Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრძოლა დევნის წინააღმდეგ, ბრძოლა პრეცედენტისთვის


სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერი განცხადებების გამო ჟურნალისტ ნათია კობერიძის მიმართ სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოთქმულ მუქარაზე ბრალდებულ პირს პროკურატურამ ბრალი შეუცვალა.

მცხეთის რაიონულმა პროკურატურამ ვ.ჯ-ს რამდენიმე დღის წინ ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით, რაც დევნას გულისხმობს. საქმის კვალიფიკაციის შეცვლა დაცვის მხარის რამდენიმეთვიანი ბრძოლის შედეგია. დაზარალებული მხარე მიიჩნევს, რომ სამართალწარმოება სწორედ სიტყვისა და აზრის გამო დევნის ბრალდებით უნდა წარმართულიყო. ბრალდებულ ვ.ჯ-ის მიმართ გამოძიება პირველ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, მუქარის მუხლით მიმდინარეობდა.

საქმის შესახებ:

2018 წლის 17 მაისს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე აქციის ერთ-ერთ მონაწილეზე, ნიქო გორგილაძეზე თავდასხმის ფაქტს პირადად შეესწრო ჟურნალისტი ნათია კობერიძე, რომელმაც მოგვიანებით ტელეკომპანია „კავკასიის“ეთერში, გადაცემა „ბარიერში“ მკვეთრად დაგმო ძალადობრივი, ჰომოფობიური ქმედებები მოწყვლადი ჯგუფების მიმართ.

პროცესია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. არა იმდენად პირადად, არამედ, როგორც პრეცედენტი. ადამიანის ფიზიკური დევნა, შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლების გამო ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ბოლო დროს რაოდენობა უფრო გაზრდილია. ადამიანები უბრალოდ აზრის გამოხატვის გამო იდევნებიან...
ნათია კობერიძე

ამ გადაცემაში მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ფეისბუკში მოჰყვა მოქალაქე ვ.ჯ-ის აგრესია ჟურნალისტის მისამართით. როგორც ნათია კობერიძე ამბობს, იგი ჟურნალისტს დაწვითა და გაუპატიურებით ემუქრებოდა. ლანძღვა და მუქარა გრძელდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ნათია კობერიძემ რეაგირებისთვის პოლიციას მიმართა. მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა, ნათია კობერიძე ამბობს, რომ აგრესია მის წინააღმდეგ არც ამის შემდეგ შეჩერებულა. მუქარისათვის ბრალდებულ ვ.ჯ-ს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 2000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. დაცვის მხარის განმარტებით, პროკურატურა ცდილობდა დაზარალებული საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დაეყოლიებინა, თუმცა ბრალდებულმა არც გირაო გადაიხადა და არც ჩადენილი დანაშაული გააცნობიერა - „გააგრძელა აგდებული დამოკიდებულება სასამართლოს და პროკურატურის მიმართ და ამბობდა, რომ ამის გამო ვერავინ ვერაფერს მიზამსო“, - ამბობს ნათია კობერიძის ადვოკატი. შესაბამისად, დაცვის მხარის არაერთი განცხადებისა და საჩივრის შემდეგ, მცხეთის რაიონულმა პროკურატურამ საქმის კვალიფიკაციის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო - მას ბრალი სიტყვისა და აზრის გამოხატვის გამო დევნისთვის წარედგინა.

სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლი, დევნა:

სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლი ითვალისწინებს დანაშაულს, რომელიც შეეხება ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა დევნას მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. იგივე ქმედება ძალადობით, ან ძალადობის მუქარით ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით, ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით.

ნათია კობერიძის საქმეში ბრალდებული პირისთვის ბრალის წარდგენას დევნის მუხლით, ადვოკატი ქართული სამართალწარმოების პრაქტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობის ფაქტად მიიჩნევს.

