რა პოლიტიკურმა კონტექსტმა განაპირობა სირიის მიერ ე.წ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების აღიარება? - ამ კითხვის პასუხად აღმოსავლეთმცოდნე ბექა ყორშია წერს:.
„საბჭოთა კავშირსა და სირიას შორის პირველი სამხედრო ხელშეკრულება ჯერ კიდევ 1944 წელს დაიდო, როდესაც სსრკ-მ მხარი დაუჭირა სირიის დამოუკიდებლობასა და იქიდან ფრანგების განდევნას. 1976 წელს კი, ბაშარის მამის, ჰაფეზ ალ-ასადის პერიოდში, ზემოთხსენებული ხელშეკრულების ფარგლებში, შეიქმნა ტარტუსის საზღვაო ბაზა, სადაც რუსი და სირიელი ჯარისკაცები ერთად მსახურობდნენ. ეს ურთიერთობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც გაგრძელდა. 2011–2012 წლებში, რუსეთმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც სირიას სხვადასხვა სანქციები ეკისრებოდა, ვეტო დაადო. 2015 წელს კი რუსეთი უშუალოდ ჩაერთო სირიის სამოქალაქო ომში სისტემის ძალების მხარეს, რამაც განაპირობა რეჟიმის სამხედრო წარმატება ოპოზიციონერთა წინააღმდეგ. შესაბამისად, რუსეთი არის სირიის რეჟიმისა და მისი მეთაურის, ბაშარ ალ-ასადის გადამრჩენელი. მარტივად რომ ვთქვათ, რასაც პუტინი იტყვის, იმას გააკეთებს ასადი.
შეგვეძლო, თუ არა მომხდარის თავიდან აცილება?
ცხადია, არ შეგვეძლო.
რას უნდა ველოდეთ ?
სირიამ რომ ე.წ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები აღიარა, არის ძალიან ცუდი პრეცედენტი. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთს საკმაოდ მყარად აქვს ფესვები გადგმული სხვა არაბულ (უფრო მეტად შიიტურ) ქვეყნებში. იმედია, ეს პროცესი შეუქცევადი არ გახდება და რუსეთის ფული, ან იარაღი არ უბიძგებს რომელიმე არაბულ ქვეყანას, სირიას მიბაძოს.
რა შეგვიძლია?
ყველა დიპლომატიური ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ, რომ სირია იყოს ერთადერთი და უკანასკნელი არაბული ქვეყანა, რომელმაც ე.წ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები აღიარა“, - წერს აღმოსავლეთმოცდნე ბექა ყორშია.