Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბასიანი, მოსკოვი და ხალხის მტრები


მგონია, თუმცა თავისუფლად შეიძლება ვცდებოდე, რომ დიდი მნიშნელობა არ ჰქონდა, „ბასიანის“ რეზიდენტები რუსეთში წავიდოდნენ თუ არა. იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ განსხვავებული აზრის მქონე ხალხის მაშინვე მოღალატეებად შერაცხვა გაცილებით დიდ ზიანს აყენებს საქართველოს, ვიდრე ის, რომელიმე დიჯეიმ რომ მოსკოვში დაუკრას.

მაგრამ, მოდი, ჯერ იქიდან დავიწყოთ, თუ ვინ დაიწყო ომი, საქართველომ თუ რუსეთმა.

მგონია, თუმცა თავისუფლად შეიძლება ვცდებოდე, რომ გაუთავებელი კამათი იმაზე, თუ „ვინ დაიწყო ომი“ უაზროა, კონტრპროდუქტიულია და ყველაფერში ძალიან გვიშლის ხელს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეგ დისკუსია საქმეს ისე წარმოაჩენს, თითქოს რამე იყოს საერთოდ საკამათო და ორი თანაბარი წონის არგუმენტი ეჯახებოდეს ერთმანეთს. ნორმალური ხალხი ვთანხმდებით, რომ ეგრე არაა. დაახლოებით ისეა, ფეისბუკზე ფაქტებით რომ ამარცხებენ იმ ხალხს, ვისაც დედამიწა ბრტყელი გონია.

(მეორეს მხრივ, აგერ პრეზიდენტობის კანდიდატი გვყავს, რომელსაც „დედამიწა ბრტყელი გონია“. ასე, რომ იქნება მაინც საჭიროა მაგაზე კამათი?)

კიდევ მგონია, რომ ეგ დისკუსია ომის დაწყებაზე ძალიან მომართავს ყველას ყველაფრის შავად და თეთრად დასანახად. (იმიტომ რომ ეგ საკითხი - ომის დაწყებაზე - მართლა შავი და თეთრია). მაგრამ, არის სხვა საკითხებიც, სადაც, მგონია რომ შავად და თეთრად არ არის საქმე და ყველა, ვინც სხვანაირად ფიქრობს, ქვეყნის მოღალატე არ არის.

მაგალითად: შეიძლება თუ არა, რომ „ბასიანის“ რეზიდენტები მოსკოვში წავიდნენ? უნდა გამოაქვეყნოს თუ არა რადიო თავისუფლებამ ოკუპირებული ცხინვალიდან მიღებული მასალები? აქვს თუ არა უფლება ზურა ჯიშკარიანს ოკუპირებული აფხაზეთის დროშიანი მაისური ჩაიცვას? ზოგადად, აქვს თუ არა ვინმეს უფლება ქვეყნისთვის მტკივნეულ საკითხებზე თავისი აზრი ჰქონდეს და ამის გამო მაშინვე მოღალატედ არ გამოვაცხადოთ?

მგონია, თუმცა თავისუფლად შეიძლება ვცდებოდე, რომ არ იყო პრობლემა, ქართველი დიჯეები რუსეთში დაუკრავდნენ თუ არა. არა იმიტომ, რომ ორი რუსეთის არსებობის მჯერა. ან კულტურის და პოლიტიკის გამიჯნულობის. ჩემი აზრით მთავარი კონტექსტია. თუ ვინმე რუსეთში ჩადის და „მაია ლიუბიმაია დერჟავას“ მღერის, ან „მანსანკანზე“ შავტრაკა ქართველების სტერეოტიპებს ამყარებს, ან რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს უმღერის ან, რავი... ერთი წამითაც რომ მეფიქრა, რომ Kvanchi მოსკოვის კლუბში ხელს აღმართავდა და „ნახუი პალიწიკუ, დავაი დრუჟიწ“ ან რამე ეგეთს დაიყვირებდა მაგაზე მეც გული ამერეოდა.

