17 აპრილს, ანუ იმ დღეს, როცა გადაადგილება შეიზღუდა, სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიაში ჩავედი, რომ პირბადე მეყიდა მეგობრისთვის, რომელიც, სხვა კიდევ ერთი რეგულაციიის გამო, მაღაზიებსა და აფთიაქებში მის გარეშე ვერ შევიდოდა. ამ მაღაზიაში ხშირად შევდივარ ხოლმე სხვადასხვა წვრილმანისთვის. გამყიდველმა მითხრა, რომ ის მომდევნო დღეებში არ იქნებოდა. მაღაზია არაყიშვილზეა, გამყიდველი თემქაზე ცხოვრობს - იმ დღეს მაღაზია 4 საათზე დაკეტა და სახლში ფეხით წავიდა: ახალგაზრდობას გავიხსენებ, აღდგომას დავისვენებ, სამშაბათს გავიხსნებიო. - სამშაბათს ვერ გაიხსნა, ვერც ოთხშაბათს. სავარაუდოდ, 27 აპრილს ელოდება. დაკეტილია მის გვერდით მდებარე მეორე მაღაზიაც.
17 აპრილიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აიკრძალა მანქანით გადაადგილება 21 აპრილამდე. 21 აპრილს შეზღუდვა 27 აპრილამდე გაგრძელდა. ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში რეგიონებში დასაშვები იქნებოდა დღეში 3 საათით გადაადგილება: დილით 6-დან 8 საათამდე და საღამოს 6-დან 7 საათამდე.
პარლამენტში, სოციალურ ქსელებში, პირად საუბრებში ისმის კითხვა, თუ რამდენად მიზანშეწონილია მსუბუქი მანქანით გადაადგილებაზე შეზღუდვის გახანგრძლივება.
ადამიანები რჩებიან საკვებისა და მედიკამენტების გარეშე, ვერ ახერხებენ მისვლას ხანდაზმულ ოჯახის წევრებთან, ურთულდებათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო სერვისის მიღება, ფერმერები ვერ ყიდიან პროდუქტს, გაჭირდა სოფლის პატარა, არაქსელური მაღაზიების მომარაგება. შეზღუდვა განსაკუთრებით მძიმედ აისახა მათზე, ვინც ოჯახში დამხმარედ მუშაობდა. მათ ორი გზა აქვთ: ან 24 საათის განმავლობაში იმ სახლში დარჩნენ, სადაც მუშაობენ, ან მათი ზრუნვის ქვეშ მყოფი პირები მიატოვონ და დაკარგონ სამსახური.
პატარა მაღაზიების დაკეტვასთან შედარებით, უფრო თვალსაჩინოა ქსელური მაღაზიებისთვის შექმნილი პრობლემები. ცხოველების მაღაზიათა ქსელმა, ზოომარტმა, 23 აპრილს ფეისბუკის გვერდის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ იძულებული ხდებოდნენ, დაკეტილიყვნენ.
„მე-7 დღეა, ჩვენს კონსულტანტებს ყოველდღიურად უწევთ ფეხით 10 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვა. ამ დრომდე შესაბამისი უწყებებიდან არ მიგვიღია ნებართვა, რომ მოვახდინოთ მათი უსაფრთხო, კერძო მიკროავტობუსით ტრანსპორტირება ფილიალებამდე და სამუშაო დღის ბოლოს, უკანა გზაზე, სახლებში.
სამწუხაროდ, ანალოგიური სიტუაციაა ინტერნეტგაყიდვებთან დაკავშირებით. არ გვეძლევა საშვი, რომ განვახორციელოთ შეკვეთების საკურიერო მომსახურება.
ჩვენთვის ასეთ რეჟიმში შეუძლებელი ხდება ფუნქციონირება და ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობას ვერ დავაყენებთ საფრთხის ქვეშ“, - ნათქვამი იყო მაღაზიათა ქსელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში ტრანსპორტის განვითარების სააგენტომ მაღაზიის თანამშრომლების ტრანსპორტირებაზე ნებართვა გასცა და 12 მაღაზიას ამ ეტაპზე დახურვის საფრთხე აღარ ემუქრება.
მაღაზიაში დასაქმებულების გარდა, გადაადგილების შეზღუდვა პრობლემებს უქმნის და მინიმალური შემოსავლის გარეშე ტოვებს მშენებლობებზე დასაქმებულებს, რომლებიც დღიურად იღებდნენ ანაზღაურებას. 41 წლის კობა პაატიშვილი, რომელიც „აფრიკაში“ ცხოვრობს, გვიყვება, რომ ყოველდღე ლისის ტბის სიახლოვეს მიმდინარე მშენებლობაზე მუშაობდა და დღეში 50 ლარს იღებდა. ახლა, თვეზე მეტია, სახლშია, მას შემდეგ, რაც გაჩერდა მეტრო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. კომპანიას მშენებლობამდე ვერ მიჰყავს, მანქანიანი მშენებლები კი ცდილობდნენ, ახლოს მყოფები წაეყვანათ სამსახურში, თუმცა აქაც სამ კაცზე მეტი ადამიანის ერთ მანქანაში ყოფნის შეზღუდვამ ვითარება გაართულა.
ახლა ამ მშენებლობაზე ის რამდენიმე ადამიანი მუშაობს, ვინც შედარებით ახლოს ცხოვრობს და ფეხით სიარულს ახერხებს.
კობა ნაქირავებ სახლში 3 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს - რამდენიმე დღეში ქირა ექნება გადასახდელი, მას კი არათუ ქირის, საკვების ფულიც, დიდი ხანია, აღარ აქვს. სახლთან ახლოს მაღაზიაში, სადაც იცნობენ, პროდუქტები ორჯერ ნისიად უკვე გამოატანეს: „ფულსაც ვერავის სთხოვ, ყველას უჭირს. რატომ უნდა ჩამაგდონ ასეთ დღეში, როცა შემიძლია ვიმუშაო და ჩემს შვილებზე ვიზრუნო, გაჭირვება და შიმშილი არ გამოვაცდევინო?“ - კითხულობს კობა.