ედუარდ მარიკაშვილი
ედუარდ მარიკაშვილი

ედუარდ მარიკაშვილი, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“, იურისტი: „შეიძლება არის მსგავსი საქმეები, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, ძალიან იშვიათია საქმე, რომელშიც ამ მუხლს იყენებენ. სახელმწიფო ცდილობს, რომ მსგავსი კვალიფიკაციით აირიდოს საქმეები და უფრო მსუბუქ მუხლებზე დააკვალიფიციროს ხოლმე. ვთვლი, რომ ეს საქმე მნიშვნელოვანია ზოგადად გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებისა და მსგავს განცხადებებზე სოციალურ ქსელში სხვადასხვა ჯგუფებისა და პირთა მხრიდან მომდინარე აგრესიის პრევენციისთვის. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რა არის ქვეყანაში დასჯადი. ადამიანები, რომლებიც თანასწორობის კუთხით საჯარო განცხადებებს აფიქსირებენ, ხშირად ხდებიან ცალკეული ჯგუფების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი - ამის პრევენციას ემსახურება ეს გადაწყვეტილება. მეორე, მნიშვნელოვანია იმის ჩვენებაც, რომ ძალადობრივ განცხადებებზე ადამიანები ისჯებიან.“

ნათია კობერიძე
ნათია კობერიძე

ნათია კობერიძე: „პროცესია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. არა იმდენად პირადად, არამედ, როგორც პრეცედენტი. ადამიანის ფიზიკური დევნა, შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლების გამო ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ბოლო დროს რაოდენობა უფრო გაზრდილია. ადამიანები უბრალოდ აზრის გამოხატვის გამო იდევნებიან. მათ ემუქრებიან, მათ არ შეიწყნარებენ და ასე შემდეგ. მით უმეტეს, თუ ეს ეხება მოწყვლად ჯგუფებს - ეროვნულ უმცირესობებს, ეთნიკურ უმცირესობებს, სექსუალურ უმცირესობებს, ქალებს. მათ მიმართ პირდაპირ ძალადობრივი მოწოდებებია და ვხედავთ კიდეც, რომ ძალიან ბევრი ფაქტია მათი ფიზიკური დევნის, განადგურების, მკვლელობის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს საქმე, ნიქო გორგილაძის შემთხვევასთანაა კავშირში - ეს ადამიანი იმდენჯერ დაჩაგრეს, რომ ბოლოს ემიგრაციაში წავიდა, სწორედ დევნის გამო“.

ეკა აღდგომელაშვილი
ეკა აღდგომელაშვილი

ეკა აღდგომელაშვილი, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ გამგეობის წევრი: “რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. ერთს დავამატებდი, რომ ეს არის ნათელი გამოხატულება იმისა, რომ ჰომოფობია არ არის ჯგუფის პრობლემა, ჰომოფობია არის საზოგადოებრივი და სოციალური პრობლემა და ის არის მიმართული არა მხოლოდ ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ, არამედ მიმართულია იმ ადამიანების წინააღმდეგაც, ვინც მათი მხარდამჭერია. ისინიც ისევე შეიძლება გახდნენ იმავე ძალადობის, ბულინგის მსხვერპლი საზოგადოების მხრიდან, როგორც თვითონ ჯგუფის წევრები. მივესალმები რომ ადამიანები არ უშინდებიან და არ უფრთხიან იმ აგრესიას საზოგადოების მხრიდან და ღიად გამოხატავენ საკუთარ პოზიციას ჰომოფობიის წინააღმდეგ.“

თუმცა, ეკა აღდგომელაშვილი აქვე შენიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლებაზე აპელირებენ ის ადამიანებიც, რომლებიც ჰომოფობიურ განწყობებს ავლენენ. ამიტომ, მისი აზრით, მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა და იმ პასუხისმგებლობის გაზიარება, რაც ადამიანების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებას მოსდევს.

ნათია კობერიძის მიმართ სიტყვისა და აზრის გამოხატვის გამო დევნის სისხლისსამართლებრივ საქმეში წინასასამართლო სხდომა 15 ნოემბერს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

XS
SM
MD
LG