თუ არა და... მოდი, ასე ვთქვათ, რუსეთში უამრავი (ათასობით? ათიათასობით?) ქართველი ჩადის სამუშაოდ. ზოგი ექიმია, ზოგი ზეინკალი და ზოგი ხარატი. ყველა გამყიდველი და მოღალატეა? მგონია, თუმცა თავისუფლად შეიძლება ვცდებოდე, რომ - არა. დაკვრაც და სიმღერაც ხომ პროფესიაა? და ხომ არის განსხვავება ამას:

და ამას შორის?

მგონია, თუმცა თავისუფლად შეიძლება ვცდებოდე, რომ დიდი განსხვავებაა.

ასევე მგონია, თუმცა თავისუფლად შეიძლება ვცდებოდე, რომ რადიო თავისუფლება სწორს აკეთებს, როდესაც ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები ჟურნალისტების მასალებს აქვეყნებს. არა იმიტომ, რომ რაც იქ წერია მართალია, არამედ იმიტომ, რომ ჩემი აზრით, უნდა ვიცოდეთ, რას წერენ იქ ჩვენი მოქალაქეები და რას კითხულობენ და რას ფიქრობენ.

ასევე მგონია, თუმცა თავისუფლად შეიძლება ვცდებოდე, რომ ზურა ჯიშკარიანმა ძალიან კარგად ახსნა, რატომ ეცვა „მშიბზიიანი“ მაისური. ჩემო პერიფრაზის ნაცვლად მისსავე სიტყვებს დავაკოპირებ: „თუ გვინდა თანაარსებობა ჩვენც უნდა ჩავიცვათ აფხაზური მაისურები და ვისწავლოთ აფხაზური ენა, ისევე როგორც მათ უნდა ჩაიცვან ჩვენები და ისწავლონ ჩვენი ენა. რო ისევ რუსულად არ მოგვიწიოს ერთმანეთში საუბარი. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ეს ტესტია: სისხლი გვწყურია თუ სიყვარული?“ ცდება? მე არა მგონია, მაგრამ შეიძლება ცდებოდეს. მაგრამ რა, გულწრფელი არ არის? ეგრე ფიქრობს და რა გააკეთოს, გაჩუმდეს?

მგონია, და ამაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ არავის გულწრფელად ნათქვამს და გაკეთებულს იმდენი ზიანის მოტანა არ შეუძლია, როგორც ბოლშევიკებივით ყველა საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანის ხალხის მტრებად და მოღალატეებად წარმოჩენას.

აი, მაგალითად, ბასიანზე და მოსკოვზე დაწერა სამსახურისკენ გზაში მომინდა. აზრების დალაგებას ვცილობდი და თან შინაგანი ხმა ჩამჩურჩულებდა - „ნიკო, გაატარე, გინდა ეხლა შენიანებმა გლანძღონ?“ (გაგიკვირდებათ, და ძალიან არ მიყვარს, როცა ჩემიანები მლანძღავენ. არც სხვისიანების ლანძღვაზე ვგიჟდები, მაგრამ იმათ რაღაცნაირად ვიკიდებ.) უკვე გატარებული მქონდა, როცა მეორე ხმამ მითხრა - თუ წერა გინდა და ლანძღვის გეშინია ჯერ, საღოლ შენ და მერე, საერთოდ კარგად გვქონია საქმე სუყველასო.

ჰოდა, ვიფიქრე, რომ მოსკოვში ჩასვლაზე უფრო დიდი პრობლემა ისაა, როდესაც ხმის ამოღება აღარ გინდა, იმიტომ რომ ჩაგქოლავენ. ჩემთვის რუსეთი ტანკებზე და ბომბებზე მეტად ამასთან ასოცირდება - ლენინიდან დაწყებული, პუტინით დამთავრებული - განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები რომ ხალხის მტრებად ცხადდებიან. ნაჯა იქნება ეს, ზურკინი, დილა თუ რადიო თავისუფლება.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG