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გადამაყენე!“ - მოძალადე ხელისუფლების ენა


„აბა გადამაყენე!“ - ეუბნება ვიცეპრემიერი წულუკიანი ჟურნალისტებს. მისი პირით ლაპარაკობს გაბუდაყებული ხელისუფლება, ძალაუფლება, რომელსაც შეგნებული აქვს საკუთარი უკონტროლობა და სხვისი დაჩაგვრის და დაცინვის შესაძლებლობა, მეორე მხრივ კი შიში, რომ ადრე თუ გვიან ამაზე პასუხი უნდა აგოს. ეს, გამართლებული შიში, უბიძგებს მას მეტი, ზღვარგადასული ძალადობისაკენ, რომელიც ზუსტად იმ სიშორეზე წავა, რამსიშორეზე წასვლის საშუალებასაც მას ჩვენ, მოქალაქეები მივცემთ.

ხელისუფლებას შორს წასვლის სურვილიც აქვს და გეგმაც. საქართველოს პრემიერ-მინისტრად მომუშავე ადამიანმა თქვა, რომ უმცირესობის კონსტიტუციურ უფლებაზე მაღლა დგას უმრავლესობის ნება. რომ სახელმწიფო უნდა დაემორჩილოს არა კონსტიტუციას, არამედ უმრავლესობის ნებას.

მიკროფონიგლეჯია ვიცეპრემიერმა კი დაამატა, რომ უმრავლესობის წინააღმდეგ წამსვლელი უმცირესობა სახელმწიფომ შეიძლება ვერ დაიცვას უმრავლესობის ძალმომრეობისაგან.

ეს უმრავლესობა სინამდვილეში არ არსებობს, ის არის ახალი ნიღაბი, რომლითაც ხელისუფლებამ უნდა გაამართლოს საკუთარი თავი მას შემდეგ, რაც კანონიერების ნიღაბს საბოლოოდ ჩამოიხსნის.

ხელისუფლებას ჯერ კიდევ ნიღბავს საკუთარ ძალადობას. მას უნდა თავი მსხვერპლად მოგვაჩვენოს და გვითხრას, რომ მისი ძალადობა სინამდვილეში თავდაცვა, საპასუხო ძალადობაა.

ვინ არის მოძალადე, რომელიც ხელისუფლებაზე ძალადობს? ხელისუფლების აზრით ეს მოძალადეები არიან უმცირესობები (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლგბტქ თემი) და მედია.

ვინც ამას ამბობს, რომ მედია მოძალადეა ერთმანეთთან აიგივებს სიტყვას და მუშტს. განსხვავებული აზრი ან მსოფლმხედველობა ამ ხალხის ხელში უტოლდება ფიზიკურ ანგარიშსწორებას. შესაბამისად, ისინი ადამიანის განსხვავებულობაზე პასუხად მის ცემას ან უკიდურეს შემთხვევაში მოკვლას დასაშვებად ან გამართლებად მიიჩნევენ (ამას აკეთებს ვიცეპრემიერი წულუკიანი).

ხელისუფლების მსგავსი იდეოლოგიური ხრიკები ჯერ კიდევ ჯორჯ ორუელს აქვს აღწერილი დისტოპიურ რომანში „1984“. „ომი-მშვიდობაა“ ასეთი იდეოლოგიური მაქციობის ყველაზე ცნობილი მაგალითია.

მაინც მივდიოთ კვალს და ვნახოთ, საიდან მოდის სიტყვით ან აზრით ძალადობის ამბავი და რამდენად მართებულია მისი გამოყენება.

