Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი აეროპორტი ვაზიანის სამხედრო ბაზასთან - რა ვიცით მთავრობის ამ იდეის შესახებ?


ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორია
ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივნისს ისაუბრა მთავრობის „ამბიციურ გადაწყვეტილებაზე”, საქართველო „რეგიონში საავიაციო ჰაბი” გახადოს. პრემიერმა თქვა, რომ ამ მიზნის მისაღწევად ახალი აეროპორტის მშენებლობის იდეა განიხილება და ამისთვის იდეალური ადგილი „ვაზიანის ყოფილი აეროდრომია“. 

ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი და კარგად აღჭურვილი მრავალპროფილური სამხედრო ბაზა მდებარეობს, აქვეა ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ბაზაც, რომელიც არაერთხელ გამხდარა რუსეთის უკმაყოფილების საბაბი.

ამ კონტექსტმა და სხვა დაუზუსტებელმა დეტალებმა გააჩინა მოსაზრება, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული იდეის უკან სხვა მიზნები დგას. რადიო თავისუფლება ჰყვება, რა ეჭვები გაჩნდა ახალი აეროპორტის აშენების იდეის გაჟღერების პარალელურად და რა უმაგრებს მათ საფუძველს.

რა (არ) ვიცით ახალი აეროპორტის მშენებლობის იდეის შესახებ?

არც პრემიერსა და არც მთავრობის სხვა წევრებს არ უთქვამთ, რატომ ჩათვალეს, რომ ახალი აეროპორტისთვის საუკეთესო ადგილი ვაზიანია. არც ის განუმარტავთ, ეს ჩანაფიქრი როგორ აისახება თბილისთან ახლოს მყოფ ერთადერთ და ყველაზე სრულყოფილად აღჭურვილ სამხედრო ბაზაზე, რომელიც წლებია მასპინძლობს საერთაშორისო დონის სამხედრო სწავლებებს, ასობით სამხედროს მონაწილეობით.

ვიცით მხოლოდ ის, რომ:

  • ახალი აეროპორტის აშენების გეგმა მთავრობამ 2023 წელს უნდა შეადგინოს და იპოვოს არქიტექტურული კომპანია;
  • მშენებლობის დაწყება იგეგმება 2024 წელს, დასრულება - მშენებლობის დაწყებიდან 3-4 წელიწადში;
  • უახლოეს მომავალში დაიწყება ვაზიანის, როგორც ახალი აეროპორტისთვის განკუთვნილი ტერიტორიის ტექნიკური კვლევა. პირველ ასეთ სამუშაოს საკონსულტაციო კომპანია Airport Competence GmbH-ი ჩაატარებს. ესაა ავსტრიული კომპანია, რომელსაც, მათ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 60 ქვეყანაში 600-მდე პროექტი აქვს განხორციელებული.
  • თავდაცვის მინისტრი თვლის, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზა აეროპორტის მშენებლობის გამო არც გაუქმდება და არც ადგილს შეიცვლის. ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ სამხედრო ბაზისა და სამოქალაქო აეროპორტის თანაარსებობა ერთმანეთის სიახლოვეს შესაძლებელია.
  • ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ შესაძლებელია „კომბინირებული” აეროპორტის აშენება, რომელსაც სამოქალაქოსთან ერთად სამხედრო აეროპორტის „ოფციაც” [ფუნქცია] ექნება.
  • თბილისის აეროპორტის 200 კილომეტრის რადიუსში შეზღუდულია საერთაშორისო ფრენები 2027 წლამდე. ეს პირობა საქართველოს ხელისუფლებასთან გაფორმებული ხელშეკრულებით აქვს მიღებული კომპანია TAV-ს, რომელიც მართავს თბილისის აეროპორტს. ეს ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლამდე. GOOGLE MAP-ის მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვაზიანის ყოფილ აეროდრომამდე მანძილი 32 კილომეტრია.
  • ახალი აეროპორტის მშენებლობის იდეის გაჩენამდე პრემიერი 2022 წლის დეკემბერში ლაპარაკობდა ახალი ტერმინალების მოწყობაზე და თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე.

“იდეის იქით ჯერჯერობით არაფერი არ ვიცით და მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის. წარმოდგენა არ გვაქვს, რაზე ვლაპარაკობთ: რამდენად უფრო დიდი იქნება ახალი აეროპორტი, რამდენ ადამიანს და ტვირთს გაატარებს, რამხელა შეღავათს მოგვცემს მგზავრობის დროს, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, - და, რაც მთავარია, [ახალი აეროპორტის] ტერიტორიად შერჩეულია ადგილი, სადაც ყველაზე დიდი სამხედრო ბაზაა განთავსებული და არ ვიცით, რას აპირებენ ამ ბაზასთან დაკავშირებით”.

ვაზიანის ნატოს სტანდარტებით აღჭურვილი ბაზა, რომელიც დაკავშირებულია სარკინიგზო, საჰაერო და სამანქანო კვანძებთან, საომარი მოქმედების შემთხვევაში სტრატეგიული თავდაცვითი ობიექტია თბილისისთვის. ახლა აქ დისლოცირებულია მეოთხე მექანიზებული ბრიგადა - ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი, კარგად გაწვრთნილი და კარგად აღჭურვილი სამხედრო დანაყოფი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ამ ბრიგადის წევრები მონაწილეობდნენ როგორც საერთაშორისო მისიებში, ისე 2008 წლის ომში.

ვაზიანში სამხედრო სწავლებები, გარდა იმისა, რომ ქართველი ჯარისკაცებისთვის გადამზადების საშუალებაა, თანამედროვე დასავლური სამხედრო ტექნიკისა და იარაღის გამოყენებაში კვალიფიკაციის ამაღლების გზაცაა. მაგალითად, 2017 წელს მრავალეროვანი წვრთნისთვის “ღირსეული პარტნიორი” სწორედ ამ ბაზაზე მიიღეს გამოცდილება ქართველმა სამხედროებმა ამერიკულ ჯავშანტრანსპორტიორებ „სტრაიკერსა“ და გერმანულ ჯავშანტრანსპორტიორ „ბოქსერზე“. წვრთნაში ასევე მონაწილეობდა ამერიკული ტანკები - „აბრამსები“, ქვეითთა საბრძოლო მანქანები - „ბრედლი“ და C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი.

სამხედრო წვრთნა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ამერიკული "აბრამსების" მონაწილეობით. 18 მაისი, 2016 წელი
სამხედრო წვრთნა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ამერიკული "აბრამსების" მონაწილეობით. 18 მაისი, 2016 წელი

ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი იხსენებს, რომ 20 წელიწადი და მილიონობით ლარი დასჭირდა საქართველოს ვაზიანის ბაზისთვის ამ მნიშვნელობის და სიმძლავრის შესაძენად და ახლა შიშობს, რომ ახალი აეროპორტის მშენებლობის იდეა ამ სტატეგიულ სამხედრო ობიექტს საფრთხეს უქმნის: “ხელისუფლებამ უნდა გვითხრას, საიდან აპირებენ იმ უზარმაზარი სამხედრო რესურსის მოტანას, რაც შეიძლება იყოს საჭირო ვაზიანის სამხედრო ბაზის სხვაგან გადასატანად”.

აეროპორტის მშენებლობა თუ სამხედრო ბაზის გაუქმება?

თუკი საუბარი არ არის ვაზიანის სამხედრო ბაზის სხვა ადგილზე გადატანაზე, როგორც ამას მთავრობა ამტკიცებს, უპასუხო რჩება კითხვა - როგორ შეიძლება ორი სპეციფიკური სტრატეგიული ობიექტის - სამოქალაქო აეროპორტისა და სამხედრო ბაზის ერთმანეთის სიახლოვეს ფუნქციონირება.

“პირველი, და ჩემთვის მთავარი [პრობლემა] არის ის, რომ თავდაცვის სამინისტროს მტკიცების მიუხედავად, რომ სამოქალაქო აეროპორტი სამხედრო ბაზის ფუნქციონირებას ხელს არ შეუშლის, მე უბრალოდ გამოვრიცხავ [ამ ორი ობიექტის თანაარსებობას]. ყოფილი სამხედრო აეროდრომის ტერიტორია იმდენად ახლოს არის ბაზასთან, რომ გამორიცხულია იქ წვრთნების ჩატარება და ბაზასთან არსებული პოლიგონის გამოყენება”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი შაიშმელაშვილი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი და "სამოქალაქო იდეის" კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი.

“არ დაგავიწყდეთ, რომ იქ დგას სატანკო ქვედანაყოფი, საარტილერიო ქვედანაყოფი და მათი წვრთნები პატარა სივრცეში ვერ ჩატარდება”, - ამბობს გიორგი და ხსნის, რომ სამხედრო ბაზა არ არის მხოლოდ ჯარისკაცების განთავსების ადგილი და საერთაშორისო წვრთნების გარდა აქ ყოველდღიურად ტარდება სწავლებები, რომლებიც სამხედროებისთვის ყოველდღიური რუტინის ნაწილია. ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ყოფილ აეროდრომამდე მანძილი, GOOGLE earth-ის მანძილის მზომი ხელსაწყოს გამოყენებით, დაახლოებით 6 კილომეტრია.

2001 წლამდე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე რუსი სამხედროები რჩებოდნენ. საბჭოთა სამხედრო ბაზის მოდერნიზებასა დაა ტექნიკურ აღჭურვაში საქართველოს საწყის ეტაპზე, რუსული სამხედრო ნაწილების გასვლის შემდეგ, თურქეთი დაეხმარა, მომდევნო წლებში - ამერიკის შეერთებული შტატები.

ამ ბაზაზე ჩატარებული საერთაშორისო და ამერიკასთან ერთობლივი წვრთნების გამო რუსეთს არაერთხელ გამოუთქვას გაღიზიანება. ჯერ კიდევ 2009 წელს რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა “ღია პროვოკაცია” უწოდა საქართველოში ნატოს წვრთნების ჩატარებას.

2015 წელს, როცა ვაზიანში ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს “პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად” მიიჩნია და თქვა, რომ ალიანსის ეს ნაბიჯი შეიძლება გამხდარიყო „სერიოზული დესტაბილიზაციის ფაქტორი რეგიონში უსაფრთხოებისთვის“.

ვაზიანში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნას ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ესწრებოდა. გახსნის ცერემონიალზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით თქვა, რომ სასწავლო ცენტრის საქმიანობა არანაირად არ იქნებოდა მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ.

“ჩვენ გვგონია, რომ ეს რუსეთთან შეთანხმებული ამბავია. რუსებს ეს მოთხოვნა აქვთ უკვე ძალიან ბევრი წელია”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას “ქართული ოცნების” ოპონენტი, ოპოზიციური პარტია “ლელოს” წევრი თაზო დათუნაშვილი. “მიზანი არა ახალი აეროპორტის მშენებლობა, არამედ ვაზიანის სამხედრო ბაზის გაუქმებაა”, - ამბობს იგი.

ვაზიანის სამხედრო ბაზის ადგილის ცვლილება ან მისი როლის შემცირება ქვეყნის უსაფრთხოებაში, არასოდეს დამდგარა საჯარო დღის წესრიგში ბოლო დრომდე. რაც განიხილებოდა, იყო ვაზიანის სამხედრო აეროდრომის განახლება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ ტერიტორიის გამოთავისუფლება სამოქალაქო მიზნებისთვის, რა ტერიტორიასაც ახლა საქართველოს შეიარაღებული ძალები იყენებენ.

“ალექსეევკის აეროპორტს [თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - რ.თ.] აქვს ისეთი განვითარების პოტენციალი, რომ შეძლოს დღევანდელთან შედარებით ათჯერ მეტი მგზავრის და ათჯერ გაზრდილი ტვირთბრუნვის გატარება. შესაბამისად, გაურკვეველია, სად იყურებიან… თუ ეკონომიკურ ფაქტორს გამოვრიცხავთ, რჩება მხოლოდ ის, რომ მიზანი არის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის გადაყვანა იმ ტერიტორიიდან, სადაც ახლაა და გადაყვანაც, სავარაუდოდ, ნიშნავს ამ ბრიგადის დაშლას იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს ამ მასშტაბის სხვა სამხედრო ბაზა. ამ ბრიგადის დაშლა, შეგვიძლია ნამდვილად ვთქვათ, რომ არის პირდაპირ ეროვნული ინტერესების ღალატი”, - ამბობს თაზო დათუნაშვილი.

ეკონომიკური განვითარების არგუმენტით ახალი აეროპორტის სამხედრო ბაზის სიახლოვეს აშენება, სამხედრო საქმის სპეციალისტებისთვისაც არადამაჯერებელი არგუმენტია. გიორგი შაიშმელაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს მიდგომა, ეკონომიკურ განვითარებაში უსაფრთხოების კონტექსტის გაუთვალისწინებლობა, წინააღმდეგობაში მოდის როგორც საერთაშორისო დღის წესრიგთან, ასევე საქართველოს მთავრობის გაცხადებულ პოლიტიკასთან, რაც ტოტალური თავდაცვის პრინციპზე დგას.

“სიტყვების თამაშს” უწოდებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი განცხადებებს იმის შესახებ, რომ შესაძლებელია ორი სამხედრო და სამოქალაქო სტრატეგიული ობიექტის ერთმანეთის სიახლოვეს ყოფნა. მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ აეროპორტის აშენების შემთხვევაში ვაზიანის სამხედრო ბაზა ადგილზე დარჩება.

“ვაზიანი არ არის მხოლოდ სამხედრო აეროპორტი ან პატარა, მარტივი ბაზა. ეს არის მრავალპროფილიანი სრულფასოვანი სამხედრო ბაზა, რომელშიც აბსოლუტურად ყველაფერია გათვალისწინებული, შესაბამისად, შეუძლებელია სამოქალაქო აეროპორტი განთავსდეს ასეთ ბაზასთან”, - ამბობს თინა ხიდაშელი და გამოთქვამს ვარაუდს, რომ თუკი იმ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზა აეროპორტის პარალელურად დარჩება, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამხედრო ბაზის ფუნქციისა შეცვლის და შემცირების ხარჯზე.

გამოთქმული მოსაზრებებისა და შეშფოთების ფონზე, დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ თავდაცვის მინისტრი პარლამენტში დაიბარა თავდაცვის კომიტეტზე, პარლამენტარების კითხვებზე საპასუხოდ. ჯუანშერ ბურჭულაძემ აქუბარდიას მისწერა, რომ არ გამოკვეთილა “ვაზიანის ტერიტორიაზე სასწავლო პოლიგონის, მათ შორის საერთაშორისო სწავლებების შემაფერხებელი რაიმე ფაქტორი“. ამავე წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს ამ საკითხზე პარტნიორებთან “პასუხგაუცემელი საკითხები“ არ აქვს.

წერილი ფეისბუკზე თეონა აქუბარდიამ 26 ივნისს გაასაჯაროვა.
წერილი ფეისბუკზე თეონა აქუბარდიამ 26 ივნისს გაასაჯაროვა.

XS
SM
MD
LG