კობას სამი შვილიდან ორი ბაღში დადის. სახელმწიფომ ის საკვები, რაც ბაღის აღსაზრდელებს სასწავლო პროცესის დროს უნდა მიეღოთ, სახლებში დაარიგა, თუმცა, როგორც კობა ამბობს, ერთხელ და არასრულად: „ორი მოზელა ფქვილით და 20 კვერცხით რამდენ ხანს აჭმევ ბავშვებს?“
რამდენიმე კვირის წინ ტელევიზორიც გადაეწვათ, ახლა „ახალ ამბებს“ მთელი ოჯახი მოსწავლე შვილის სასკოლო კომპიუტერიდან უყურებს.
„მანქანაში ორი ჩაჯდება თუ 4, რა მნიშვნელობა აქვს, თუ მერე ობიექტზე მაინც 20 და 30 ადამიანი ვმუშაობთ ერთად?! 5 და 6 დღე ხომ არ ეყოფა, ან, თუნდაც, ერთი და ორი თვე ამ ვირუსის გაქრობას, რას აპირებენ, რამდენი ხანი უნდა ვიყოთ ასე? თუ კომენდანტის საათი შემოგაქვს და ხალხს აიძულებ სახლში იყვნენ, მაშინ უნდა დაეხმარო კიდეც, რომ შიმშილით არ მოკვდეს“, - ამბობს კობა.
გადაადგილების შეზღუდვა თავსატეხად გადაიქცა სოფლად დასაქმებულებისთვისაც. მათთვის სახლიდან სამსახურში ფეხით მისვლა შორია. ქეთი მოლაშვილი წნორიდან გვიყვება, რომ მის ბევრ მეზობელს და ნაცნობს აქვს თევზსაშენი და ხელოვნური ტბა, რომელსაც ყოველდღიური მოვლა, ყურადღება და ბევრი ადამიანის ერთდროული შრომა სჭირდება.
17 აპრილს დაწესებულმა შეზღუდვამ ეს ხალხი იძულებული გახადა, სამუშაო ადგილზე „გადასახლებულიყვნენ“. დამქირავებლებს მათთან ჩასვლის და საკვებით მომარაგების შესაძლებლობა მხოლოდ 21 აპრილს მიეცათ. თუკი მეპატრონეებს უნდათ, რომ დასაქმებულებს საკვები ჩაუტანონ, წინა საღამოს უნდა მოიმარაგონ პროდუქტი 6-დან 7 საათამდე, მეორე დილას 6-დან 8 საათამდე წავიდნენ თევზსაშენზე და ვინაიდან მანძილი იმხელაა, რომ ორ საათში წასვლა-წამოსვლას ვერ მოასწრებენ, მთელი დღე იქ უნდა იყვნენ და საღამოს, ისევ 6-დან 7 საათამდე დროის მონაკვეთში, უკან, შინ დაბრუნდნენ.
ქეთი ამბობს, რომ სოფლად ეს 3-საათიანი გამონაკლისი ხალხს ვერ შველის და მაგალითად მოჰყავს მეგობრის პრობლემა. მას საზამთროს ჩითილები ჰქონდა გადასარგავი, მზიან ამინდებში მანქანით მოძრაობა აკრძალული იყო და ნაკვეთთან ვერ მივიდა, ახლა კი, მთელი კვირაა, წვიმიანი ამინდის შეცვლას ელოდება. არადა, გაზაფხულზე ფერმერისთვის ყოველი დღე მნიშვნელოვანია, თუ უნდა, კარგი მოსავალი მიიღოს.
„ზოგ ადამიანს 3 საათის საქმე შეიძლება ჰქონდეს ვენახში ან ნაკვეთში. გამოდის, რომ სჭირდება თუ არა, მთელი დღე იქ უნდა იყოს ღია ცის ქვეშ თაკარა მზეში, ქარში ან წვიმაში და ელოდოს საღამოს 6 საათს“, - გვეუბნება ქეთი.
ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მეტი თავისუფლება რომ ჰქონდეთ, უფრო ლოგიკური, ადამიანების დამნდობი საგანგებო რეგულაციების შემოღება შეიძლებოდაო, - ამბობს ქეთი.
ქეთი ერთ-ერთია, ვინც ამ დღეების განმავლობაში ცდილობს მარტოხელა მოხუცები საკვებით მოამარაგოს და ამისთვის თანხებს აგროვებს, სასურსათო კალათებს კრავს, კარდაკარ დადის. მისი თქმით, წნორი შედარებით დიდია და საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი ჯერ არ არის, თუმცა მის ირგვლივ მდებარე პატარა სოფლების მცხოვრებლებს კილომეტრების გავლა უწევთ პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად.
მას შემდეგ, რაც მანქანებით გადაადგილება შეიზღუდა, არაერთი ისტორია მოვისმინეთ იმის შესახებ, როგორ მოუწიათ ონკოპაციენტებს დაგეგმილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცედურების გადადება რამდენიმე დღით, როგორ გამოყო ერთ-ერთმა კლინიკამ სამარშრუტო ტაქსი იმისთვის, რომ დიალიზზე მყოფ პაციენტებს კვლავ შეძლებოდათ ექიმამდე მისვლა, როგორ გადასახლდა მომვლელი ქალი იმ მოხუცის ოჯახში, რომელსაც დამოუკიდებლად საკუთარ თავზე ზრუნვა არ შეუძლია და საწოლსაა მიჯაჭვული.