ეპისტემური (შემეცნებითი, ცოდნისმიერი) ძალადობის ცნება 1970-იან წლებში გაჩნდა ფრანგულ პოსტსტრუქტურალიზმში და პოსტკოლონიურ კვლევებში. მიშელ ფუკოს და ედვარდ საიდის აზრი განავრცო ინდური წარმოშობის ამერიკელმა ლიტერატურათმცოდნემ გაიათრი სპივაკმა. მის სტატიაში „შეუძლია კი სუბალტერნს ლაპარაკი?“ (1984) ეპისტემური ძალადობა ნიშნავდა რომ დაქვემდებარებული ჯგუფები, ფიზიკური ძალადობის გარდა ეპისტემური ძალადობის მსხვერპლნიც არიან, რადგანაც მათ არ შეუძლიათ ილაპარაკონ საკუთარი სახელით. სხვები ლაპარაკობენ მათ შესახებ და მათ მაგივრად, საკუთარი ხმა მათ არ აქვთ.

ცნებას, რომელიც დაჩაგრულ ჯგუფებს აღგვიწერს არა მარტო ფიზიკური, არამედ ეპისტემური ძალადობის ობიექტებს, ჩვენს შემთხვევაში საკუთარ თავზე ირგებს ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ ის არა მარტო წარმოადგენს, არამედ არის უმრავლესობა, რომელსაც ჰყავს თავისი ჯარი, პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო, იდეოლოგიური მომსახურების ოფიციალური და არაოფიციალური მანქანები, მარბიელი ჯგუფები და ტროლების ფაბრიკები, რომელიც ძალადობს სიტყვით და საქმით, გვეუბნება, რომ ის არის სხვისი ძალადობის მსხვერპლი.

როგორ ძალადობს ეს სხვა ხელისუფლებაზე? უბრალოდ იმით, რომ ის სხვა არის და ამბობს, რომ ის განსხვავებულია. ხელისუფლების აზრით ის მოძალადეა, რადგანაც არ ემორჩილება ხელისუფლების წარმოდგენას სინამდვილეზე და ნორმაზე.

ამ იდეოლოგიური საბურვლის მიღმა არაფერი არ დგას, გარდა ხელისუფლების მარტივი სურვილისა, ნებისმიერი, მათ შორის ძალადობრივი გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება.

ჟურნალისტებზე პირდაპირ ძალადობს, შეურაცხყოფას აყენებს და ცინიკურად დასცინის მთავრობის წევრი, კულტურის მინისტრი და ვიცეპრემიერი წულუკიანი. იუმორის გრძნობა ჰქონიაო, ამბობენ „ქართული ოცნების“ ქომაგები. სენაკის თეატრში შეკრებილები ტაშს უკრავენ. ოთხმოციოდე წლის წინ „ხალხის მტრების“ დახვრეტას უკრავდნენ ტაშს.

კოლეგა დეპუტატზე ძალადობს დეპუტატი, იურისტი დოქტორი შ. პაპუაშვილი, რომელმაც შუბლის ძარღვის გაწყვეტის სისწრაფის ყველა რეკორდი მოხსნა. ყველამ ვნახეთ. პაპუაშვილი უარზეა, არ მიძალადიაო. ის ძალადობდაო.

მისი კოლეგა დეპუტატი წილოსანი, ვანდალებს და ვიკინგებს რომ ვერ არჩევს, ამბობს: იქნებ უნდოდა მოეწამლა პარლამენტის თავმჯდომარეო. ოთხმოციოდე წლის წინ ამ ბრალდებითაც ხვრეტდნენ.

მოძალადე ხელისუფლების ენა თავის თავს კვლავ აწარმოებს. ის ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობს.

ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც გზას გადაუღობავს ხელისუფლებას ხდება ძალადობის მსხვერპლი. ოღონდ ხელისუფლება მას აცხადებს მოძალადედ, თავის თავს კი მსხვერპლად გვისაღებს.

პრემიერი და მისი მოადგილე პირდაპირ გვეუბნებიან, რომ კონსტიტუციის სივრციდან ძალმომრეობის სივრცეში გადავედით. ოღონდ ეს საზეიმო ძალმომრეობაა, სახელმწიფოს და ეკლესიის მტრების წინააღმდეგ მიმართული, ჯერ კიდევ შენიღბული ძალმომრეობა.

ლგბტქ თემი ძალადობის პირველი მსხვერპლია. ის დაბალი ღობეა. ის ძალაუფლების სამაგალითო მსხვერპლია. ამ სამაგალითო მსხვერპლის როლში ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს. ვისაც ჰგონია, რომ დაცულია, რადგან არ ეკუთვნის უმცირესობის ამა თუ იმ ჯგუფს, ცდება. მისთვის ორი როლი არსებობს: ის ან პოტენციური მსხვერპლია ან ძალადობის პასიური თანამონაწილე.

ხელისუფლების ერთადერთი შინაარსი განუყოფელი ძალაუფლებაა, მას სხვა შინაარსი არ აქვს. ის მზადაა თავისი ძალაუფლება შემოსოს ნებისმიერი შესაძლო იდეოლოგიით, 2012 წელს ეს სოციალდემოკრატია იყო, დღეს ეკლესიურობაა, მაგრამ ეკლესიურობაც ისეთივე ყალბია, როგორც სოციალდემოკრატია იყო.

9 წლის განმავლობაში ხელისუფლების მიზანი პოლიტიკური ოპოზიციის და ხელისუფლებისგან თავისუფალი მედიის განადგურება და ნეიტრალიზაცია იყო. 9 წლის განმავლობაში მან ვერ შეძლო ამ მიზნის მიღწევა კანონიერი ფორმებით. 5 ივლისის შემდეგ ხელისუფლება ძალადობაზე გადავიდა. ეს ძალადობა ჯერჯერობით ხდება სხვისი, სუს-ის და საპატრიარქოს მიერ დაგეშილი მუტრუკების ხელით და პოლიციის უმოქმედობით, რომელიც არაფრით განსხვავდება თანამონაწილებისგან.

ქართული ოცნების მმართველობა საქართველოში ნიშნავს ერთს: ოლიგარქი ივანიშვილის და მასთან დაახლოებული ფინანსური თუ საზოგადოებრივი ჯგუფების უკონტროლო, ძალადობრივ მმართველობას. პოლიტიკური სივრცე საქართველოში აღარ არსებობს. ის მთლიანად დაცლილია კონკრეტული პოლიტიკური შინაარსისაგან. რაც დარჩა, ეს არის ბრძოლა დემოკრატიის და სახელმწიფოებრიობის გადარჩენისათვის. პოლიტიკური სივრცე, თავისი განსხვავებებიანად შეიძლება თავიდან დაფუძნდეს მხოლოდ მისი გათავისუფლების შემდეგ.

საქართველო არაა პირველი ქვეყანა, რომელშიც უკანონობა მყარდება, უბრალოდ ჩვენს თავზე ამ გამოცდილების მორგება ჯერჯერობით გვიჭირს.

ბევრისათვის ამ სინამდვილის გაცნობიერება ძნელია. მათ კონკრეტულ ცხოვრებაში შეიძლება ბევრი არაფერი შეცვლილა. ძალადობის მანქანა მათ უშუალოდ არ შეხებია, ამიტომაც თვლიან, რომ ყველაფერი კარგადაა. გადარჩება თუ არ გადარჩება საქართველო საერთოდ და როგორც დემოკრატიული სახელმწიფო დამოკიდებული იქნება სწორედ იმაზე, რამდენი ხალხი არ აირჩევს გაჩუმებას, გვერდზე გახედვას, მზერის არიდებას და ფეისბუქზე ყვავილების პოსტვას და არ დაუშვებს საქართველოს ოფიციალურ გაფორმებას ისეთ ქვეყნად, სადაც არარსებული უმრავლესობის სახით მოლაპარაკე ოლიგარქი და მისი მარიონეტები ცინიკურად იძალადებენ უძლურ ადამიანებზე. ერთი უკვე ვნახეთ, სცენაზე ამხტარი, დაბოღმილი, ჯერ კიდევ შიშნარევი ცინიზმით ამბობდა „აგერ, ვარ, გადამაყენე.“

გადავაყენოთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG