სოფელ ბროწლეთში ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. გაუწმენდავი და დაზიანებული სარწყავი არხიდან წყალიპირდაპირ გზაზე გადმოდის, იტბორება სახლები და სოფლის სასაფლაო.
ბროწლეთელები დიდი ხანია პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, მაგრამ უშედეგოდ. სოფელი კონფლიქტის ზონის სიახლოვეს მდებარეობს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ავიაციის მიერ ბროწლეთი დაიბომბა და ადგილზე არაერთი ადამიანი დაიჭრა. დაზიანდა სახლებიც. ეს სოფელი საოკუპაციო გამყოფი ხაზის მოსაზღვრედ არ მდებარეობს, ამიტომ ადგილობრივები იმ შეღავათებითა და პროგრამებით ვერ სარგებლობენ, რომლითაც სხვა სოფლების მცხოვრებნი. ყველაზე მძიმე ვითარება სოფელში ავდრის დროს იქმნება, როცა დაზიანებული გზისა და არხებიდან გადმოვარდნილი წყლის გამო გავლაც შეუძლებელია. სოფლის მცხოვრებ გულო ხმიადაშვილს შვილი ცოტა ხნის წინ დაეღუპა. იგი საფლავზე მისვლას ხშირად ვერ ახერხებს, რადგან ტერიტორია დაჭაობებულია.
ხვიჩა ზერეკიძე სახლში რეზინის ჩექმებით დადის. მისი ბინა სარწყავი არხის სიახლოვესაა და რწყვის სეზონზე სარდაფი ეტბორება. ის აცხადებს, რომ წყალი სახლს საძირკველს აცლის და, შესაძლოა, თავზე ჩამოენგრეს.
ბროწლეთის მცხოვრებნი აცხადებენ, რომ გორის მერიას პრობლემების მოგვარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. მათი თქმით, უყურადღებოდ მიტოვებულ სოფელში ცხოვრება ყოველდღიურად გაუსაძლისი ხდება.
გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია მდინარიძე ამბობს, რომ სოფლის პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება, თუმცა აქტიურობა თვითონ ბროწლეთელებსაც შეეძლოთ, როცა მონაწილეობას იღებდნენ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტების გამოკვეთისშესახებ მსჯელობაში.
ახლა ბროწლეთელები რწყვის სეზონის დადგომას შიშით შეჰყურებენ, რადგან დაზიანებულ არხებში გამოშვებული წყალი პირდაპირ სოფელში შევარდება, ამიტომ ისინი ამ პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას ითხოვენ.